Accessibility links

logo-print
ირმა შიოლაშვილი უკვე დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს. თავის დროზე სასწავლებლად წასული, იქვე დაოჯახდა და დარჩა. ლექსებს ადრეული ბავშვობიდან წერდა, რამდენიმე პოეტური კრებული საქართველოშივე დასტამბა, შარშან კი გამომცემლობა ,,საუნჯემ“ მისი ახალი წიგნი გამოაქვეყნა, რომელიც ირმა შიოლაშვილის წინანდელი ნამუშევრებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ამ ლექსებში კარგად შეერწყა ერთმანეთს ირმას ქართული და გერმანული გამოცდილება და, ვფიქრობ, უაღრესად საინტერესო პოეტური სინთეზი მივიღეთ. ამ მხრივ ეს წიგნი შეიძლება სამაგალითო იყოს პოეტების იმ თაობისათვის, ვისაც მსოფლიო პოეზია მხოლოდ თარგმანში აქვს წაკითხული და, ამის მიუხედავად, ცდილობს, ევროპული პოეზიის ახლებური ტენდენციები ქართულ ნიადაგზე დაამკვიდროს. ეს მცდელობები ზოგჯერ წარმატებით, უფრო ხშირად კი მარცხით თავდება ხოლმე, იმიტომ რომ ავტორებს არასათანადოდ აქვთ გააზრებული ის ლიტერატურული კონტექსტიც, საიდანაც ამ სიახლეებს ექაჩებიან, და მშობლიური ლიტერატურის ნიადაგიც, სადაც სწადიათ სიახლე, ძირითადად, ბრმად და ალალბედზე დაამკვიდრონ.
სიტყვა - აი, ირმა შიოლაშვილის პოეზიის მთავარი ლირიკული გმირი. მისთვის სიტყვა არა მხოლოდ საშენი მასალა და იარაღია, არამედ მისი პარტნიორი, მისი საყრდენი, თავშესაფარი და მესაიდუმლე...

ირმა შიოლაშვილის ლექსებში კი ჩანს ორივე ამ მიმართულების არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გააზრება, რაც, საბოლოოდ, მის პოეზიას განუმეორებელ თვითმყოფადობას ანიჭებს. ყველა სიახლე, რაც ირმას ქართულ ნიადაგზე გადმოაქვს, ამ კომპონენტთა ცოდნითა და, რაც მთავარია, ფაქიზი გემოვნებით არის მოტივირებული.

თანაც, ირმა უწინდებურად დარჩა პოეტური ხატის, როგორც პოეზიის უმთავრესი საფუძვლის, ერთგული, ოღონდ შედარება-მეტაფორა მის ამ ლექსებში უკვე უბრალო სამკაულად კი არა, ერთგვარ ხერხემლად გვევლინება, რომელზედაც ასხმულია მთელი ლექსის შინაგანი სამყარო, პოეზიის ემპირიული, ინტელექტუალური და ინიციაციური დონეებით.

თვითონ ირმა თავისი ლექსების შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:

,,საერთოდ, ყველა წიგნი მნიშვნელოვანია ავტორისთვის, მაგრამ არსებობენ წიგნები, სადაც სათქმელს ერთი ამოსუნთქვით ამბობ და თან გრძნობ, რომ ეს მარტო ერთი ამოსუნთქვა არ არის, სათქმელის ახალი ტალღაა წამოსული, და ეს ტალღა და ეს სათქმელი ჰგავს და არც ჰგავს აქამდე დაწერილს და ნათქვამს. ამ წიგნში შესული ლექსები დიდი დუმილის შემდეგაა დაბადებული. როგორც ჩანს, პოეტის შინაგან გზებზე დუმილის დროსაც იზრდება სათქმელი...“

დუმილის დროს ამოზრდილ ამ სათქმელს ირმა შიოლაშვილმა ძალზე ადეკვატური ფორმა მოუძებნა და ამიტომაც წიგნი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. მნიშვნელოვანია, რომ ემიგრაციაში ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ ირმა შიოლაშვილმა შეინარჩუნა ქართულ ენასთან ძალზე ემოციური და ცოცხალი დამოკიდებულება და მისი ლექსები ენობრივი თვალსაზრისითაც უაღრესად საინტერესოა.

პოეტი და ლიტერატურის მცოდნე ბელა ჩეკურიშვილი ირმა შიოლაშვილის კრებულის ბოლოთქმაში აღნიშნავს: ,,სიტყვა - აი, ირმა შიოლაშვილის პოეზიის მთავარი ლირიკული გმირი. მისთვის სიტყვა არა მხოლოდ საშენი მასალა და იარაღია, არამედ მისი პარტნიორი, მისი საყრდენი, თავშესაფარი და მესაიდუმლე“...

ირმა შიოლაშვილი

ირმა შიოლაშვილი

ქართულ ლიტერატურაში, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, გვაქვს ევროპაში -კერძოდ, იმავე გერმანიაში - დამკვიდრებული ჩვენი მწერლების შემოქმედებითი აქტიურობის მაგალითები.

ბევრჯერ უცხო ენობრივ გარემოში ხანგრძლივი ყოფნა ამ მწერალთა შემოქმედებაზე უარყოფითად აისახა - დაინგრა ქართული სინტაქსი და ენის ბუნებრივი, უშუალო მდინარება ყალბმა თეატრალურმა პათეტიკამ შეცვალა.

შესაძლოა, აქ უცხოეთში ცხოვრება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მაშინდელი ლიტერატურული მოდა, რომელიც მწერლისაგან ერთგვარ პათეტიკას მოითხოვდა.

ირმა შიოლაშვილი კი, პირიქით, ამ ბოლო კრებულში ცდილობს მოიცილოს ყოველგვარი ზედმეტი ინტონაცია და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ენას დაუახლოვდეს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ხდება ლექსიკის გაღარიბების ხარჯზე. აქ სიზუსტე მთავარი პირობაა: ზუსტი სიტყვები ზუსტი გრძნობებისათვის, რომელთა კიდეების მონიშვნა პოეზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.

ირმა მთის შვილია, ბუნებაში გაზრდილი და მის ყველანაირ სიკეთეს ბალღობიდან ნაზიარები. ამიტომაც თანამედროვე ევროპულ ქალაქში ცხოვრება მასში, როგორც ჩანს, ბუნებრივად წარმოშობს კონფლიქტის საფუძველს, საიდანაც უკვე ურბანული გარემოს პირმშო მისი ახალი ლექსები ამოიზრდება.

ავტორი ხმამაღლა მაინცდამაინც არც ნოსტალგიაზე საუბრობს, მაგრამ ყველა ლექსში ჟონავს პოეტის წუხილი მშობლიური გარემოდან მოწყვეტის გამო. ქვეცნობიერად, ეგებ ამ წუხილის გამოხატულება იყოს ირმას წიგნში ლექსების, აშკარად თვალშისაცემი, ლექსიკური სიმდიდრე, რაც მას თავისი თანამედროვე, საქართველოში მცხოვრები ავტორებისაგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.

ირმას ლექსები ძალზე ქართულია, მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ევროპელი მკითხველისთვისაც.

გერმანელი მთარგმნელი და ლიტერატურის მცოდნე აგნეს გისბრეჰტ-გოსენი, რომელმაც ირმა შიოლაშვილის ლექსები 13 წლის წინ რუსული თარგმანის მეშვეობით წაიკითხა, დაინტერესდა და შემდგომ გერმანულადაც თარგმნა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:

აგნეს გისბრეჰტ-გოსენი

აგნეს გისბრეჰტ-გოსენი

ირმა შიოლაშვილის ლექსები ძალიან ღრმაა და სახეებით სავსე. ერთ ლექსში, „ფითლების ხიდი“, პოეტი წერს: „შუაში ფოთლების ხიდია, ბატონო, და ხიდზე თვლემაა რაღაცა მარადის... ბატონო, მე ვიწყებ უაზრო ხეტიალს და ყველა მარტოსულს ჩემს წრეში ვუხმობ“. ფოთლების მოტივია, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობით მეორდება მის ლექსებში.

ირმას ლექსები მის თვალებს ჰგავს, ორ დიდ შავ ტბას, რომლებიც ბავშვური ცნობისმოყვარეობით და ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით აღიქვამენ, შეისრუტავენ სამყაროს და შემდეგ ლექსებად გადმოსცემენ. ამიტომ მისი ლექსები ადამიანმა ორ-სამჯერ უნდაწაიკითხოს, რათა მის თვალებში ჩაძირული ძველი ქართული მითებისა და ლეგენდების სიმდიდრე აღიქვას და შეიცნოს“.


ოღონდ სრულიად არამითიურია ირმა შიოლაშვილის პოეტური სამყარო. ის თავის თავზე წერს, თუ მაინცდამაინც, თავის ,,მითოსს“ ქმნი, სამშობლოდან შორს მცხოვრები ადამიანის საგას, სადაც ორი სამყარო, ორი ტიპის ემოციური და ესთეტიკური ღირებულებები ერთმანეთს ერწყმის. ამ შერწყმის სიამოვნებაცა და ტრაგიზმიც ირმას შესანიშნავად აქვს მოხელთებული.
XS
SM
MD
LG