Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ პირველი გამარჯვებულები


ჯიმშერ რეხვიაშვილი და მანანა კვაჭანტირაძე
ჯიმშერ რეხვიაშვილი და მანანა კვაჭანტირაძე

20 აპრილს „მწერალთა სახლში“ გაიმართა ახალი ლიტერატურული პრემიის, „ლიტერას“, დაჯილდოების ცერემონია. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნდა და რომელსაც „მწერალთა სახლი“ ატარებს. წელს 99 წარდგენილი წიგნიდან ფინალური მოკლე ნუსხისთვის 22 ავტორი შეირჩა, მათგან კი ჟიურიმ ხუთ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.

„ლიტერას“ ნომინანტი, „ლიტერას“ ლაურეატი - ალბათ, ყური მალე მიეჩვევა ამ ფრაზებს. „ლიტერა“ უკვე არსებობს - ახალი ლიტერატურული პრემია, რომლის გამარჯვებულებიც 20 აპრილს გამოვლინდნენ და რომელიც ჯერ მხოლოდ ხუთ ნომინაციაში გაიცემა. „ლიტერა“ საუკეთესო პროზაული კრებულის/რომანისათვის წელს დათო ქარდავას (იმავე ჯიმშერ რეხვიაშვილს) ერგო პროზაული კრებულისთვის „ესავის ხელები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“), წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის „ლიტერა“ გადაეცათ ბესიკ ხარანაულს კრებულისათვის „ყვავი ხის წვერზე ისაღამოვებს“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და ზვიად რატიანს კრებულისათვის „შენთვის შეიძლება“ (გამომცემლობა „დიოგენე“). საუკეთესო დებიუტში გამარჯვებული გახდა ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). საუკეთესო საბავშვო წიგნისათვის „ლიტერა“ გადაეცა ნინია სადღობელაშვილს, წიგნისთვის „განძის თეატრი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“), ხოლო წლის საუკეთესო წიგნის დიზაინისათვის „ლიტერა“ აიღო ბესიკ დანელიამ, სერიისათვის „ამერიკელები“ (გამომცემლობა „დიოგენე“).

„ლიტერა“ წელს პირველად ჩატარდა. ის ახალი სახელწიფო ლიტერატურული პრემიაა, რომელიც კულტურის სამინისტრომ დააწესა და რომლის ჩატარებასაც ორგანიზებას „მწერალთა სახლი“ უწევს. საპრიზო ფონდი თითოეულ გამარჯვებულ ავტორზე 5 000 ლარია, გამომცემლობებს კი თითო ნომინაციაში ხუთი წიგნის წარდგენის უფლება აქვთ. როგორც 20 აპრილს „მწერალთა სახლში“ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზეც ითქვა, მომავალ წელს პრემია კიდევ უფრო მომძლავრდება. გაიზრდება ნომინაციების რიცხვიც.

ქეთევან დუმბაძე
ქეთევან დუმბაძე

მთავარი, რამაც ქეთევან დუმბაძეს ამ ლიტერატურული პრემიის დაწესებისკენ უბიძგა, ის იყო, რომ, მისივე თქმით, არ არსებობდა ახალი სახელმწიფო პრემია, რომელიც მწერლებს წაახალისებდა, გამოარჩევდა. იდეა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს გაუზიარა, რომლის მრჩეველიც ლიტერატურის განხრით თავად არის, და ისიც დათანხმდა. ქეთევან დუმბაძე იხსენებს, რომ წლის შუა ხანები იყო, როცა სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტი თითქმის მთლიანად განაწილებულია ხოლმე, ამიტომ, თავიდან ჩაფიქრებული რვა ნომინაციის ნაცვლად, ამჯერად ხუთ ნომინაციაზე შეჩერდნენ, ხოლო ამ საქმის განმახორციელებლად „მწერალთა სახლი“ შეირჩა:

„მომავალ წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, გაიზრდება და თუ გუშინ იყო განცდა, რომ მას რაღაც აკლდა, ეს მომავალ წელს აღარ იქნება. წელს გამომცემლობებმა კონკურსზე 99 წიგნი გამოგზავნეს. ავტორებმა ინდივიდუალურადაც წარადგინეს პრემიაზე წიგნები. მათგან მეორე ეტაპზე 22 მწერალი გადავიდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა. ვფიქრობ, რომ ალტერნატიული ლიტერატურული პრემია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ წარმოჩნდა მთელი წლის განმავლობაში რა ლიტერატურული პროცესი მიდიოდა ქვეყანაში - ვინ რას ქმნიდა, ვინ გამოჩნდა ახალი ამ ასპარეზზე და ა.შ.“

„ლიტერასა“ და სხვა ლიტერატურულ კონკურსებს შორის პრინციპული სხვაობა არ არის, გვითხრა „მწერალთა სახლის“ პროექტების კოორდინატორმა, დრამატურგმა დავით გაბუნიამ. ვილაპარაკეთ მსგავსებებზეც და იმ განმასხვავებელ ნიშნებზეც, რაც „ლიტერას“ სხვა კონკურსებისგან გამოარჩევს:

დავით გაბუნია
დავით გაბუნია

„პრინციპი აქაც იგივეა: კონკურსის წესით ნაწარმოებების შერჩევა, მოკლე ნუსხის შედგენა და მათგან გამარჯვებულების გამოვლენა. მაგრამ ჩვენთან დაემატა განსხვავებული ნომინაციები, მაგალითად, საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოები და წიგნის დიზაინი. არსებობს ერთი შეზღუდვა, რომელიც გამომცემლობებს შეეხება - მათ შეუძლიათ თითო ნომინაციაში მხოლოდ ხუთი წიგნის წარდგენა. არგუმენტი აქ ის იყო, რომ გამომცემლობა თავადვე არჩევს საუკეთესო ხუთეულს და შემდეგ ჟიურის მათგან უწევს გამარჯვებულის გამოვლენა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ გამომცემლობას კონკურსზე შეაქვს იმ წელს გამოცემული ყველა წიგნი და ასეთ შემთხვევაში მაინც უფრო ძნელია შერჩევა“.

პირველი „ლიტერა“ საუკეთესო პროზაული კრებულისათვის, როგორც გითხარით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა და მწერალმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა მიიღო კრებულისათვის „ესავის ხელები“ - ლიტერატურულ წრეებში ჯიმშერს დათო ქარდავას ფსევდონიმით იცნობენ. „ესავის ხელები“ მისი ამ დრომდე ბოლო პროზაული კრებულია, რომელიც 2015 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

ჯიმშერი ამბობს, რომ პრემიას არ ელოდა და მისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა როგორც დაჯილდოება, ისე იმ მწერალთა გვერდით საბოლოო სიაში მოხვედრა, ვინც დღეს ლიტერატურულ პროცესს ქმნის. „ლიტერას“, როგორც ახალი ლიტერატურული პრემიის, მნიშვნელობას კი ის ასე ხსნის:

„ჩვენი საქმიანობა, ტექსტებზე მუშაობა სულ არის დაკავშირებული ეჭვებთან, დიდ შრომასთან და დაჯილდოების ცერემონიაზეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წერის პროცესი შეიძლება მხოლოდ გრაფომანებს ანიჭებდეს სიამოვნებას. წვალობ, შრომობ და, საბოლოოდ, ეს საქმე დიდად არც მატერიალურად ანაზღაურდება. ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს, მკითხველის ნაკლებობა თუ ლიტერატურული პერიოდიკის მცირე ტირაჟი... ხოლო პრემია, თავისთავად, ის წახალისებაა, რომელსაც შენივე კოლეგები გაძლევენ, რომ კიდევ იმუშაო, წერო. წიგნისთვის კი მეორე შანსია, რომ მკითხველი დაუბრუნდეს, რედაქტორი დაუბრუნდეს. ფრანკფურტის ბაზრობაც გვიახლოვდება და იმის შანსიც ჩნდება, რომ ვინმე მთარგმნელიც დაინტერესდეს და ტექსტს სხვა ენაზე გაცოცხლების შანსიც მიეცეს“.

„საბაზეც“ გვაქვს იმედი, რატომაც არა, ალბათ, სხვებიც ასე არიან. თუმცა სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ ბესიკ ხარანაულის ერთ ნათქვამს, - ინტერვიუში მითხრა ერთხელ, - „ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორისთვის წიგნის წერააო“. თვითონ ამბობს, კოშმარშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ გათენდა ერთი დილა და არაფერი მაქვს დასაწერიო...
ჯიმშერ რეხვიაშვილი

თუმცა ჯიმშერი იმ ავტორთა რიგშია, ვინც ფიქრობს, რომ პრემიის მიღება არ უნდა იქცეს თვითმიზნად, მწერლები კი უნდა წერდნენ იმისდა მიუხედავად, ელით თუ არა წინ რაიმე ჯილდო. მოლოდინს რაც შეეხება, წინ ლიტერატურული პრემია „საბაცაა“, რომლის გრძელ სიაში ასევე არის „ლიტერას“ გამარჯვებული კრებული „ესავის ხელები“.

„საბაზეც“ გვაქვს იმედი, რატომაც არა, ალბათ, სხვებიც ასე არიან. თუმცა სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ ბესიკ ხარანაულის ერთ ნათქვამს, - ინტერვიუში მითხრა ერთხელ, - „ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორისთვის წიგნის წერააო“. თვითონ ამბობს, კოშმარშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ გათენდა ერთი დილა და არაფერი მაქვს დასაწერიო. ამაზე უბედურება მართლაც არაფერი მგონია. ასე რომ, ჩვენ ვწეროთ და თუ იქნება პრემია, ხომ კარგი, თუ არა, ცუდი, მაგრამ ამასაც უნდა მოვერიოთ“, გვეუბნება ჯიმშერ რეხვიაშვილი.

თუკი რომელიმე ჟანრს სჭირდება მხარდაჭერა, ეს, პირველ რიგში, საბავშვო ლიტერატურააო, გვითხრა „ლიტერას“ კიდევ ერთმა გამარჯვებულმა, ნინია სადღობელაშვილმა, რომლის წიგნმა „განძის თეატრი“ სწორედ საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაში აიღო პრემია „ლიტერა“:

„დაახლოებით ისეთივე განცდა მქონდა ამ ყველაფერთან მიმართებით, რაც ჩემს თავს მოხდა, როგორც ჩემი წიგნის წერისას: ცოტა ჯადოსნური, მოწყვეტილი რეალობას, ზღაპრული. მართლა წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ეს პრემია ჩემთვის, მით უმეტეს, რომ ჩემს გვერდით ნომინანტებში იყო ისეთი ავტორი, როგორიც ნატო დავითაშვილია, ვინც პირველმა დაიწყო ქართული ფენტეზის წერა და ბავშვებს კითხვა დააწყებინა“.

ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, ნატა ლომოური
ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, ნატა ლომოური

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, იტალიური ენიდან მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ, რადიო თავისუფლებას წიგნების შერჩევისას მიღებული შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და გვითხრა, რომ ბოლო დღეს, როდესაც გამარჯვებულების გამოსავლენად შეიკრიბნენ, თითქმის ყველას შეფასება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთმანეთისას დაემთხვა. თავად ხათუნას ფავორიტი წიგნი პოეტურ კრებულებს შორის მოკლე ნუსხიდან კატო ჯავახიშვილის „იავნანა კაცებისთვის“ ყოფილა.

„ლიტერას“ მიმართ უკვე გაჩნდა კრიტიკული შენიშვნებიც. მაგალითად, მწერალმა ლელა ცუცქირიძემ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ დაუშვებლად მიაჩნია საბავშვო პროზის და პოეზიის ერთ ნომინაციად მოაზრება და არც თავისი გულის დაწყვეტა დაუმალავს იმის გამო, რომ ე. წ. „შორტ ლისტში“ ვერ მოხვდა პოეტ ვასილ გულეურის საბავშვო ლექსები. სოციალურ ქსელში ისიც ითქვა, რომ მოკლე სიის გარეთ დარჩნენ სხვა გამორჩეული ავტორებიც, სხვებმა გამარჯვებული წიგნის დიზაინი დაიწუნეს... მოკლედ, პროცესი, რომელიც ლიტერატურული პრემიის შედეგებს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე, „ლიტერასაც“ თან სდევდა.

რაც შეხება ახალი ლიტერატურული პრემიის მომავალს, რაც უკვე ზუსტად ცნობილია, მომავალ წელს „ლიტერას“ ნომინაციების რაოდენობა გაიზრდება. დავით გაბუნია ფიქრობს, რომ ყოველთვის ჯობს ასეთი პრემიის დაჯილდოების ცერემონია შედარებით მოკრძალებულად ჩატარდეს და არ დაიხარჯოს ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე გამარჯვებულების პრემიებია. წლევანდელი „ლიტერაც“ ასეთი იყო.

"ლიტერა"
"ლიტერა"

„მწერალთა სახლს“ ავტორების წასახალისებლად მომავალში კიდევ ერთი პროექტი აქვს ჩაფიქრებული - ეს არის სტიპენდიები მწერლებისათვის:

„ერთია პრემია, რომელსაც შენ უკვე დასრულებულ ნამუშევარში იღებ, როგორც ავტორი, მაგრამ სტიპენდია პრინციპულად სხვა რამეა. ამ დროს ადამიანი შეიძლება წერდეს და ყოველთვე იღებდეს რაღაც კონკრეტულ თანხას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ასეთი მექანიზმის არსებობა, მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ამ პროფესიით თავის რჩენა შეუძლებელია. რეალურად ეს სტიპენდია ავტორს ახალი ნაწარმოების შექმნის პროცესში დაეხმარება“.

თუ ეს იდეა რეალობად იქცა, მწერლები ამ სტიპენდიას კონკურსის საფუძველზე მოიპოვებენ და რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებენ. პარალელურად განაგრძობენ ტექსტზე მუშაობას - იქნება ეს რომანი, პოეტური ციკლი, პიესა თუ სხვა. თუმცა, როგორც დათოც ამბობს, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა, რომელსაც ფინანსური მხარდამჭერი შესაძლოა გამოუჩნდეს, როგორც კერძო პირების სახით, ისე კვლავ სახელმწიფოს მხრიდან.

მალე წიგნის მოყვარულების ყურადღების ცენტრში ისევ მოექცევა ლიტერატურული პრემია „საბა“ და საინტერესოა, როგორი შედეგით დასრულდება ის, მით უმეტეს, რომ „ლიტერას“ ნომინანტი ავტორები და მათი წიგნებიც უკვე არიან „საბას“ გრძელ სიაში. კიდევ ერთი, ამჯერად სხვა ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილება კი, როგორც დათო გაბუნიაც გვეუბნება, ლიტერატურულ პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, ხოლო თუ ამ ორ კონკურსს კიდევ რამდენიმე სოლიდური ლიტერატურული პრემიაც მიემატება, შანსი მეტი ავტორის და მეტი ნაწარმოების გამორჩევისა ასობით ახალი წიგნიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

„ლიტერას“ ფინალისტი წიგნების მოკლე ნუსხა კი შეგიძლიათ მწერალთა სახლის ვებსაიტზე იხილოთ და, შესაძლოა, თქვენთვის კიდევ არაერთი საინტერესო ავტორი აღმოაჩინოთ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG