Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე


15 ნოემბრის დილას ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 30-მდე სავაჭრო ობიექტი მთლიანად გაანადგურა. დამწვარია ბაზრობის 500 კვადრატული მეტრი ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ საქონელი, რომელიც მათ ხანძრის შედეგად დაკარგეს, დაზღვეულია და ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სადაზღვევო კომპანიები ზარალს სრულად აანაზღაურებენ. ”ლილო მოლის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დამწვარი ობიექტების აღდგენა ექსპერტების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.

25 ჰექტარზე გადაჭიმულ ლილოს ბაზრობას თითქოს არც დასტყობია 30-მდე მცირე სავაჭრო ობიექტის დაწვა. ლილოს ბაზრობა ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას. ვიღაც ყიდის, ვიღაც ყიდულობს, ვიღაც, უბრალოდ, ათვალიერებს. თუმცა, თუკი საბითუმო სექტორისკენ გაუყვებით ცუდად დაგებულ ასფალტს, აუცილებლად იგრძნობთ ნამწვავის სუნს, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მატულობს. ჭვარტლის სუნი აქვს დახლებზე გამოფენილ ნაირ-ნაირ საქონელს, რომელთა ნაწილს ქარი აფრიალებს. თუმცა სავაჭრო თოკებზე გაკიდებულ ფერად-ფერად ქუდებს, საცვლებსა და მათ პატრონებს რა უჭირთ! - ცეცხლის ალი, რომელიც საბითუმო სექტორში დილის 7 საათზე გაჩნდა, მათ ვერ მისწვდა. სამაგიეროდ, თუკი რამდენიმე დახლს იქით გადაინაცვლებთ, ნანგრევებში, ფერფლსა და დანახშირებული ტანსაცმლის გროვაში ამოყოფთ თავს. საბითუმო სექტორის ორი რიგი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. მოვაჭრეები, რომელთა უმეტესობა აზერბაიჯანელები არიან, ყოფილი დახლების წინ დგანან, სხედან, ტირიან, ჰყვებიან და ზარალის დათვლას ცდილობენ.

პესნიონერი ფატიმა ჰუსეინოვა წლებია ვაჭრობით ირჩენს თავს. ახალი საქონელი, რომელიც 15 ნოემბრის დილას მთლიანად დაეწვა, ორი დღის წინ გამოიტანა დახლზე. ფატიმას ხელში ინგლისის დროშით გაფორმებული თეთრი მაისურის ნარჩენები უჭირავს:
ყველაფერი დაიწვა. მეხანძრეებმა ცოტა დააგვიანეს. ცოტა, ბევრი არ დაუგვიანიათ. სახანძროები რომ არ ყოფილიყო, ცეცხლი სხვაგანაც გავრცელდებოდა...

”აი, ნახეთ, ყველაფერი დაიწვა. ახლა რა უნდა ვქნათ?! მოვედით, რაღაც სუნი გვეცა. გავხედეთ, ქარიც ქროდა. იქით ვეცით, აქეთ ვეცით, მოკლე ჩართვა იყო, რა. აქედან, იქიდან, ყველა მხრიდან ცეცხლი იყო. აი, გუშინ შემოვიტანე ახალი საქონელი. აი, ეს ჯემპრი 20 დოლარიანია. 15 ათასი დოლარის საქონელი მქონდა. ყველაფერი დაიწვა. ნახე”...

სიარული ჭირს ტალახში მოფენილ ჯინსის შარვლებზე, მაისურებზე, ხალათებზე, საცვლებზე, მანეკენებზე... უფრო ზუსტად, მათ ნარჩენებზე. ფეხი ცურავს. გაწყვეტილ ყვითელ ლენტს, შავი წარწერით, DO NOT CROSS, ანუ ”არ გადაკვეთოთო”, ქარი აფრიალებს. რაღაცნაირად გერიდება სიარული დამწვარ ტანსაცმელზე, თეთრეულზე. მათი გამყიდველები იქვე სხედან, თუმცა სულაც არ უშლის მათი იქ ყოფნა რამდენიმე ქალს, რომლებიც ნამწვავებში გადარჩენილ საქონელს ქექავენ და თუკი შემთხვევით რამეს აღმოაჩენენ, იღლიაში იჩრიან და მიდიან.

ვაქირ აშიროვი საკუთარი მაღაზიის წინ დგას. ჩივის, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარი, სალარო აპარატიც კი დაიწვაო:

”ყველაფერი დაიწვა. მეხანძრეებმა ცოტა დააგვიანეს. ცოტა, ბევრი არ დაუგვიანიათ. სახანძროები რომ არ ყოფილიყო, ცეცხლი სხვაგანაც გავრცელდებოდა. ყველაფერი დაიწვებოდა. აი, ნახეთ, ტანსაცმლის შეკვრები სულ განადგურდა. რაც გვქონდა, ყველაფერი დავკარგეთ”...

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
გადმოწერა

ლილოს ბაზრობის დამწვარი ობიექტების გამყიდველები გვეუბნებიან, რომ ისინი ყოველთვიურად საქონლის დაზღვევის თანხას - 30 ლარს - იხდიან. ზაზა გელაშვილი, საშუამავლო კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მოვაჭრეების ინტერესებს წარმოადგენს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ზარალს ითვლიან, რის შემდეგაც მოვაჭრეებს ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ ხანძრისგან მიყენებული დანაკარგი:
სერიოზულად იმუშავეს სახანძრო სამსახურებმა. მათი დამსახურებაა, რომ, მიუხედავად ძლიერი ქარისა, ხანძარი უფრო ვრცელ ტერიტორიაზე არ გავრცელდა და არც დაშავებულა ვინმე...
ვიქტორ აშიროვი

”მოსულია ექსპერტი, ვადგენთ ზარალის ოდენობას და, შესაბამისად, ყველას აუნაზღაურდება მიყენებული ზიანი. მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი. პირველ რიგში, გამოძიება უნდა დასრულდეს. კანონმდებლობა გვთხოვს, რომ სანამ გამოძიება არ დაადგენს ზარალის ოდენობას, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ამიტომ, როგორც კი გამოძიება მორჩება, დადგინდება სრული ზარალის ოდენობა, მაშინვე ყველა მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას”, - ამბობს ზაზა გელაშვილი.

”ლილო მოლის” გენერალურ დირექტორს გიორგი კვარაცხელიას ამ ეტაპზე უჭირს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბარი. თუმცა, მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ხანძარი მოკლე ჩართვის შედეგიც კი იყოს. გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ სავაჭრო ფართების აღდგენას ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასრულებისთანავე დაიწყებს:

”სერიოზულად იმუშავეს სახანძრო სამსახურებმა. მათი დამსახურებაა, რომ, მიუხედავად ძლიერი ქარისა, ხანძარი უფრო ვრცელ ტერიტორიაზე არ გავრცელდა და არც დაშავებულა ვინმე. რაც შეეხება საქონელს, საბედნიეროდ, მოვაჭრეებს საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზღვეული ჰქონდა და სადაზღვევო კომპანია ამ ზარალს აანაზღაურებს. რაც შეეხება მაღაზიებს, როგორც კი შემსწავლელი კომისია დაასრულებს მუშაობას, ჩვენ მათ აღდგენას დავიწყებთ”, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ ლილოს ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2008 წლის დეკემბერში ხანძარმა 1500 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. მაშინ ცეცხლი საახალწლო მაშხალების საწყობში გაჩნდა და შემდეგ ის ბაზრობის ტერიტორიაზე ქარმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG