Accessibility links

logo-print

ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

ძროხა, სახელად მადონა, აზერბაიჯანის მთიან სოფელ ლაჰიჯში ცხოვრობს. ეს ძროხა ვისთვის წმინდაა, ვისთვის კი - ცოდვილი. მისი სასწაულმოქმედების მხოლოდ ერთ კაცს სჯერა, მისსავე პატრონს. სოფლის მკვიდრნი კი ამბობენ, რომ ძროხა სოფელს უბედურებას მოუტანს. მღელვარების მიზეზი ძროხის „ევროპული“ წარმომავლობაა.

ძროხის პატრონი ლაჰიჯელი თაფდიგია. მას მტკიცედ სჯერა, რომ ძროხის სწორედ ეს ევროპული წარმომავლობა, ანუ მეწველი და ხორციანი ჯიში, მისი ოჯახის გადარჩენისა და კეთილდღეობის საწინდარია.

ძროხა მადონასა და თაფდიგის ამბავს აზერბაიჯანელი რეჟისორი იმამ ჰასანოვი ჰყვება თავის პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში „წმინდა ძროხა“. ფილმის საპრემიერო ჩვენება თბილისში 22 ოქტომბერს გაიმართა, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, CineDoc-ის, ფარგლებში. ფილმი, თბილისის გარდა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უჩვენეს. ქართული ტურნეს დასრულების შემდეგ იმამ ჰასანოვი რადიო თავისუფლებას ესტუმრა. მას ჩვენი კოლეგა სალომე აფხაზიშვილი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: უპირველესად, ფილმის ისეთი დეტალების შესახებ მოგვიყევით, რომლებიც მაყურებლისთვის უცნობია. როგორ იპოვეთ გმირი ან სოფელი, სადაც ამბავი ვითარდება?

იმამ ჰასანოვი: აზერბაიჯანის ეროვნულ ტელევიზიაში მუშაობის დროს აზერბაიჯანის სოფელ ლაჰიჯში გავემგზავრე რეპორტაჟის მოსამზადებლად. იქ ერთ კაცს შევხვდი, რომელიც ჩემი ფილმის მთავარი გმირის, თაფდიგის, მეგობარი აღმოჩნდა. სწორედ მან მითხრა, რომ თაფდიგი „ევროპული ძროხის“ ყიდვას აპირებდა. ამან თავიდან არ დამაინტერესა, მაგრამ როცა თაფდიგს შევხვდი, ჩემში გაოცება უფრო მეტად ამ კაცის ხელებმა გამოიწვია. ეს მუყაითი, ღარიბი კაცის ხელები იყო. ის სოფელში მცხოვრები ერთი ჩვეულებრივი კაცი გახლდათ. ვთხოვე თავისი სახლი ეჩვენებინა. მის ცოლსაც შევხვდით, რომელსაც არ სურდა, რომ მათი სახლი გადაგვეღო და ნამდვილად არ იყო ბედნიერი ჩემი გამოჩენით. მაშინვე ვკითხე, რატომ აღიქვამდა ჩვენს იქ ყოფნას პრობლემად. მითხრა, სოფლის მოხუცებს არ მოეწონებათ ეს ამბავიო. მიდით და თავად დარწმუნდებით, უპირვლესად მათგან უნდა აიღოთ ნებართვა სოფელში გადაღებების თაობაზეო. დავთანხმდი. შემდეგ ჩემი სახელი მკითხეს. ძალიან გაუხარდათ, როდესაც ვუთხარი, რომ იმამი მერქვა. ალბათ, იმიტომ რომ ეს ძალიან რელიგიური სახელია. მეუბნებოდნენ, რა შესანიშნავი სახელი გაქვსო, ჩვენ მეგობრები ვართო და ა. შ. ძალიან შთამბეჭავად გამოიყურებოდნენ. შემდეგ ვუთხარი, რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, უბრალოდ, მათი სოფლის გადაღებას აპირებდა. დამთანხდნენ.

რადიო თავისუფლება: ფრონტლაინკლუბში გამართული ჩვენების შემდეგ ერთ-ერთმა სტუმარმა კითხვა დაგისვათ, თავად რამდენად ერთვებოდით ფილმის კონკრეტული სცენების დადგმაშიო? ეს კითხვა მეც გამიჩნდა. რას გვიპასუხებთ?

იმამ ჰასანოვი: ამ ფილმს სამი წელი ვიღებდი. ჩემი მონაწილეობა ფილმისთვის სცენების მომზადებაში იმით გამოიხატებოდა, რომ მთავარ გმირებს, უბრალოდ, ვთხოვდი, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტდნენ, ჯერ მე დამლოდებოდნენ. მაგალითად, ვეუბნებოდი, რომ ჩემს ჩასვლამდე არ წასულიყვნენ ძროხის საყიდლად. ფილმში არის სცენა, როდესაც თაფდიგი სახლის აშენებას იწყებს. ეს ჩემი ფილმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო, ამიტომ წინასწარ გავაფრთხილე, რომ დამლოდებოდნენ. ზოგჯერ თაფდიგს არ ჰქონდა ჩემი იქ ყოფნის სურვილი და გარკვეული დეტალების გადაღებას ვერ ვახერხებდი, ამიტომ მოგვიანებით ვთხოვდი ხოლმე, რომ სცენების გადასაღებად რაიმე განსაკუთრებული გაეკეთებინა....შეიძლება ეს შეცოდმაც იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემთვის, როგორც დოკუმენტური ფილმის რეჟისორისთვის, კარგი გაკვეთილია შემდეგ პროექტზე სამუშაოდ.

რადიო თავისუფლება: მანამდე იცოდით იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც თაფდიგსა და მის თანასოფლელებს შორის არსებობდა „ევროპული ძროხის“ სოფელში მოყვანასთან დაკავშირებით?

იმამ ჰასანოვი: არა, ცხადია, არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანში ლაჰიჯის მსგავსი ბევრი ტრადიციული სოფელია, სადაც ნებართვა ქორწინებისთვისაც კი გჭირდება. ასეთ სოფლებში ისიც კი ხდება, რომ შვილებისთვის ცოლებსა და ქმრებს მშობლები ეძებენ. ძროხის ყიდვასთან დაკავშირებული წინააღმდეგობაც სწორედ ამ სახის ტრადიციებიდან მომდინარეობდა. იყვნენ სოფლის ახალგაზრდები, რომლებსაც ასევე არ უნდოდათ კამერის წინ გამოჩენა. უსიამოვნებებს შევხვდით ჩაიხანებშიც, სადაც ვცდილობდი ადგილობრივებისთვის ამეხსნა, რომ მე მათ პრობლემებს არ შევუქმნიდი. ზემოთ უკვე ვახსენე წინააღდეგობა, რომელიც თაფდიგის ცოლისგან მოდიოდა, თუმცა მოგვიანებით ის დაგვიმეგობრდა, რაც ძალიან დაგვეხმარა, რომ კამერის წინ გულწრფელი ყოფილიყო. კულტურული კონტექსტი, რომელშიც ამ ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მაფიქრებდა იმაზე, ვაითუ ადგილობრივებს არ მოეცათ თავისუფლად მუშობის შესაძლებლობა. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გადაგვიყვანეს განყოფილებაში. ამას გარდა, მკაცრი ზამთარი დაგვემთხვა. სოფელში იმხელა თოვლი მოვიდა, გზის დანახვა ჭირდა, არათუ კადრის გასწორება.

რადიო თავისუფლება: ახლახან დასრულდა თქვენი ფილმის ჩვენება საქართველოში. თქვენ შესაძლებლობა გქონდათ მაყურებლის ემოციებსა და შეფასებებს დაჰკვირვებოდით. როგორ მიიღო ფილმი საქართველომ?

იმამ ჰასანოვი: ამ მხრივ საინტერესო გამოცდილება მივიღე როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ქართველებს ფილმი მოეწონათ. ეს ბუნებრივიცაა. ჩვენი ტრადიციები ერთმანეთს ჰგავს, კულტურული კონტექსტიც მსგავსია. ერთ-ერთი ჩვენება ფერმერებთანაც მოვაწყვეთ. ამბობდნენ, მოგვეცი ფილმი და სხვა ფერმერებსაც ვაჩვენებთ, იქნებ მათაც გაუჩნდეთ მსგავის ძროხის შეძენის სურვილიო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ჩვენებების შემდეგ აზრებაიჯანშიც იმართებოდა ფართო დისკუსიები, საქართველოში ეს პროცესი უფრო საინტერესოდ წარიმართა. ამის მიზეზად ის შემიძლია დავასახელო, რომ აზერბაიჯანის სოფლებში თითქმის არ არსებობს ფილმების ჩვენებისა და მათი შემდგომი განხილვების გამოცდილება. ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც რეჟისორი მაყურებელს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. ეს მათთვის სიახლე იყო.

საქართველოში გამართული ერთ-ერთი ჩვენების დროს ერთმა გოგონამ მკითხა, რატომ ვცდილობდი აზერბაიჯანის კომიკურად ჩვენებას და იმაზე მითითებას, რომ იქ ხალხი ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობს, რაზეც ვუპასუხე, რომ მე არაფერს ვიგონებდი, პირიქით, როგორც რეჟისორი, ცუდის ჩვენების წინააღმდეგიც კი ვარ. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ფილმი რეალობას ასახავს, რომ მე უშუალოდ ვიცნობდი ადამიანებს, რომელთა შორისაც კულტურული განხეთქილებები არსებობდა. ქრისტიანული და ისლამური სამყაროს დაპირისპირებაც ხომ ფაქტია. „ევროპული ძროხა“ ჩემთვის მეტაფორაა სიახლის, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებაში ბევრ სირთულეს ხვდება.

რადიო თავისუფლება: გუშინ მითხარით, რომ იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაყურებელი დარბაზს ფილმის დასრულებამდე ტოვებდა. რატომ?

იმამ ჰასანოვი: მიზეზი განათლების პრობლემაში უნდა ვეძიოთ. ისინი დოკუმენტურ თუ არტჰაუს ფილმებს კომედიებსა და საპნის ოპერებს ამჯობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CineDoc-ი უკვე მეოთხე წელია არსებობს და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი კინოფესტივალია, აქაც კი იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა მაყურებელი დარბაზს ტოვებდა. აზერბაიჯანში საერთოდ არ გვაქვს საერთშორისო კინოფესტივალები, არც მხატვრული, არც დოკუმენტური. ქალაქებშიც კი გაგიჭირდება ვინმე კინოში მიიყვანო და ასეთი დოკუმენტური ფილმები აჩვენო. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ფილმის გმირებთან აიგივებენ თავს. ერთმა ქალმა მითხრა, რომ მასაც ჰყავდა ლამაზი ძროხა, რომელსაც ამის შემდეგ უფრო კარგად მოექცეოდა.

რადიო თავისუფლება: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ურთერთობის ის ფორმა, რომელიც ამ ფილმით გვაჩვენე. ეს არის ცხოველის და ადამიანის ურთიერთობა ოჯახური თუ სხვა ყოველდღიური ცხოვრების ფონზე. რა მიზანი ჰქონდა ამას?

იმამ ჰასანოვი: მსოფლიოში არსებობს ასეთი ურთიერთობები - სიყვარული ცხოველებსა და ადმიანებს შორის. ჩემს ფილმში ამ ურთიერთობის ყველაზე საუკეთესო ფორმაა ნაჩვენები. დასაწყისში ნამდვილად არ ვიცოდი, ასე თუ უყვარდა ფილმის გმირს თავისი ძროხა. როდესაც ვფიქრობ, თუ რამ განაპირობა ამგვარი სიყვარული, ერთ დასკვნამდე მივდივარ: ეს ძროხა თაფდიგის უმთავრეს მიზანს განასახიერებდა. ჩემთვის გასაოცარი იყო მათი პირველი შეხვედრა. როდესაც თაფდიგი ამ ძროხას ხედავს, თვალები უფართოვდება, თითქოს არც სჯერა, რომ მის ყიდვას ახერხებს. მის გამომეტყველებაში ჩანს აღფრთოვანება იმით, რომ მშვენიერი მადონა აქ და ახლა მას ეკუთვნის. შემდეგ ეს სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება. ფილმში არის სცენა, როდესაც თაფდიგი მადონას ეფერება. მადონა სრულიად ბედნიერია ამით. ძროხაც გრძნობდა იმ განსკუთრებულ სიყვარულს, რომელიც პატრონს მის მიმართ ჰქონდა, ცოლი კი ბრაზობდა, რატომ უთმობდა ქმარი ამდენ დროს ძროხას და არა ოჯახს.

რადიო თავისუფლება: გარდა იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ ერთი ადამიანის მისწრაფება, რაც ძროხის ყიდვაში გამოიხატა, ფილმმა ისიც დაგვანახვა, თუ როგორ რეაგირებენ აზერბაიჯანის ტრადიციულ სოფლებში ევროპასთან დაახლოების თემაზე...

იმამ ჰასანოვი: ფილმში ევროპულ იდეაზე ან კულტურაზე არ ვსაუბრობ. ეს უფრო მეტად ტრადიციულსა და ახალს, გუშინდელსა და ხვალინდელს შორის არსებული წინააღმდეგობაა, რომელიც ყველგან არსებობს: საქართველოშიც, რუმინეთშიც, ჩეხეთშიც, მოლდოვაშიც... სწორედ ამით არის უნიკალური ეს ამბავი. სიახლეს ყოველთვის მარტივად ვერ იღებენ, განსაკუთრებით - ტრადიციულ საზოგადოებაში. ჩვენთან ისიც არ მოსწონთ, ახალგაზრდებს მოკლე შარვლები და ჯინსები რომ აცვიათ. ამ ფორმით ქუჩაში სიარული ძველი თაობისთვის მიუღებელია. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ყოველდღიურობაში სიახლის მიმართ წინააღმდეგობაზე ვსაუბრობ.

რადიო თავისუფლება: აზერბაიჯანელ ახალგაზრდებზე მინდა გკითხოთ. მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც თანამედროვეობას ეწინააღმდეგებიან?

იმამ ჰასანოვი: გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თანამედროვე პროცესებში უფრო აქტიურად ერთვებიან. მათ დაიწყეს მოგზაურობა და ცხოვრება საქართველოში, ბერლინში. ისინი საკუთარ ისტორიას ქმნიან. ჩვენთან პატარა კაფეებიც გაიხსნა, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და ეცნობიან ერთმანეთს. თეატრიც არის, სადაც მეც ვმუშაობდი. ახლა მხატვრები, კინემატოგრაფისტები და ფოტოგრაფები საერთო საქმეს ემსახურებიან. ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად ძალიან უნდათ რაიმეს შეცვლა ქვეყანაში. ეს მაბედნიერებს და იმედს მაძლევს.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა სოციალური და პოლიტიკური თემები ან აქცენტები პროექტებში, რომლებზეც ახლა მუშაობთ,?

იმამ ჰასანოვი: სოციალური და პოლიტიკური პრობლემები ყოველთვის არსებობს ჩვენს გარშემო, არსებობდა წარსულშიც და იარსებებს მომავალშიც. ისევ აფრიკის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქ ადამიანები იღუპებიან, თუმცა არის ქვეყნები, რომელთაც ეს არ ადარდებთ. ასეთი პრობლემები იქამდე იარსებებს, ვიდრე ტვინის იმაზე მეტ პოტენციალს არ გამოვიყენებთ, ვიდრე ახლა ვიყენებთ. მხოლოდ ასე შეიძლება ჰუმანური სამყაროს შექმნა... ჩემი ფილმი ზღაპარია, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ნათელია, რომ ის სოციალურ პრობლემაზე გვიყვება.

რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვას დაგისვამთ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს ხშირად არ უყვართ ხოლმე კითხვა მათი ნამუშევრის მთავარი მიზნის შესახებ. ჩვენი საუბარი შევაჯამოთ, ვუთხრათ რადიო თავისუფლების მსმენელს, რა არის ფილმის მთავარი იდეა.

იმამ ჰასანოვი: ეს ორ განსხვავებულ სამყაროს შორის არსებული წინააღმდეგობაა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანებისთვის მეთქვა: იყავით გონიერები და მიჰყევით თქვენს ოცნებებს. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შეგხვდებათ წინააღმდეგობები, მაგრამ თქვენი ამოცანაა გადარჩეთ და გააგრძელოთ არსებობა. როგორც კი ერთ ოცნებას აიხდენთ, მეორეზე გადადით, რადგან როდესაც ოცნებები მთავრდება, სიკვდილიც დგება. ყველას ვუსურვებ, რომ განაგრძონ ოცნება და ბედნიერები იყვნენ იმ სურვილებით, რომლებიც მათ სტიმულს აძლევს და ამოძრავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG