Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ არარეგულირებულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომელთა მზარდი რაოდენობაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2013 წლის ძირითად გამოწვევად დაასახელა. ამასთან, აღვნიშნეთ, რომ არ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია მსგავსი ინსტიტუტების მასშტაბებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით გუშინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი არარეგულირებული არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების - ლომბარდების - სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები 2013 წლისთვის.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გასული წლის ბოლოსთვის სალომბარდო საქმიანობით საქართველოს მასშტაბით დაკავებული იყო 1031 მოქმედი ორგანიზაცია. მათი თითქმის ნახევარი - 45,8 პროცენტი - ქ. თბილისში მდებარეობს, 13,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 12,3 პროცენტი - აჭარაში. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 13,4 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 71 პროცენტი ეროვნულ ვალუტაში იყო გამოსახული. შთამბეჭდავია გაცემული სესხების მოცულობა - 310,7 მლნ ლარი, რომლის 57 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული და თითქმის სრულად ფიზიკურ პირებზეა გაცემული. ლომბარდების მიერ გაცემული სესხების აღნიშნული მოცულობა რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ნახევარია.

რაც შეეხება ლომბარდების საკუთრებაში არსებულ ფიქსირებულ და არამატერიალურ აქტივებს, 2013 წლის ბოლოსთვის მათი მოცულობა 10,3 მლნ ლარი იყო. საინტერესოა ასევე ლომბარდების ვალდებულებების ანალიზი: წლის ბოლოსთვის ნასესხები ფულადი სახსრების მოცულობამ 209,9 მლნ ლარი შეადგინა. სესხის 99 პროცენტი რეზიდენტებისგანაა აღებული და 75 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია ნასესხები.

საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 54,1 პროცენტია, ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მაღალი - 61,7 პროცენტი. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 81,6 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა. შედარებისთვის: კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მაქსიმუმ 23,3 პროცენტს აღწევდა და იყო ეროვნული ვალუტით დენომინირებულ მოკლევადიან სესხზე, მინიმალური კი უცხოური ვალუტით დენომინირებულ გრძელვადიან სესხზე 12,4 პროცენტს შეადგენდა.

2013 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მოქმედ ლომბარდებში მსესხებელთა რაოდენობა 682 ათასი ერთეულით განისაზღვრა. მსესხებელთა უმრავლესობა - 60 პროცენტი - თბილისზე მოდის.

საქართველოში ლომბარდის გასახსნელად არ არის საჭირო ლიცენზიის აღება. ამასთან, ლომბარდების გახსნის რეგულირება და შემოწმება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება.

XS
SM
MD
LG