Accessibility links

logo-print
გამომცემლობა "ინტელექტის" ამ საინტერესო სიახლეზე უკვე მქონდა ჩემს გადაცემაში საუბარი, როდესაც ედგარ პოს ცნობილი "ყორანის" 21 ქართული თარგმანი გამოვიდა გივი ბოჯგუას რედაქციით და კომენტარებით. შარშან დაწყებულ ამ სერიას რამდენიმე თვის მანძილზე კიდევ არაერთი ასეთი კრებული დაემატა და დღეს უკვე ათამდე "ერთი ლექსის ანთოლოგია" გვაქვს ქართულ ენაზე. ედგარ პოს გარდა, რედაქტორებმა და გამომცემლებმა ვიიონის, შექსპირის, გოეთეს, უიტმენის, კიპლინგის, პასტერნაკისა და ცვეტაევას თითო ლექსის ყველა თარგმანი შეაგროვეს და მკითხველს წარუდგინეს ისინი.

ერთ-ერთი ასეთი მცირე ანთოლოგიის შემდგენელია ჩემი დღევანდელი სტუმარი თამარ კოტრიკაძე. მან უოლტ უიტმენის ძალიან ცნობილი ლექსის - "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო..." - ქართულ თარგმანებს მოუყარა თავი. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, თამარს ვთხოვე ორი სიტყვა ეთქვა ამ ტიპის გამოცემების მნიშვნელობაზე:

"ჩემი აზრით, ეს სერია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის მასობრივი მკითხველისთვის გათვალისწინებული. ეს უფრო პოეზიის მოყვარულთათვის, მე ვიტყოდი, გურმანებისთვის არის, ვისაც ამ ლექსის, რომელიმე საყვარელი ლექსის წიაღში, მის მხატვრულ სამყაროში შესვლა აინტერესებს, სხვადასხვა თარგმანების შედარება, ასე ვთქვათ, ლიტერატურული კირკიტი."

ტატამ კირკიტთან ერთად გართობაც ახსენა და, ბოლოს, ანთოლოგიების აკადემიურ მნიშვნელობაზეც ჩამოაგდო სიტყვა:

"მეც, გარკვეულწილად, მივიღე მონაწილეობა რამდენიმე ასეთი კრებულის შედგენაში და ეს ჩემთვის იყო ძალიან სახალისო ლიტერატურული თამაში და, მე მგონია, ბევრი მკითხველისთვისაც ასევე ძალიან სახალისო და მნიშვნელოვანი იქნება. მეორე მხრივ, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს ამ კრებულებს, მე ასე მგონია. ვთქვათ, რომელიმე აკადემიური კურსი, ვთქვათ, თარგმანის თეორიის თუ პრაქტიკის კურსი რომ წაიყვანოს ვინმემ, ეს იქნება ძალიან კარგი მასალა, უბრალოდ, მომავალი მთარგმნელებისთვის, ვინც სწავლობს მხატვრულ თარგმანს და, ამგვარად, ძალიან საინტერესო კრებულებია."

შექსპირის 66-ე სონეტის ანთოლოგია პაატა ჩხეიძემ შეადგინა და აქ, ცხადია, ყველაზე პოპულარული, რეზო თაბუკაშვილის თარგმანი ლიდერობს, თუმცა არის სტროფები, რომლებიც სხვა ავტორებთან უფრო ზუსტადაა გადმოტანილი და ეს გვეხმარება მთლიანობაში დავინახოთ ლექსი. ცხადია, ლექსის გასაგებად მხოლოდ მისი დედნის წაკითხვაც შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ გაცილებით დიდი სიამოვნებაა, როდესაც ათ, ოც ან სამოცდაათ სხვადასხვა ვარიანტს - შესაბამისად კი, განსხვავებულ ხედვას - ეცნობი და ადარებ ერთმანეთს. მაგალითად, მე-9 სტროფი თაბუკაშვილთან ასე ჟღერს: "რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს", გაჩეჩილაძესთან ეს სტროფი უფრო ზუსტადაა გადმოტანილი - "და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა", ეს უმნიშვნელოვანესი პასაჟი ზოგიერთ თარგმანში, სამწუხაროდ, მთლიანად დაკარგულია. აქვე დარწმუნდებით, თუ რამდენად მომგებიანია, პოეტური თვალსაზრისით, რევაზ თაბუკაშვილის გადაწყვეტილება, დედნისეული And "რადგანით" გადმოეტანა და რატომაა გაჩეჩილაძის თარგმანი ცოტათი უფრო ახლოს დედნის რიტმულ სურათთან.

სხვა საქმე იყო ფრანსუა ვიიონის ცნობილი ოთხტაეპედი, რომლის თხუთმეტი ქართული თარგმანია წარმოდგენილი წიგნში. სამწუხაროდ, დედნის რიტმი და რითმა არც ერთ ქართულ თარგმანში არაა დაცული, თუმცა მათ შორის ზოგიერთი ძალიან სხარტია და მოქნილი. სამწუხაროდ, შემდგენლის, დალი იაშვილის მიერ საუკეთესოდ აღიარებულ თარგმანებში (დავით წერედიანის, ოთარ ჭილაძის, მურმან ლებანიძის და ვახტანგ ჯავახაძის თარგმანებში) ყველგან დაკარგულია კატრენის მეორე, არცთუ უმნიშვნელო სტრიქონი, სადაც ავტორი ორ გეოგრაფიულ ადგილს ასახელებს - პარიზს და პონტუაზს.

გოეთეს "მგზავრის ღამეული სიმღერის" ნიმუშებს გურამ ჭოხონელიძემ უკვე მოუყარა ერთად თავი 2002 წელს, თუმცა 10 წლის შემდეგ თარგმანების რაოდენობა კიდევ შეივსო და 70-მდე ავიდა.

უოლტ უიტმენის თარმანების შედგენაზე თამარ კოტრიკაძე მუშაობდა:
"ეს უკვე ლეგენდარული ლექსია, ამერიკის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ეძღვნება, აბრაამ ლინკოლნის მკვლელობაზეა შექმნილი და ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიაა აქ, ჰეროიკული, დემოკრატიული იდეებითაა დაწერილი. თუმცა ეს ლექსი, თავისი მხატვრული ფორმით, შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს დღევანდელი მკითხველისთვის. ისეთი, კლასიცისტური პოეზიაა, სათარგმნადაც თითქოს არ არის ისეთი საინტერესო, მაგრამ მე შევეცადე ჩემს ბოლოსიტყვაობაში იმაზე მესაუბრა, თუ რატომ შეიძლება გახდეს წინა საუკუნეების მხატვრული ნაწარმოები საინტერესო დღევანდელი მკითხველისთვის."

ამ ბოლოსიტყვაობაში აღმოვაჩინე, რომ მე და შემდგენელს აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს, რადგან მე უფრო მედეა ზაალიშვილის თარგმანი მომეწონა, განსაკუთრებით მეორე და მესამე სტროფი, ასევე ზვიად გამსახურდიას, ნინო დოლიძისა და ირაკლი კაკაბაძის თარგმანებიდან გამოვყოფდი ერთი-ორ მონაკვეთს.

რედიარდ კიპლინგის "თუც" თხუთმეტი თარგმანითაა წარმოდგენილი და იგი მედეა ზაალიშვილმა შეადგინა. მურმან ლებანიძის პწკარედიდან თარგმნილ ამ ლექსს, მე მგონი, ისედაც კარგად ვიცნობდით ყველანი, ამიტომ ყველაზე მეტად მაია ნათაძისა და ქარდა ქარდუხის თარგმანმა ჩამითრია. სხვათა შორის, წიგნში არ არის შესული ჩემი ძველი მეგობრის, ახლანდელი ჯანდაცვის მინისტრის და ყოფილი ელჩის, მაშინ კი ჟურნალისტის და ყოფილი ლოგიცისტის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ შესრულებული თარგმანი, რომელიც მან 1998 წელს გადმომცა ფურცელზე ამობეჭდილი. მაშინ მე და ზურა ერთად ვმუშაობდით "საქართველოს გაზეთში". ეს თარგმანი არსად გამოქვეყნებულა და, ეტყობა, შემდგენლებმა არ იცოდნენ მისი არსებობის შესახებ.

ასეთ კრებულებში ძალიან კარგად ჩანს, თუ რისი გაწირვა შეიძლება დიდი პოეზიის გადმოსაცემად, უფრო სწორად კი, იმისთვის, რომ ეს დიდი პოეზია ახლიდან იშვას. ცხადია, თარგმანში ყველაფერი ზუსტად ვერ გადმოვა და აქ იწყება მთარგმნელთა ენობრივი ფათერაკებითა და გაბედულებით სავსე მცირე თავგადასავლები, რასაც დაკვირვებული მკითხველი ყოველთვის ზუსტად ამოიკითხავს. თანაც, საინტერესოა ამ კრებულების თითოეული შემდგენელი როგორ უდგება ზოგადად თარგმანს და რას ანიჭებს უპირატესობას. კარგია, რომ ყველა ამ კრებულს სხვადასხვა რედაქტორი ჰყავს: ერთი მკაცრია, სხვა შედარებით ლმობიერი, ზოგს ზედაპირული შთაბეჭდილებები ეპარება, სხვები კი ზედმიწევნით ზუსტები არიან, ვიღაც საზომს და რიტმს არ აქცევს ყურადღებას, სხვა კი დიდ ადგილს უთმობს ამ საკითხს. მაგალითად, ზაზა აბზიანიძის მიერ შედგენილ პასტერნაკის "ზამთრის ღამეს" და მარინა ცვეტაევას "მე მომწონს" ძალზე საინტერესო ვრცელი ესეები აქვს წამძღვარებული, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ლექსების ბიოგრაფიული პლანი, რეალური ქვეტექსტები და ა.შ. სამაგიეროდ, ამ შესანიშნავ ესეებში არ დარჩა ადგილი მთარგმნელთა ნამუშევრების ანალიზისა და შედარებისთვის.

რა თქმა უნდა, კრებულებში არის კურიოზული თარგმანებიც, ეს კი ცალკე სახალისოს გახდის პოეზიის მოყვარულთა ძიებებს. ეგ კი არა, ზუსტად ვიცი, ზოგმა შეიძლება მხოლოდ გასართობად შეიძინოს ანთოლოგიები. აი, მაგალითად, ცვეტაევას ცნობილი ლექსის პირველი სიტყვები, "მე მომწონს", ზოგმა თარგმნა - მხიბლავს, სხვამ - მიხარია, და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი თარგმანი ასეც იწყება - "რა ვუყოთ, რომ ჩემით არ ხართ ავად."

როგორც ვატყობ, "ინტელექტი" კიდევ არაერთ ასეთ კრებულს შემოგვთავაზებს, მათ შორის, თამარ კოტრიკაძის მიერ შედგენილ რილკეს ერთ ლექსსაც:
"მე პირადად მინდა შევაგროვო, როგორც გერმანისტმა, რაინერ მარია რილკეს ერთ-ერთი ასევე ძალიან ცნობილი ლექსის თარგმანები. ლექსს ეწოდება "ავაზა" და ეს, სხვათა შორის, ის შემთხვევაა, როდესაც ლექსი არ არის ყველაზე კარგი რილკეს ლექსებს შორის, მაგრამ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რადგანაც გამოხატავს რილკეს რაღაც ესთეტიკურ წარმოდგენებს, სამყაროს მისეულ ჭვრეტას და ა.შ. მოკლედ, ეს პროექტი გრძელდება და ძალიან საინტერესო კრებულები გამოვა, ჩემი აზრით."

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG