Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმები ლოცვაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ


სამთაწყაროში პარასკევის ლოცვაში დღეს ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათგან არც ერთი ადგილობრივი. მას შემდეგ, რაც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილობრივი მუსლიმები სახლში ლოცვას ამჯობინებენ.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში აჭარელი ეკომიგრანტები არიან ჩასახლებულნი. მათ შორის ნაწილი ქრისტიანი, ნაწილი კი მუსლიმია. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმების ნაწილმა საერთო ლოცვისთვის შენობა შეიძინა. ხოჯა სულიკო ხოზრევანიძის შვილი მომხდარს იხსენებს:

„ხალხის აზრი იყო, რომ სოფლის შუაში სადმე შეგვეძინა ერთი შენობა, რომ სამლოცველო კუთხე ყოფილიყო. ამ შენობის შეძენის შემდეგ წარმოიქმნა ეს პრობლემა. ხალხი თავს რომ დაგვესხა, მაშინ პირობა წამოგვიყენეს, თუ კიდევ შეხვალთ მანდ და ილოცებთ, მაშინ წადით აქედან და თუ არ ილოცებთ, არაფერი დაგემართებათო. რადგან ასე დაიძაბა ვითარება და უშუალოდ ჩვენს ოჯახზე ჰქონდათ გართულება, ჩვენც პირობა მივეცით, რომ როგორც ადრე ვლოცულობდით სახლში, ახლაც ისე ვილოცებთ“.

ფაქტია, რომ აქ რამდენჯერმე ვერ ჩატარდა პარასკევის ლოცვა. იყო ზეწოლის ფაქტები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. დღეს არანაირი ზეწოლა არ არის, მაგრამ მოსახლეობა არ გამოვიდა, ისევე როგორც ადგილობრივი ხოჯა არ გამოვიდა...
უჩა ნანუაშვილი
მორიგი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, დღეს სამთაწყაროში სახალხო დამცველი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში და ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავიდნენ. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მას ვითარების უკეთ შესწავლა სურს:

„სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ შევხვდეთ ბევრ ადამიანს და რაღაც საბოლოო აზრამდე მივიდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ აქ რამდენჯერმე ვერ ჩატარდა პარასკევის ლოცვა. იყო ზეწოლის ფაქტები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. დღეს არანაირი ზეწოლა არ არის, მაგრამ მოსახლეობა არ გამოვიდა, ისევე როგორც ადგილობრივი ხოჯა არ გამოვიდა, რომ მიეღო მონაწილეობა ლოცვაში“.

ხანგრძლივი დიალოგი შედგა მოსახლეობასა და სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს შორის.

პ. ზ.: ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილება თავად, მუსლიმი იყოს თუ ქრისტიანი.

ადგილობრივი: ხალხმა მიიღოს, არა ერთმა და ორმა კაცმა.

პ. ზ.: რა შუაშია? ხალხმა კი არა - ადამიანმა.

ადგილობრივი: სოფელმა მიიღოს.

პ.ზ.: არა, არა, სოფელი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ბოლშევიზმი. ბოლშევიზმმა დაანგრია საბჭოთა კავშირი. დიდი სახელმწიფო დაიქცა იმის გამო, რომ ვიღაცა ფიქრობდა, რომ სხვაზე უკეთ იცოდა, რა უნდა გეჭამა, რა უნდა ჩაგეცვა, სად უნდა გელოცა, გელოცა თუ არ გელოცა, საერთოდ. ნუ ღებულობთ სხვის მაგივრად გადაწყვეტილებას. თქვენ ხომ ამბობთ, რომ მცირდება მუსლიმების რაოდენობა სოფელში?

ადგილობრივი: მცირდება კი არა, საერთოდ არაა.

პ.ზ: როგორ არაა?

ადგილობრივი: სულ არის ერთი ოჯახი.

თუ სურვილი არ ექნება ლოცვის, ძალდატანებით ლოცვა არ არსებობს. ვისაც ექნება სურვილი, ილოცებს, ვისაც არა, რა თქმა უნდა, ესეც მისი ნებაა...
ადამ შანთაძე
პ.ზ: მერე, ერთი ოჯახი საკმარისი არაა?

ადგილობრივი: სადაც უმრავლესობაა, ისინიც იქ უნდა იყვნენ. პარლამენტში როგორაა? უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს.

პ.ზ: არა, არა. პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ ყოველი ადამიანი ღირსეულია ქვეყნისთვის...

პარასკევის ლოცვაში მონაწილეობა მიიღო ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმაც. გარდა ამისა, ჩამოსულები იყვნენ სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე და საქართველოს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. კითხვაზე, მივა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა ლოცვაზე მომავალ პარასკევს მაინც, ადამ შანთაძემ განაცხადა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია:

„სამლოცველო გაიხსნა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით. შემდეგ მუქარა იყო ეს თუ შიში იყო... თუ სურვილი არ ექნება ლოცვის, ძალდატანებით ლოცვა არ არსებობს. ვისაც ექნება სურვილი, ილოცებს, ვისაც არა, რა თქმა უნდა, ესეც მისი ნებაა“.

მოსახლეობას გაესაუბრა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ბენჯამინ რინაკერი. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ რწმენის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას ყველა რელიგიის მიმართ.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG