Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 იანვარი - ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღე


ლიტვა, 1991 წელი
ლიტვა, 1991 წელი

13 იანვარი ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღეა, რომელიც 1991 წელს მომხდარ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება. ოცდახუთი წლის წინ, 11-დან 13 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქ ვილნიუსში საბჭოთა ჯარების შესვლის შედეგად, 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 702 კი დაშავდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუო ჯუნასმა პატივი მიაგეს ლიტვაში 1991 წლის იანვრის მოვლენების დროს დაღუპულ ადამიანებს. მათ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის 1989 წლის 9 აპრილი ისეთივე მნიშვნელოვანი დღეა, როგორიც ლიტველთათვის 1991 წლის 13 იანვარი.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი არის საუკეთესო გამოვლინება იმისა, რომ ის მსხვერპლი, რაც ქართველებმა გაიღეს, იყო ლიტვის თავისუფლებისთვისაც და მსხვერპლი, რომელიც ლიტველებმა გაიღეს, იყო საქართველოს თავისუფლებისთვისაც. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 25 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ლიტველი და ქართველი ხალხი კვლავ ხელიხელჩაკიდებული მიდის წინ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის“.

1991 წლის 8-9 იანვარს ლიტვაში საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ. საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა კი ლიტვის ხელისუფლებას მოსთხოვა, აღედგინათ საბჭოთა კონსტიტუცია, რომლისგან დამოუკიდებლობაც მათ 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადეს.

ლიტვის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, რის შემდეგაც 11 იანვარს საბჭოთა ჯარმა სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის, სატელევიზიო ანძაზე შეტევა დაიწყო. 13 იანვარს ჯარმა საბრძოლო ტექნიკით ალყა შემოარტყა ლიტვის ტელე-რადიო კომიტეტის შენობას, რის შემდეგაც, გამთენიისას, 3-ის ნახევარზე, ვილნიუსის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

ეს უკვე იდეოლოგიური დაშლის პროცესები იყო. ამ რეფორმების მცდელობებმა კომუნისტური პარტიისა და გორბაჩოვის კონტროლიდან უკვე ქუჩაში გადაინაცვლა...
ოლივერ რეისნერი

ამ შეტევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-მდე დაშავდა. ამ მოვლენებიდან 25 წლის თავზე ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის უიარაღო ხალხის სულიერი სიძლიერის გამოვლინება. დღეს ჩვენ თავისუფლების დაცვიდან 25 წლის თავს აღვნიშნავთ“.

სახალხო გამოსვლები საბჭოთა ქვეყნებში 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, რამაც, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოლივერ რეისნერი ამბობს, მართალია, ხელისუფლებამ სცადა ამ პროცესის ძალადობის გზით შეჩერება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყოო:

„ეს უკვე იდეოლოგიური დაშლის პროცესები იყო. ამ რეფორმების მცდელობებმა კომუნისტური პარტიისა და გორბაჩოვის კონტროლიდან უკვე ქუჩაში გადაინაცვლა“.

ლიტველი ხალხისადმი პატივისცემის გამოსახატად 13 იანვარს თბილისში სატელევიზიო ანძა ლიტვის დროშის ფერებში აინთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG