Accessibility links

logo-print

ლუდის აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღების მომენტისთანავე გახდა ეკონომისტთა განსჯის საგანი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ლუდის ბაზარი და ლუდის წარმოებაზე მიმდინარე წელს მიღებული საგადასახადო ცვლილებების გავლენა შეისწავლა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

კვლევის თანახმად, 2015 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ლუდის ბაზარი 17 %-ით შემცირდა, რაც დიდწილად 2015 წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის ზრდას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ლუდზე აქციზი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის 17 ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, საგადასახადო კოდექსის 2014 წლის 12 დეკემბრის ცვლილებებით, 2015 წლის 1 მარტიდან აქციზი ალაოს ლუდზე 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა (1 ლიტრზე). ალაოს ლუდთან ერთად აქციზის განაკვეთები ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზეც გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებელთა ინფორმაციის თანახმად, 2006-2014 წლებში ლუდის ბაზრის მოცულობა საქართველოში 45 %-ით გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, იმპორტირებულ ლუდს საქართველოს ბაზრის, დაახლოებით, 3 % უჭირავს, 97 % კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. ადგილობრივი წარმოების წილი 2007 წელს 60 %-დან 2015 წლის დასაწყისისთვის 97 %-მდე გაიზარდა, რაც მიუთითებს ლუდის წარმოების როგორც ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების სერიოზულ შესაძლებლობაზე.

ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლუდის ბაზარი 2015 წლის 1 მარტიდან, 31 ივლისის ჩათვლით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით შემცირდა. მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს შემცირება, ძირითადად, აქციზის გაზრდით არის გამოწვეული.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდით სამინისტრო გეგმავს დამატებით 30-40 მილიონი ლარის მობილიზებას, თუმცა აქ რამდენია ლუდის წილი, ფინანსთა სამინისტრომ არ იცის. ამასთანავე, სამინისტროს არ გაუკეთებია იმის პროგნოზი, თუ რა ფისკალური ეფექტი ექნება აქციზის 50 %-ით გაზრდის გამო შემცირებულ ლუდის გაყიდვას და, შესაბამისად, მწარმოებლების შემცირებულ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ მთავრობა ასევე უნდა დაფიქრდეს ისეთ არაპირდაპირ უარყოფით შედეგებზე, როგორიცაა, მაგალითად, შემცირებული სამუშაო ადგილები და ხელფასები, შემცირებული ინვესტიციები და სხვა.

ორგანიზაციის თქმით, ლუდზე აქციზის არსებული განაკვეთი არის არაპროპორციულად მაღალი გადასახადი, რომელიც, თავის მხრივ, სერიოზულად აფერხებს ადგილობრივი მრეწველობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დარგს. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური უნდა დააკვირდნენ, მიმდინარე წლის 1 მარტიდან მომატებულმა აქციზმა რა გავლენა მოახდინა და მოახდენს ლუდის გაყიდვაზე. თუ ლუდის მწარმოებლებს გაყიდვა იმდენად შეუმცირდათ, რომ ამ კომპანიების დასაბეგრმა მოგებამ იკლო, შესაბამისად, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიც იკლებს. მათი დასაბეგრი მოგების შემცირების გამო სახელმწიფოსთვის დაკლებულმა გადასახადებმა შეიძლება გადააჭარბოს მომატებული აქციზით მიღებულ შემოსავალს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG