Accessibility links

logo-print

ლონდონში საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიური თამაშები


ლონდონში გაიმართა ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია. მასშტაბური შოუ ასახავდა ბრიტანეთის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და, ამასთან, გამოხატავდა ბრიტანელების სახელგანთქმულ იუმორის გრძნობას. ცერემონიას დაესწრნენ 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელმაც გახსნილად გამოაცხადა ლონდონის ოლიმპიური თამაშები. საპატიო სტუმართა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ოლიმპიურ ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 10 500-მდე სპორტსმენი, რომელთა შორის საქართველოს 35 წარმომადგენელიც არის. ოლიმპიადა 12 აგვისტომდე გასტანს. ცერემონიას თვალს ადევნებდა, სავარაუდოდ, მილიარდი ტელემაყურებელი, სტადიონზე მყოფ 80 000-მდე ადამიანთან ერთად. სტადიონზე იმყოფებოდა ცნობილი ფეხბურთელი, დევიდ ბეკჰემიც. როგორც მან პარასკევს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე უთხრა ჟურნალისტებს, მისთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობდა ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ხანგრძლივ პროცესში.

„შვიდი წლის წინ, როცა სებასტიან კომ (ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ) მთხოვა, ჩავრთულიყავი გუნდში, რომელიც იმუშავებდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მოსაპოვებლად, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, რადგან ცხადია, როცა ხარ მონაწილე გუნდისა, რომელიც ცდილობს ოლიმპიური თამაშების ლონდონში ჩამოყვანას - იქ, სადაც გავიზარდე - ამით ძალიან ვამაყობ. ასე რომ, დღეს არაჩვეულებრივი მომენტია!“ -
განაცხადა დევიდ ბეკჰემმა ლონდონში, ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG