Accessibility links

11 იანვარს ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ექვსი ოჯახის გამოსახლება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წელს მათ მიერ დაკავებული ფართები დევნილებს ეკუთვნით. თავად გამოსახლებული ოჯახები აცხადებენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ, დევნილებმა კი ფართები უკანონო გარიგების შედეგად მიიღეს.

ზემო ფონიჭალის მეოთხე მიკრორაიონის მეთერთმეტე კორპუსთან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დილის 11 საათისთვის გამოჩნდნენ. დაუსრულებელი კორპუსიდან უახლოეს დღეებში ექვსი ოჯახის გამოსახლება იგეგმება. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. 11 იანვარს კი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები თენგიზ მენთეშაშვილის ოთხსულიანი ოჯახის გამოსასახლებლად მივიდნენ. თენგიზ მენთეშაშვილი ფონიჭალაში მდებარე დაუსრულებელ კორპუსში 2005 წელს შესახლდა, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან მისი დეპორტაცია მოახდინეს, საქართველოში დაბრუნებულს კი საცხოვრებელი ბინა აღარ ჰქონდა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ფართი საკუთარი ძალებით გაასუფთავა და ოჯახთან ერთად დასახლდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მას და კიდევ ხუთ ოჯახს უახლოეს დღეებში ფართების დაცლა მოუწევთ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიერ დაკავებული ფართები დევნილ ოჯახებს ეკუთვნით. თენგიზ მენთეშაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ფართები დევნილ ოჯახებს უკანონო გარიგებების შედეგად მიაკუთვნეს:

”მიტოვებული ადგილი იყო, სავსე იყო აქაურობა საბურავებით, გაბოლილი იყო, ყველგან შპრიცები ეყარა. გავასუფთავე, გავლესე, ფანჯრები ჩავსვი, ბინას დავამსგავსე. 2008 წელს მოვიდა ვინმე ქეთევან ყიფიანი, ვითომ კორპუსის თავმჯდომარე, და 2000 დოლარი მომთხოვა. 2000 დოლარი რომ არ მივეცი, 11 ოჯახზე სასამართლოში შეიტანეს შეკერილი საჩივარი, ვითომ ჩვენ დევნილები ვართო და აქ კომპაქტურად ვიყავით შემოსახლებულებიო და ჩვენი ბინებიაო. სად უნდა წავიდეთ, აბა? ქირის ფულიც არა მაქვს”, - ამბობს თენგიზ მენთეშაშვილი.
მე არანაირი უფლება არ მაქვს ვინმე სადმე შევასახლო ან გამოვასახლო. მე რომ ვინმესგან ფული ამეღო, აქამდე დაკავებული არ ვიქნებოდი? ...

სოციალურად დაუცველი რუსუდან ჩაჩანიძე, რომელსაც ბინას სოხუმიდან დევნილი ლალი დამენია ედავება, ამბობს, რომ კორპუსის თავმჯდომარემ ქეთევან ყიფიანმა მისგან ბინაში დარჩენის სანაცვლოდ რვა ათასი დოლარი მოითხოვა. ის და მისი ოჯახი ფონიჭალაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და გასახლების შემთხვევაში ქუჩაში რჩება.

”ზოგს 3000, ზოგს 5000 დოლარი აქვს გადახდილი. მე ქეთევან ყიფიანმა 8000 დოლარი მომთხოვა. ვითომ კორპუსის თავმჯდომარეა და ამ დევნილების შუამავალი. ერთი გოჯი არაფერი გაგვაჩნია. მე რომ აქედან გამაგდონ, ტრიალ მინდორში ვრჩები”, - ამბობს რუსუდან ჩაჩანიძე.

გამოსახლების პროცესი

გამოსახლების პროცესი

კორპუსის თავმჯდომარე ქეთევან ყიფიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს ადამიანები უკვე ექვსი წელია დევნილების კუთვნილ ფართებში უკანონოდ ცხოვრობენ.

”მე არანაირი უფლება არ მაქვს ვინმე სადმე შევასახლო ან გამოვასახლო. მე რომ ვინმესგან ფული ამეღო, აქამდე დაკავებული არ ვიქნებოდი? მე არავისთვის არასდროს არანაირი თანხა არ მომითხოვია”, - ამბობს ქეთევან ყიფიანი.

სოხუმიდან დევნილი ლალი დამენია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მის კუთვნილ ბინაში, ნომრით 28, სოციალურად დაუცველი რუსუდან ჩაჩანიძის ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს და მათ სასწრაფო გასახლებას მოითხოვს. მის მოთხოვნას ზურგს სასამართლო გადაწყვეტილებაც უმაგრებს:
მე სად წავიდე? სად ვიცხოვრო? ორი პატარა შვილიშვილი მყავს. თუ ჩვენ არ გვეკუთვნის ეს ფართი, მაგათ როგორ ეკუთვნით? ...

”ბინა კი მაქვს, მაგრამ 14 ადამიანი ვცხოვრობთ იმ ბინაში. გადაამოწმონ ლტოლვილთა სამინისტროში და ნახონ. შვილები გაიზარდნენ, ყველას თავისი ოჯახი აქვს უკვე და გვჭირდება ფართი”, - ამბობს ლალი დამენია.

უახლოეს დღეებში ელოდება გასახლებას მერი გოგრიჭიანიც. მას ერთი შვილი 2003 წელს ვაზიანში სამხედრო სამსახურის შესრულების დროს დაეღუპა, მეორე შვილი ავღანეთში ქართულ მისიაში მსახურობს. ამბობს, რომ სხვა სახლ-კარი, გარდა ფონიჭალაში დაკავებული ფართისა, არ გააჩნია:

”მე სად წავიდე? სად ვიცხოვრო? ორი პატარა შვილიშვილი მყავს. თუ ჩვენ არ გვეკუთვნის ეს ფართი, მაგათ როგორ ეკუთვნით? თუკი დევნილებს ეკუთვნოდათ, მაშინ რატომ ჰქონდათ დაკეტილი ეს ფართები? რატომ არ ცხოვრობდნენ აქ?“ - კითხულობს მერი გოგრიჭიანი.

უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ ფლობს არანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დავა მიმდინარეობს დევნილებსა და ფონიჭალის მეოთხე მიკრორაიონის მეთერთმეტე კორპუსში შესახლებულ ოჯახებს შორის. თავად შენობა ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკი დავის ერთ-ერთ მხარეს დევნილები წარმოადგენენ, ფონიჭალაში მდებარე დაუმთავრებელ კორპუსში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დევნილთა სამინისტროს ეკისრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG