Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკიავიჩუსი: „უკრაინა ტესტია ჩვენი ერთიანობისთვის“


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი აცხადებს, რომ უკრაინაში ადგილი აქვს საგარეო აგრესიას რუსეთის მხრიდან, სახელმწიფოს მხარდაჭერის დონეზე, რასაც დასავლეთმა დროულად და ადეკვატურად, უნისონში მოქმედებით უნდა უპასუხოს. პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში სტუმრად მყოფმა ლინკიავიჩუსმა რუსულენოვან სატელევიზიო გადაცემა „რეალურ დროს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა უკრაინის კრიზისის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ დასავლეთის საპასუხო ნაბიჯების თაობაზე. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი, პირველ რიგში, უნდა იყოს მტკიცე და პრინციპული რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიმართ და ბოლომდე აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამ კონტექსტში ლინას ლინკიავიჩუსმა გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, როგორც დასავლეთის არათანამიმდევრული მიდგომის მაგალითი:

„ვიხსენებ 2008 წლის აგვისტოს ომს, ბრძოლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, დაუშვებელია ასეთი რამეების კეთებაო. დასავლეთის მხრიდან, ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნები და კარგი დოკუმენტებიც იყო მიღებული იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს, რომ აღდგენილიყო დიალოგი და ვითარება ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა. მაგრამ არც ერთი ეს მოთხოვნა, სურვილი თუ თხოვნა არ შესრულებულა. ამიტომაც ვლაპარაკობ თანმიმდევრულობაზე. და რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს მეორდება, თუ ორი თვის შემდეგ ჩვენ ისევ ვიმეგობრებთ?“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის კრიზისს უწოდებს „ტესტს დასავლეთისათვის“ და მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქმედებას ევროპისა და ნატოს ქვეყნებმა მტკიცე პოზიციით უნდა უპასუხონ და არ უნდა იჩქარონ ურთიერთობის „გადატვირთვა“:

„თუ ვფიქრობთ, რომ რბილად უნდა ვუპასუხოთ, უკან უნდა დავიხიოთ და მეორე მხარეც იმასვე იზამს, მე ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს არ არის სწორი. ეს (რუსეთის მხრიდან) შეფასდება როგორც სისუსტე ანდა მოწოდება, რომ გააგრძელოს, რასაც სჩადის“.

ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად, გაიზარდა ბალტიისპირეთის დაცულობა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის პირობებში. თუმცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც ვერ გრძნობს თავს კარგად მის მეზობლად მიმდინარე პროცესების გამო. ლინას ლინკიავიჩუსი აცხადებს, რომ შესაბამისი ანგარიში უნდა გაეწიოს ასევე რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას, რომლის გასანეიტრალებლად დასავლეთის საპასუხო ნაბიჯები ძალიან არაპროფესიულად გამოიყურება:

„ზოგჯერ ეს არასწორად ფასდება. იცით, ყველა ჩემი კოლეგა ვერ აფასებს კარგად პროპაგანდის ძალას. სადაც უნდა იყოს ეს, -უკრაინაში თუ, განსაკუთრებით, რუსეთში, - საჭიროა არსებობდეს ინფორმაციის საშუალება. ეს, მართლაც, ძალიან ძნელია. ესე იგი საჭიროა შეიქმნას პირობები, როდესაც ასეთი საშუალება გაჩნდება. ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ, რადგან საქმე გვაქვს არა, უბრალოდ, მედიასთან - არა, ეს არის პროპაგანდა, ძალიან მძლავრი მანქანა. მის უკან დგას დიდი ფული, ჩვენ კი ზოგჯერ ვიქცევით მოყვარულებივით, რაც ყოველთვის არ ამართლებს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG