Accessibility links

მიმდინარე კვირაში ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა მეხუთე ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს უმასპინძლა. 18-მდე უცხოელი გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერები, რედაქტორები და ჟურნალისტები ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს ქართველ კოლეგებთან და ქართული ლიტერატურის თარგმანის მეშვეობით უცხოეთში პოპულარიზაციასა და, ზოგადად, ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე მსჯელობდნენ. როგორც ფორუმ- დიალოგის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი ერთგვარად მოსამზადებელი ეტაპია ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობის წინ, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

კონტაქტი - ამ სათაურის ქვეშ შეიძლება გაერთიანდეს ღონისძიებებით დატვირთული ოთხი დღე, რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი. ამ დღეებში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების, ლიტერატურის კრიტიკოსების, გამომცემლებისა და რედაქტორების მიერ არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა და მათზე პასუხებიც მოვისმინეთ. ეს ერთმანეთის გაცნობის, დანახვისა და, როგორც დრამატურგი დავით გაბუნია ამბობს, ერთმანეთისადმი დამოკიდებულების გაჩენის დღეები იყო. ამ დამოკიდებულების გარეშე ერთმანეთზე წერა შეუძლებელია. ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი კოლეგების შეხვედრის ამ პლატფორმას საქართველოში, უკვე ტრადიციულად, წიგნის ეროვნული ცენტრი მასპინძლობს. მისი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არის კონტაქტი ბარიერების გარეშე. ეს ატმოსფერო, რაც ფორუმ-დიალოგის შემადგენელი ნაწილია და საქმიანი შეხვედრებისა და კულტურული პროგრამისგან შედგება, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის მიმართ დადებითად განაწყობს:

„იმისთვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ უცხოელი გამომცემლები, არ არის საკმარისი მათთან მხოლოდ საერთაშორისო უფლებების გაყიდვაზე საუბარი, ჯერ უნდა ქვეყნით დავაინტერესოთ, ხალხით დავაინტერესოთ, რადგან, სამწუხაროდ, მათ ძალიან ცოტა რამ იციან საქართველოს შესახებ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ამ ურთიერთობის გაღრმავებას უფრო უწყობს ხელს და მათ სურვილს უჩენს ამ ქვეყნის შესახებ დაწერონ წიგნი ან სტატია, ან კრიტიკური წერილი, ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში“.

ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობისათვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაწყებულია და, თუ დეა მეტრეველის სიტყვებს გავიმეორებთ, ლიტერატურის კრიტიკოსთა ჯგუფის სტუმრობაც საქართველოში ამ სამზადისის ნაწილია.

„ნელ-ნელა საქართველოს საზოგადოებაც ხვდება, თუ რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რა მოლოდინები აქვთ გერმანელებს, ჩვენ რა უნდა შევუთანხმოთ მათ, რომ დაინტერესდნენ და წარმატებული იყოს ჩვენი პროგრამა“.

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი

ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი

სამუშაო სესიების, პრეზენტაციებისა თუ დისკუსიების ადგილი და შინაარსი ამ ოთხი დღის განმავლობაში სულ იცვლებოდა. წლევანდელ ფორუმ-დიალოგს სპეციალური სტუმარიც ჰყავდა - ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის დირექტორი ულრიხ შრაიბერი.

ღონისძიებებს შორის იყო შეხვედრაც დამწყებ პროზაიკოსებთან: მწერალთა სახლში უცხოელი გამომცემლები და ჟურნალისტები ათ ახალგაზრდა ქართველ მწერალს შეხვდნენ. როგორც მწერალთა სახლის წარმომადგენელი, დრამატურგი დავით გაბუნია შენიშნავს ჩვენთან საუბარში, ასეთი შეხვედრები კარგია იმიტომაც, რომ ავტორები პირისპირ ხვდებიან იმ ადამიანებს, ვინც ერთ დღეს მათი წიგნებით შეიძლება დაინტერესდეს:

„ოფიციალური წარდგინების და მშრალი პრეზენტაციის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირად კონტაქტს. როდესაც მწერალს ელაპარაკები, ის თავად, ყოველგვარი შუამავლის გარეშე გიყვება, თუ რაზე წერს, რატომ წერს და ა.შ. ამას ემატება ის, რომ გამომცემლებს თან მიაქვთ ავტორების მოკლე რეზიუმე და თუკი რომელიმე გამომცემელი გადაწყვეტს მათ გამოცემას, უფრო უადვილდებათ გადაწყვეტილება, შეხვედრიან ამ ავტორს... ცხადია, ასეთი შეხვედრები არ არის რაღაცის მყარი გარანტია, მაგრამ შანსი იმისა, რომ მათით დაინტერესდნენ, უფრო იზრდება“.

სწორედ ასეთი ფორუმ-დიალოგის შემდეგ უჩნდებათ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება უცხოელ გამომცემლებსა თუ ლიტერატურის კრიტიკოსებს, -ამბობს დავით გაბუნია, - მათ უკვე იციან კონტექსტი, რაც მათ ქართულად დაწერილი ნაწარმოებების გაგებაში ეხმარება:

თქვენ ხართ ფრანკფურტში ამ საპატიო სტატუსით მოწვეულები და იდეებიც თქვენგან უნდა წამოვიდეს. თქვენ უნდა გვითხრათ, ვინ არის კარგი და საინტერესო ავტორი...

„ჩვენ კი გვიყვარს წარსულში ყურება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ყველას აწმყო და მომავალი აინტერესებს ლიტერატურის, ეს არის თანამედროვე საგამომცემლო საქმის ინტერესი და ჩვენც რაღაცნაირად ამ გზას უნდა მივყვეთ. ასეთი შეხვედრები კი, ვფიქრობ, იმ პატარა ადგილს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში გვიჭირავს, უფრო აფართოებს“.

რა აინტერესებთ თავად გერმანელ ლიტერატურის კრიტიკოსებსა და გამომცემლებს, რას ეძებენ ისინი საქართველოში? რამ შეიძლება მათი ყურადღება მიიპყროს? რადიო თავისუფლება ერთ-ერთ მათგანს, „Tageszeitung”-ის ჟურნალისტსა და კრიტიკოსს, ინა ფართვიგს გაესაუბრა.

„მე მაინტერესებს თქვენ რისი მოცემა შეგიძლიათ ჩვენთვის. მთავარი ის კი არ არის, ჩვენ რას მოველით - თქვენ ხართ ფრანკფურტში ამ საპატიო სტატუსით მოწვეულები და იდეებიც თქვენგან უნდა წამოვიდეს. თქვენ უნდა გვითხრათ, ვინ არის კარგი და საინტერესო ავტორი. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პერსპექტივა, საინტერესო სწორედ ესაა, ნახო და შეიმეცნო, რამდენად სხვადასხვანაირი ხალხი არსებობს. ჩვენ არ გვინდა ეროვნული გმირობის ამსახველი ისტორიები, ჩვენ გვაინტერესებს, დღეს რა არის თქვენთან ინდივიდუალური და განსაკუთრებული“.

ინა ფართვიგი ლაპარაკობს თარგმანის სიმცირეზეც და ამბობს, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ის ძალიან ცოტა გერმანულის მცოდნე ადამიანს შეხვდა. აი, მე და თქვენც ინგლისურად ვსაუბრობთ, ამბობს ინა, ამით სათქმელს რაღაც აკლდება. ამიტომ არის საჭირო კარგი თარგმანები, რომ ზუსტად მივხვდე თქვენი ავტორების სათქმელს და ოსტატობაც შევაფასო.

კარგი ლიტერატურის საძებნელად ჩამოვიდა საქართველოში ბარბარა ვაიდლიც, რედაქტორი გერმანული გამომცემლობისა Weidle Verlag. “ჩვენ ავტორებთან შეხვედრა და მათი ნაწარმოებების გაცნობა გვინდა“, - ამბობს ის.

„როგორც ცნობილია, ჩვენ პატარა საგამომცემლო სახლი ვართ და მონაწილეობას ვიღებთ ხოლმე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული ქვეყნის პროგრამაში. ისლანდიელი, ახალზელანდიელი, ფინელი ავტორების წიგნები გვაქვს გამოცემული, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქცია. თანამშრომლობა ამა თუ იმ ავტორთან, როგორც წესი, გრძელდება ხოლმე. ჩვენ გვაინტერესებს, რას დაწერენ ისინი მომავალში.ზოგადად კი, ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა მეტი გაიგო ქვეყნის შესახებ. გერმანიაში საქართველოზე ბევრი არაფერი იციან. საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანფურტში წამოსვლა კი საუკეთესო შანსია, რომ ესშეიცვალოს“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე პროცესი კი არ სრულდება, პირიქით, ფესტივალის შემდგომ იწყება ყველაფერი. იმაზე, თუ რამდენად წარმატებული საპატიო სტუმრები ვიქნებით 2018-ში, დიდწილადაა დამოკიდებული ქართველი ავტორებისა და გამომცემლობების ბედი სამომავლოდ...

ბარბარა ამბობს, რომ გამომცემლობები აქცენტს ძირითადად პროზაულ ნაწარმოებებზე აკეთებენ. არ მსიამოვნებს ამის თქმა, გვეუბნება ის, მაგრამ, რამდენიმე უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, პოეზია ძალიან ცუდად იყიდება.

„ძალიან სამწუხაროა, როცა გამომცემელი ხარ და ბეჭდავ წიგნს, რომელიც არავის უნდა“, - ამბობს ბარბარა.

ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგში მისი დაფუძნების დღიდან ყოველწლიურად მონაწილეობს გამომცემლობა "ინტელექტი". რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამომცემლობის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი გვანცა ჯობავა შენიშნავს, რომ მათი გამომცემლობისათვისძალიან საინტერესოა ისეთ დიდ გერმანულ გამომცემლობებთან ურთიერთობა, მათგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება, როგორიცაა მაგალითად, "ზურკამპი", "ჰანსერი" და ა.შ.:

„მით უფრო, რომ ახლოვდება 2018 წელი, როდესაც საქართველო ერთ-ერთ უმთავრეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებაზე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე - საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სფერო, რომელმაც ამ დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია უმოკლეს დროში, ფაქტობრივად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, იმ დროიდან, როდესაც საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობები შეიქმნა, ამჟამად უდიდესი გამოწვევების წინაშე დგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე პროცესი კი არ სრულდება, პირიქით, ფესტივალის შემდგომ იწყება ყველაფერი. იმაზე, თუ რამდენად წარმატებული საპატიო სტუმრები ვიქნებით 2018-ში, დიდწილადაა დამოკიდებული ქართველი ავტორებისა და გამომცემლობების ბედი სამომავლოდ“.

„ინტელექტმა“ უცხოელ სტუმრებს გამომცემლობაშიც უმასპინძლა, სადაც მათ ის ავტორები გააცნეს, რომელთა ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც გამომცემლობა საერთაშორისო ასპარეზზე ეწევა. მათ შორის, ირაკლი სამსონაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ნუგზარ შატაიძე, გიორგი ლეონიძე და მრავალი სხვა ქართველი ავტორი.

ამ ოთხი დღის განმავლობაში ფორუმ-დიალოგის უცხოელმა სტუმრებმა კიდევ არაერთი კლასიკოსი თუ თანამედროვე ქართველი მწერლისა და პოეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ფორუმ-დიალოგის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 2018 წლისათვის დაინტერესებულ აუდიტორიას საქართველოზე გაცილებით მეტი რამ ეცოდინება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG