Accessibility links

logo-print

რას უმზადებს საქართველოს ალექსანდრ ლუკაშენკო


ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც მას არაერთი გულითადი მადლობა გადაუხადა უშუალო მასპინძელმა – პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული შეხვედრების შემდეგ, 23 აპრილს, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენციაც შედგა. ითქვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ვალდებულებები ბელორუსიის პრეზიდენტს არ წარმოუდგენია ბარიერად ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე საქართველოსთან, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია. რის სათქმელად ჩამოვიდა ლუკაშენკო თბილისში?

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მინსკის უცვლელი პოზიციის გამო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა საქართველოს მოქალაქეების სახელითაც გადაიხადა:

„ძალიან რთულ ვითარებაში ჩვენი ბელორუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამისათვის ჩვენ დიდი მადლობა ვუთხარით როგორც ბატონ პრეზიდენტს, ასევე მთელ ბელორუს ხალხს“.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი საგანგებოდ უსვამს ხაზს ბელორუსიის მნიშვნელოვან როლს „ერთიანი საარსებო სივრცის პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრის მიმართულებით“ და იმ ფაქტს, რომ მინსკი იქცა ქალაქად, „სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობისა და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად“. აღინიშნა, რომ, ამ თვალსაზრისით, მინსკმა პოზიტიური იმპულსი მისცა უკრაინის საკითხის განვითარებას.

არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ ხალხს, ბელორუს ხალხსა და რუს ხალხებს შორის... არსებობს გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ამის გადალახვა შესაძლებელია... საჭიროა დავისახოთ კონკრეტული მიზნები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები – და ჩვენ დღეს ამის შესახებ ვილაპარაკეთ...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების საკითხთან მიმართებით ალექსანდრ ლუკაშენკოს პოზიცია უცვლელია მას შემდეგაც, რაც რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან, მაგრამ 23 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამ მოკლე და კონკრეტულ სათქმელს ბელორუსიის პრეზიდენტმა წინ საკმაოდ ვრცელი შესავალი გაუკეთა. მან თქვა, რომ ის და პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალისტები არიან და ერთად დაფიქრდებიან, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ამჟამინდელი რიტორიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ დაახლოვდეს სახელმწიფოთა პოზიციები და „ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ოდესღაც იყო“. ალექსანდრ ლუკაშენკოს ხალხთა ურთიერთგაგების იმედი აქვს:

„არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ ხალხს, ბელორუს ხალხსა და რუს ხალხებს შორის... არსებობს გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ამის გადალახვა შესაძლებელია... საჭიროა დავისახოთ კონკრეტული მიზნები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები – და ჩვენ დღეს ამის შესახებ ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით პრეზიდენტისგან არ მაქვს მონიჭებული უფლებამოსილება, რომ ჩვენი შეთანხმების შესახებ ვილაპარაკო, მაგრამ ახლო მომავალში თქვენ ამას შეიტყობთ... ჩვენი პოზიცია თქვენ მიერ წამოწეულ პრობლემებთან მიმართებით უცვლელია, – წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ჩამოვიდოდი“.

ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

პრეზიდენტი ლუკაშენკო ოპტიმისტურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებითაც, რომ სხვადასხვა გზებით მიმავალი საქართველო და ბელორუსია მაინც მოახერხებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბელორუსიის პრეზიდენტს მოეწონა ქართველი კოლეგის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ ახალი კავშირები ახალი შესაძლებლობებია და რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის დახმარებაზე უნდა იზრუნოს. მას აქვს რწმენა, რომ თანამშრომლობა ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის წინაშე არსებული ვალდებულებების დაუვიწყებლადაც მოხერხდება:

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ბელორუსიის მონაწილეობით და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზებით საქართველოს მიერ. გონიერი ადამიანები ყოველთვის გამონახავენ თანამშრომლობის ფორმებსა და მეთოდებს ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი... ახლა ასეთი კატასტროფების პერიოდები არ არის და ასევე ღმერთმა ინება განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა“.

წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ბელორუსიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის (22–24 აპრილი) უმთავრეს მიზნად სახელდებაეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. იკვეთება იმედი ერთობლივი საწარმოების შექმნის მიმართულებით და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულსა თუ სატრანსპორტო სფეროებში. ლუკაშენკო სიამაყით აცხადებს, რომ მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათობით ქართველმა და ბელორუსმა ბიზნესმენმა, 200 მილიონი დოლარის საქონელბრუნვის იმედი გამოიკვეთა, მაშინ როცა, ბოლო მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის მაჩვენებელი 65 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. მილიონიანი პერსპექტივის გაჩენა ბელორუსიის პრეზიდენტისთვის იმის დასტურია, რომ შესაძლებელია ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მაშინაც, როცა ერთი ევრაზიული კავშირის წევრი, ხოლო მეორე ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია.

პრეზიდენტის სასახლეში, ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვამდე, ხელი მოეწერა არაერთ ორმხრივ დოკუმენტს და მათ შორის – პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებასაც. დოკუმენტებზე ხელმოწერების პროცესი 23 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაშიც გაგრძელდა, რის შემდეგაც ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ოფიციალური წყაროს ცნობით, პრემიერმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. საგანგებო აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG