Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოცვა და პარაკლისი „კაზანტიპისგან“ დაცვის მიზნით


ანაკლიაში დაგეგმილი ათდღიანი პროექტის - „კაზანტიპის“ - მიზეზით, წელს უკვე მეორედ გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან. სამოსელი სწორედ ამ მუზეუმშია დაცული და ის წელიწადში ერთხელ, ვლაქერნობის დღესასწაულზე, 15 ივლისს, გამოაქვთ. ანაკლიაში მუსიკალური და სპორტული ღონისძიებების მომცველი ფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე კვართი გადაიტანეს ზუგდიდის ივერიის ღითსმშობლის სახელობის ტაძრაში. აქ აღევლინა წირვა-ლოცვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა.

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელმა ეკლესიაში შეკრებილები კიდევ ერთხელ გააფრთხილა იმ საფრთხის გამო, რომელიც, მათივე თქმით, პროექტ „კაზანტიპს“ ახლავს.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენთან ყირიმიდან იყო ჩამოსული სამღვდელობა და როცა გაიგეს, რომ საქართველოში ტარდება ეს ფესტივალი, მაშინვე შეიცხადეს და თქვეს, რომ ამან ყირიმს საშინელება მოუტანა. ჩვენი დღევანდელი ლოცვა სწორედ ამისკენ არის მოწოდებული. ჩვენ შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს, რომ მან დაიფაროს საქართველო“, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ. მას და მასთან ერთად ჩამოსულ სხვა სასულიერო პირებს ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მადლობა გადაუხადა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით დგანან. მიტროპოლიტმა მადლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრსაც უთხრა, რომ დართო ნება ღვთისმშობლის კვართი წელს უკვე მეორედ გამოებრძანებინათ. აქვე აღნიშნა, რომ ასეთი რამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება:

„განსაკუთრებული შემთხვევებია, როცა ეკლესია ასეთ ფორმებს მიმართავს, როცა გამოაბრძანებენ წმინდა ნაწილებს. ასეთი მშვიდობიანი მსვლელობებით ხდება ვედრება დედა ღვთის წინაშე, რომ აგვაცილოს მან განსაცდელს“.

სასულიერო პირებმა მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს და ქადაგების დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა ერთად წაიკითხეს, მოგვიანებით კი ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. 14 აგვისტოსგან განსხვავებით, პარაკლისის შემდეგ „კაზანტიპის“ საწინააღმდეგოდ აქცია არ გამართულა და მომლოცველები დაიშალნენ.

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორია
"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორია

სასულიერო პირების გაფრთხილებისა და განცხადებების მიუხედავად, ანაკლიაში ფესტივალისთვის მზადება არ შეფერხებულა. აქ უკვე ჩაატარეს გენერალური რეპეტიცია და გასულ ღამეს გამოსცადეს ლაზერშოუსთვის საჭირო აპარატურა. ორგანიზატორების თქმით, დამსვენებლების მისაღებად მზად არიან. უკვე მეორე დღეა ზუგდიდ-ანაკლიის გზაზე შეზღუდვები დაწესდა. საკურორტო ზონაში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი ავტომანქანებისთვის, მოქალაქეს კი ე.წ. ვიზა დასჭირდება კაზანტიპის რესპუბლიკად წოდებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად. მთელი ფესტივალის მსვლელობის განმავლობაში გაძლიერებული იქნება საკურორტო ზონაში კონტროლი, რისთვისაც პოლიციელები დამატებით იქნებიან ჩამოყვანილი დედაქალაქიდან.

რატომ გახდა უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება აუცილებელი?

„ეს ზომები მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შემოტანილია მართლაც ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა“, - აცხადებს ნინო სტურუა, პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისივე ცნობით, რესპუბლიკის ვიზა უკვე 21 ათასზე მეტმა უკრაინელმა და ქართველმა გოგონამ მიიღო უფასოდ. თუ რამდენმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია მთლიანობაში, ნინო სტურუას გაცხადებით, ეს საიდუმლოა. «კაზანტიპის“ ხალხთა შორის ურთიერთობების მინისტრად წოდებული ბიკო ბირბიჩაძე აცხადებს, რომ „კაზანტიპი“ არის მუსიკალური ზეიმი:

„ზეიმია იმიტომ, რომ ჩამოდიან ისეთი არტისტები, რომლებიც ადრე არ ჩამოსულან და არიან დღესდღეობით ყველაზე აქტუალურები. სასიამოვნო ის არის, რომ ამ არტისტებს შორის იქნებიან ქართველებიც“.

ანაკლიაში ამ დროისთვის უკვე გაშლილია კარვების ქალაქი, განთავსებულია სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულებები, რამდენიმე სცენა და საცეკვაო მოედანი.

პროექტი 20 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტომდე გასტანს. ელექტრონული ფესტივალის ჩატარება საქართველოში რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაწყდა.

XS
SM
MD
LG