Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ელმავალმშენებელი” ფინანსური პრობლემების წინაშე


სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაოდ გასვლაზე უარი განაცხადა. მიზეზი 3-თვიანი სახელფასო დავალიანებაა. საწარმოს თანამშრომლები სამუშაო პირობებსაც უჩივიან. „ელმავალმშენებლის“ ხელმძღვანელობა ფინანსურ პრობლემებს არ უარყოფს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით შეფერხებად მიაჩნია. რატომ აღმოჩნდა „ელმავალმშენებელი“ ფინანსური პრობლემების წინაშე?

სანამ რამდენიმე რელსს გადაკვეთთ და ელმავალმშენებელი ქარხნის უზარმაზარ საამქროებამდე მიხვალთ, ძალიან დიდი ეზო უნდა გაიაროთ, სადაც ხეები სანახევროდ კირითაა შეღებილი. ეზოში ახლად ამოსული იების სასიამოვნო სურნელი დგას. წინასწარ რომ არ იცოდეთ, ეზოს სიღრმეში ელმავალმშენებელი საამქროები უნდა დაგხვდეთ, თავი კურორტზე გეგონებათ. თუმცა კურორტზე სულაც არ გრძნობენ თავს ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები, ზეინკლები და სხვა თანამშრომლები. 3-თვიანი უხელფასობის შემდეგ, 1200-კაციანი კოლექტივის ნაწილი დღეს სამუშაოზე არ გამოცხადდა, მათ დილიდან უხელფასობის გაპროტესტება გადაწყვიტეს. როგორც ქარხანაში 30- წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე უშანგი კვეშიაშვილი ამბობს, ასეთი რამ მას არ ახსოვს. ამასთან, უშანგი და ელმავალმშენებელი ქარხნის სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი სამუშაო პირობები მონურს უტოლდება:

”ხელფასი ჩვენ არა გვაქვს ნორმალური, პირობები ჩვენ არა გვაქვს ნორმალური. აი, როგორც მონები, ეგრე ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ სამი თვე ხელფასს არ გვაძლევენ, არავითარი პირობები არ გვაქვს, ხელშეკრულებას გვიფორმებდნენ 1-წლიანს, ახლა 3-თვიანზეა ლაპარაკი“...

„აქ, ქარხანაში, ისეთი პირობებია, თავმოყვარე ადამიანი აქ ვერასდროს ვერ იმუშავებს. მართლა მონა უნდა იყო... მონებსაც ასე არ ექცევიან: აჭმევენ, აცმევენ, ძილის საშუალებას აძლევენ და უხდიან მონის გასამრჯელოს... ჩვენ არც საჭმლის ფულს გვაძლევენ, არც გზის ფულს, 2 კაპიკს გვაძლევენ რაღაცას და იმასაც გზაში ვხარჯავთ. არანაირი ფორმა, არანაირი ხელთათმანი. ძალიან იშვიათად, ეგეც რომ მოგვცენ”.

სამუშაზე უარის თქმის შემდეგ საწარმოს ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. მათი ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, თუმცა, როგორც ხარატი დავით კაკაშვილი ამბობს, სამუშაოს, რომელშიც ყოველთვიურად დაახლოებით 300 ლარს უხდიან, გამოუვალი მდგომარეობის გამო მიუბრუნდა:

”სად წავიდეთ, სად გავიქცეთ ეს გაჭირვებული ხალხი? სამი თვის განმავლობაში ხომ შეიძლებოდა სხვა სამუშაო გვეშოვა და წავსულიყავით, მაგრამ... დირექტორმაც ეგ გამოგვიცხადა: გენაცვალე, მიბრძანდითო; მე არ გიჭერთო; სადაც უკეთესიაო, მიბრძანდითო და იმუშავეთო... მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს ქარხანა 16 წელიწადია მუშაობს და, იმედია, გააგრძელებს ისევ მუშაობასა”.

ელმავალმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობა თანამშრომელთა მიმართ დავალიანების გაჩენას მთავარი დამკვეთის, ”საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგვიანებულ ტენდერს უკავშირებს, რომელიც 10 აპრილს უნდა დასრულდეს და, როგორც საწარმოში ვარაუდობენ და როგორც თანამშრომლებს დაპირდნენ კიდეც, 15 აპრილისთვის დავალიანებას გაისტუმრებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სს ”ელმავალმშენებლის” წარმოების დირექტორმა რეზო პაპიძემ უთხრა:

”ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ვართ ჩვენს ხელფასებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეკვეთებიც იგვიანებს ჩვენი რკინიგზიდან. იქ გარკვეული მიზეზები იყო და არის, ალბათ. ტენდერი არ შემდგარა. 10 რიცხვში არის ტენდერი და, ალბათ, გადაწყდება და ხელფასებიც გამოსწორდება. კი, ჩვენ იანვრის შემდეგ ხელფასების დავალიანება გვაქვს და ეგ არის”.

ტენდერი, რომლის შესახებაც რეზო პაპიძე საუბრობდა, „საქართველოს რკინიგზამ“ მარტში გამოაცხადა და ის 10 აპრილს უნდა დასრულდეს. საუბარი შეეხება 13 მაგისტრალური ელმავლის კაპიტალურ შეკეთებას, რომლისთვისაც რკინიგზა 19 მილიონზე მეტი ლარის გადახდას გეგმავს, თუმცა, როგორც საქართველოში რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ამბობს, ამჟამად ტენდერი ზეპირი ვაჭრობის ეტაპზეა მისული, ტენდერში კი, „ელმავალმშენებლის“ გარდა, კიდევ 2 უცხოური კომპანია მონაწილეობს და რომელიც უფრო ნაკლებ თანხაზე დათანხდება, გამარჯვებულიც ის იქნება:

”როცა გამოცხადდა ტენდერი... ცხადია, ჩვენ, კანონმდებლობის დაცვით, გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი და მოვიდნენ სხვა კომპანიებიც და ჩვენ ვერანაირად ვერ ვეტყოდით ვერავის უარს ამ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე. ბუნებრივია, შემოიტანეს განცხადება. ჯერჯერობით მიმდინარეობს ეს ტენდერი და როდესაც დასრულდება, საზოგადოებას გავაცნობთ ამ ტენდერის შედეგებს”.

დაჩი ცაგურიას სიტყვებით, სს ”ელმავალმშენებლის” გამარჯვება გარანტირებული არ არის. ის წინა ხელისუფლების პირობებში რკინიგზაში გამოცხადებული ტენდერების პრაქტიკას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მხოლოდ „ელმავალმშენებელს“ ეძლეოდა ხოლმე ტენდერში მონაწილეობის უფლება და გამარჯვებულადაც ის ცხადდებოდა. ახლა კი, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით, როცა საქმე ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების მომსახურებას შეეხო, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა და, როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შრომის კოდექსი დამქირავებელს აძლევს უფლებას მონურ შრომაში ამყოფოს დაქირავებული, მას ხელფასის დაგვიანებით გაცემის უფლება მაინც არა აქვს:

”თუ ადამიანმა შეასრულა სამუშაო, მას ეს სამუშაო ჰქონდა შესრულებული უკვე მოგებული ტენდერით განსაზღვრული. ამ სამუშაოს ხომ ვერ შეასრულებდა ის მუშა, რომელსაც ჯერ ტენდერი არ მოუგია. ეს არის შემდგომი. თუ ამ ორგანიზაციამ ეს ფული გახარჯა, ეს სხვა არის. მოქმედი შრომის კოდექსით, მაგ მუშებს მარტო იმ შესრულებული სამუშაოს ხელფასი კი არ აქვთ ასაღები, უკვე დაგვიანებულზე დამსაქმებელს 0,07%-იანი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს”.
ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები, მათი სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გაუსტუმრებლობის შემთხვევაში, სამუშაოზე გამოცხადებას არ აპირებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG