Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა კრიზისი და „ბალკანური მარშრუტი“


ჯარისკაცები მავთულხლართებს აბამენ, სლოვენიისა და ხორვატიის საზღვარი
ჯარისკაცები მავთულხლართებს აბამენ, სლოვენიისა და ხორვატიის საზღვარი

გაეროს ლტოლვილთა უწყება აკრიტიკებს ევროპის ქვეყნებს იმის გამო, რომ მიგრანტთა კრიზისის მოგვარების საქმეში არ თანამშრომლობენ და უკანონოდ კეტავენ საზღვრებს: მაკედონიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბალკანეთის მარშრუტს“ გადაკეტავს.

მაშინ როცა მაკედონია მეზობელ საბერძნეთთან თავის საზღვარს კეტავს და მისი პოლიცია ლტოლვილების მიმართ ცრემლმდენ გაზს იყენებს, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გასაბერი ნავებით კვლავ გადმოსხდებიან ხოლმე მიგრანტები. ლესბოსელები ამბობენ, რომ მათი კუნძულის ბედი თურქი კონტრაბანდისტების ხელშია. ლესბოსი შეიძლება ლტოლვილთა ბანაკად გადაიქცეს, თუ ახლანდელი საფრთხე რეალობად იქცა და იქიდან გასაღწევად ჩრდილოეთ ევროპისკენ მარშრუტი მართლაც გადაიკეტა. მაკედონიის პრეზიდენტმა, გიორგე ივანოვმა, გერმანიის პრესას განუცხადა, რომ შეიძლება გადაკეტოს ეგრეთ წოდებული "ბალკანური მარშრუტი", რომლის მეშვეობითაც მიგრანტები შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხვდებიან. ეს ივანოვმა განუცხადა გერმანულ გამოცემა "შპიგელს". ივანოვის თანახმად, როცა ავსტრია მიაღწევს თავის ლიმიტს და ამ ქვეყანაში შევა 37 ათას ხუთასი მიგრანტი, ის საბერძნეთთან მაკედონიის საზღვარს ჩაკეტავს. ამით გადაიკეტება „ბალკანური მარშრუტი", რომელსაც ასიათასობით მიგრანტი იყენებდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ჩასასვლელად. ეს შეიძლება სულ მალე მოხდეს, განაცხადა მაკედონიის პრეზიდენტმა, ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება, მალე შეიძლება უკვე ძალიან დაგვიანებული იყოსო.

ახლა არა გვიშავს, ჯერ კიდევ მზად ვართ, მაგრამ როცა რაოდენობა გაიზრდება და გაორმაგდება, მაშინ რა მოხდება, არ ვიცით...
მარიოს ანტრიოტისი

კუნძულ ლესბოსზე 90 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ გზით ევროპის ჩრდილოეთში უკვე გაემგზავრა მილიონამდე მიგრანტი, რომლებმაც თურქეთიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩააღწიეს საბერძნეთში, ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანაში. თებერვლის ბოლო შაბათ-კვირას ლესბოსზე რამდენიმე ათასი მიგრანტი გადასხდა. გარდა სირიელებისა, რომლებიც ომს გაურბიან, აქ არიან აფრიკელები, ერაყელები, სომალელები და პაკისტანელები, ტიბეტელებსაც კი შეხვდებით მათ შორის. 29 თებერვალს კუნძულზე მყოფ მიგრანტთა რაოდენობა სამი ათასი იყოო, განაცხადა მითილინის მერის წარმომადგენელმა, მარიოს ანტრიოტისმა: „ახლა არა გვიშავს, ჯერ კიდევ მზად ვართ, მაგრამ როცა რაოდენობა გაიზრდება და გაორმაგდება, მაშინ რა მოხდება, არ ვიცითო“. ლესბოსზე, რომელიც, სხვათა შორის, ტურიზმზე იყო დამოკიდებული, აღარ ჩადიან ტურისტები და ჩარტერული ავიარეისების სამი მეოთხედი გაუქმდა სწორედ ლტოლვილთა მოზღვავების გამო. შარშან შემოდგომაზე კუნძული მიგრანტებით გაივსო, ამ ფონზე კი საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები იმის გამო, რომ საბერძნეთში 24 ათასი მიგრანტი დაგროვდა. უწყების თქმით, ევროპის მთავრობები არ თანამშრომლობენ მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად, აწესებენ სასაზღვრო შეზღუდვებს, რითაც არღვევენ კანონს. „ამწუთას უკიდურესად საგანგაშო ვითარების მოწმენი ვართ. ევროპა იმყოფება თავის მიერვე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე. ეს იმან გამოიწვია, რომ საბერძნეთში დაგროვდა მიგრანტთა იმდენად დიდი რაოდენობა, რომ მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გაძნელდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროპის ქვეყნები, მათი შეთანხმებების მიუხედავად, არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ამას დაერთვის ის, რომ ქვეყნები, ერთიმეორის მიყოლებით, აწესებენ ახალ სასაზღვრო შეზღუდვებს, მიმართავენ არათანმიმდევრულ ზომებს, რაც იწვევს ადამიანების ტანჯვას, საფრთხეს უქმნის მათ. ამით ირღვევა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართალი“, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უწყების წარმომადგენელმა ადრიან ედვარდსმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვა წელს 132 ათასამდე მიგრანტმა გადაკვეთა. ეს რიცხვი აჭარბებს შარშანდელი წლის პირველი ნახევრის რაოდენობას. ლტოლვილთა უწყება გაფრთხილებით გამოდის საბერძნეთში შექმნილი ვითარების გამოც: საბერძნეთში მიგრანტთა დიდი ოდენობით მოგროვებას მოჰყვა სურსათის, კარვებისა და წყლის ნაკლებობა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიგრანტთა მისეულ პოლიტიკას არ ღალატობს. აი, რა თქვა მან, თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, წევრებთან შეხვედრაზე: „ლიბანში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ მილიონ-ნახევარი ლტოლვილია. თურქეთში 70 მილიონი ცხოვრობს და მან ორ-ნახევარი მილიონი პირი შეიფარა. და ახლა მე გეუბნებით თქვენ, რომ ისეთი კონტინენტი, როგორიცაა ევროპა, 500-მილიონიანი მოსახლეობით, დროებით შეიფარებს მილიონ სირიელს. არა მგონია, როგორც სირიის მეზობელი რეგიონისგან, ძალიან ბევრს მოვითხოვდე. და ვფიქრობ, მათი რიცხვი, ვინც ჩვენთან თავშესაფარს საჭიროებს, არც კი არის მილიონი. და ეს არის ის, რასაც ევროპის მოვალეობად მივიჩნევ, ასეთ დროს თავისი წვლილი გაიღოს“.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

მერკელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა, 28 წევრმა სახელმწიფომ, ერთად უნდა დაიცვას გარე საზღვრები, მაგრამ შიგნით, შენგენის ზონის შიგნით, საზღვრების შემოღება სიძნლეებს შეუქმნის საერთო ვალუტას, ევროს. ამიტომაც აქვს აზრი, შევიმუშაოთ გარე საზღვრების დაცვის ერთიანი პოლიტიკაო, ამბობს გერმანიის კანცლერი. მასთან ერთად ბერლინში პრესკონფერენციაზე მყოფმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა პირველ მარტს გერმანია შეაქო საიმიგრაციო პოლიტიკის სფეროში ღვაწლის გამო და გამოაცხადა, ყველა ერთად უნდა დაეხმაროს საბერძნეთსო:

„საჭიროა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ საბერძნეთს, რომ მან საკმარისი სახსრები მიიღოს. იოლი არ იქნება დახმარება იმ ვითარებაში, რომელიც მისი საზღვრის გასწვრივაა შექმნილი. ეს კარგად უნდა დავინახოთ. ორ მარტს ვხვდები თურქეთის პრეზიდენტს, ერდოანს. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს, შემდეგ კი მოვიფიქრებთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, თქვა ტიჰომირ ორეშკოვიჩმა ბერლინში და დასძინა, უნდა მოიძებნოს საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე ვითარების შეცვლის გზაო.

კუნძულ ლესბოსზე, იქ შექმნილი ვითარების მიუხედავად, სიმშვიდეა, საბერძნეთის სხვა არეალებთან შედარებით. მაკედონიის საზღვართან, როგორც ითქვა, შეტაკება მოხდა პოლიციასთან, ათენში მიგრანტებისთვის ბანაკია გამართული საბორნო ნავსადგურთან. პრობლემის გამწვავების თავიდან ასაცილებლად საბერძნეთის საზღვაო სამინისტრომ და კუნძულის პოლიციამ შეწყვიტა ჩარტერული საბორნო რეისები, რომლებითაც მიგრანტები კონტინენტზე გადაჰყავდათ. ევროპის ქვეყნებმა გააკრიტიკეს საბერძნეთი იმის გამო, რომ საკუთარი საზღვაო საზღვრების დაცვის გაძლიერების ნაცვლად, ის მიგრანტებს აქეზებს. მაგრამ საბერძნეთი აღმოჩნდა არა მხოლოდ დიდი რაოდენობის ლტოლვილთა, არამედ თავისებური მორალური მოვალეობის პირისპირ. 29 თებერვალს საბერძნეთის საზღვაო დაცვის გემმა მითილინის ნავსადგურში 435 მიგრანტი ჩაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG