Accessibility links

logo-print

მაკედონიაში ვადამდელი არჩევნები 5 ივნისს გაიმართება


საპროტესტო აქცია სკოპიაში

საპროტესტო აქცია სკოპიაში

მაკედონიაში 5 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა პარლამენტი დაითხოვეს. დედაქალაქი ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

მაკედონიაში 5 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა პარლამენტი დაითხოვეს. ეს ნაბიჯი ნაწილი იყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ფართოდ გავრცელებული ფარული მოსმენების შესახებ სკანდალით გამოწვეული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას. ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს.

კრიზისი მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა ამნისტია შეუფარდა 56 პირს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ სკანდალთან. მთავრობას ადანაშაულებენ ათასობით მოქალაქის სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მაკედონიის დედაქალაქში მწვავე და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ბოლო სამი დღის განმავლობაში. სკოპიეში 14 აპრილს გამართულ აქციაზე დაშავდა ექვსი პოლიციელი, დააკავეს ერთი დემონსტრანტი.

ოპოზიციური პარტია „დოსტოინსტვოს“ ლიდერმა, სტოიანჩე ანგელოვმა, 14 აპრილს სააგენტო „როიტერსს“უთხრა:

"საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ [მაკედონიის მთავრობას] ვაიძულებთ გადადგეს და სანამ დაკომპლექტდება ექსპერტებისგან ან ტექნოკრატებისგან შემდგარი მთავრობა, რომელიც ნორმალურ ატმოსფეროს შექმნის ამ პატარა და დანგრეულ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს ღარიბი, მაგრამ კარგი და კეთილი ხალხი. გვინდა გაიმართოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, სადაც ხალხი თავისუფლად მისცემს ხმას“.

მოქალაქეების ბრაზი სკოპიეს ქუჩებში გამოვლინდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ივანოვმა 12 აპრილს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში თქვა, რომ დაასრულა საგანგებო გამოძიება იმ პირების გარშემო, რომლებსაც უკანონო მოსმენებთან კავშირში ადანაშაულებენ და რომელთა შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკიც არის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა 50-ზე მეტი ოფიციალური პირი, რომლებსაც მოსმენებთან შეიძლებოდა ჰქონოდათ კავშირი.

ამ განცხადების გაკეთებიდან ცოტა ხანში მოქალაქეები პრეზიდენტის ოფისის წინ შეგროვდნენ და შენობას კვერცხები დაუშინეს.

ამას მოჰყვა შეტაკებები პოლიციასთან კოალიციის მთავარი პარტიის ოფისთან - პარტიისა, რომელსაც 10 წელიწადზე მეტხანს გრუევსკი ედგა სათავეში.

13 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ოფისში ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ - იქიდან ავეჯი გამოიტანეს და დაწვეს.

გავრცელებული ცნობებით, ფარული მოსმენები მოიცავს 20 000-მდე მოქალაქის საუბრებს - პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა პირების.

მაკედონიის მმართველმა პარტიამ 15 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ის ქვეყანაში მოქმედ კიდევ სამ უმსხვილეს პარტიას მოუწოდებს გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნით მიმართონ პრეზიდენტს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგარეო ძალებისგანაც მოჰყვა კრიტიკა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ივანოვის გადაწყვეტილება ჯგუფური შეწყალების შესახებ ქმნის საფრთხეს, რომ „ძირი გამოეთხაროს ქვეყანაში წლების განმავლობაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიმდინარე ძალისხმევას კანონის უზენაესობის გასამყარებლად“.

ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვითარება „ნამდვილად მძიმდებაო“ და დასძინა, მოსმენების გამოძიების შეწყვეტა წინააღმდეგობაში მოდის „კანონის უზენაესობის ჩემეულ გაგებასთანო“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ ვაშინგტონი „ძალიან შეშფოთებულია“ ივანოვის გადაწყვეტილებით - რომელიც, განცხადების თანახმად, „დაიცავს კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს და მაკედონიის მოქალაქეებს სამართალს წაართმევს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG