Accessibility links

logo-print

ლორენს სამერსი: ევროპის წინ ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა


ლორენს სამერსი

ლორენს სამერსი

ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს რიჩარდ სოლაშს შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე შეკითხვით მიემართა გამოჩენილი ეკონომისტის, შეერთებული შტატების ფინანსთა ყოფილი მინისტრისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ლორენს სამერსისთვის. გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას ამერიკელი ეკონომისტი ევროკავშირში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

ლორენს სამერსი თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტია. ის სულ 28 წლის იყო, როცა 1983 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. შთამბეჭდავია მისი კარიერის დანარჩენი ეტაპებიც: მუშაობა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად, ფინანსთა მინისტრობა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობისას, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოსტი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური გეგმის თანაავტორობა...

დღეს 58 წლის მეცნიერი ევროზონას ეკონომიკური სირთულეების გაგრძელებას უწინასწარმეტყველებს, სკეპტიკურად აფასებს მოსკოვის გეგმას ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ და აშშ-ის ეკონომიკურ აღმასვლას მოელის.

ევროზონას და, ზოგადად, ევროკავშირს რაც შეეხება, სამერსთან საუბარში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიშველია ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემები, რომ 2013 წლის პირველ სამ თვეში ბლოკის ეკონომიკა ისევ შემცირდა, რაც შემცირების ზედიზედ მეექვსე კვარტალი იყო. როგორ აფასებს ლორენს სამერსი ევროკავშირის ეკონომიკურ პერსპექტივებს?

„ჩემი აზრით, ევროპის წინ ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა. საერთო ვალუტის სისტემას მოწყვლადობა ახასიათებს - ის არ იძლევა ვალუტის კურსის რეგულირების შესაძლებლობას და რეგულირების შესაძლებლობას სხვა სფეროებში - მაგალითად, მიგრაციის კუხთით, ან ცენტრიდან გადასახადების დაწესებას და ხარჯვის რეგულირებას, როგორც ეს ჩვენთან, შეერთებულ შტატებში, ხდება... ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ იმას, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ გააკეთა და ვფიქრობ, მასშტაბური ფინანსური კრიზისის საფრთხე ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინათ იყო, მაგრამ პერსპექტივა, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან ნელი ან ნეგატიური იქნება, ვშიშობ, კიდევ დიდხანს იარსებებს“, - ამბობს ლორენს სამერსი ევროკავშირის ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრისას.

ჩვენი კორესპონდენტი მას სხვა კავშირზე - ვლადიმირ პუტინის მიერ დაგეგმილ ევრაზიის კავშირზეც შეეკითხა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ გაერთიანებაში შეყვანა, რასაც მხარდაჭერას უცხადებს, მაგალითად, შუა აზიის რამდენიმე რესპუბლიკა. თუმცა ზოგი მოსკოვის ამ გეგმაში საბჭოთა კავშირის გარკვეული სახით აღდგენისაკენ მისწრაფებას ხედავს. როგორია ლორენს სამერსის აზრი ევრაზიის კავშირზე?

„ძალიან, ძალიან ხშირ შემთხვევაში, უფრო ღია ვაჭრობა კარგი რამ არის. ის იძლევა შესაძლებლობას მეტი გაცვლისათვის, მეტი სპეციალიზაციისათვის, ხალხი უფრო იაფად შოულობს სასურველ პროდუქტებს. ვფიქრობ, ძალიან ხშირ შემთხვევაში კაპიტალისა და ტექნოლოგიის მოძრაობას შეუძლია დაეხმაროს შედარებით ღარიბ ქვეყნებს, უწინარეს ყოვლისა, მეტი კეთილდღეობის მიღწევაში. მე ყოველთვის ვყოყმანობ, როცა საქმე პოლიტიკურ პროგნოზებს ეხება - შეერთებული შტატების შემთხვევაშიც კი, სხვა ქვეყნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ, ვფიქრობ, დიდი სიფრთხილეა საჭირო სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობის ძირეულად შეცვლისას - უდიდესი სიფრთხილეა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ იძულებით არაფერი მოხდეს და თანხმობა იქნეს მიღწეული, ვიდრე დაიწყება რაიმე სახის ძალისხმევა დღეს დამოუკიდებელი ქვეყნების რაიმე სახის კავშირში გასაერთიანებლად. ჩემი აზრით, ეს არის სფერო, სადაც, მართლაც, ეშმაკი დეტალებშია“, - ასეთ შეფასებას გამოთქვამს ლორენს სამერსი, როცა საუბარია მოსკოვის გეგმაზე, შექმნას ევრაზიის კავშირი, რომელშიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები შევლენ.

რაც შეეხება მის ქვეყანას, შეერთებულ შტატებს, ცნობილი ეკონომისტი დადებით ტენდენციებს ხედავს:

„ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკამ იმაზე უფრო სწრაფად აღიდგინოს ძალა, ვიდრე ბევრი ვარაუდობს. ჩვენ გვაქვს უპირატესობები, რომლებიც უკავშირდება იაფ ენერგიას, საბინაო სექტორს, რომელიც რეალურად უმჯობესდება, ჩანს ვალების მნიშვნელოვნად შემცირება (...) და შემცირებები ფისკალურ პოლიტიკაში (...). არის შანსი, რომ შეერთებული შტატები რამდენიმე წელიწადში მოულოდნელად დადებით მიღწევებს გვაჩვენებს. შესაძლოა, ვიხილოთ ისეთივე ციკლი, როგორიც 1990-იან წლებში, როცა გაძლიერებულმა ეკონომიკამ დეფიციტის შემცირებამდე მიგვიყვანა და დაბალ დეფიციტს ეკონომიკის გაძლიერება მოჰყვა“, - ამბობს გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი, ლორენს სამერსი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში.
XS
SM
MD
LG