Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფლება პოლიტიკურ თეფშებს” - მედიამ ”მაესტროს” მხარდასაჭერი მორიგი აქცია გამართა


”მაესტროს” მხარდასაჭერი აქცია
”მაესტროს” მხარდასაჭერი აქცია
25 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან ”მაესტროსათვის” დაყადაღებული ქონების დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ჟურნალისტებს სოლიდარობა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს - მათ ხელში სიმბოლურად ერთჯერადი თეფშები ეჭირათ, რომლებსაც ”მაესტროსა” და ”მე-9 არხის” ლოგოები ეხატა.

”იძებნება ინფორმაციის გავრცელებისათვის” - ამ შინაარსის მინაწერი ჰქონდა პლაკატებს სატელიტური თეფშების გამოსახულებით, რომლებიც 25 ივლისს გამართული ”მაესტროს” მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ეჭირათ. ჟურნალისტებიც და აქციას შეერთებული მოქალაქეებიც ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღების ფაქტს და, ზოგადად, მედიის თავისუფლების შეზღუდვას ზემოთ აწვდილი ერთჯერადი თეფშებით აპროტესტებდნენ.

” ‘თავისუფლება პოლიტიკურ თეფშებს’ - ასეთია ჩვენი დევიზი. საქართველოში თეფში უკვე იქცა დევნის საგნად. თუ გვინდა, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, მაშინ თავი უნდა დავანებოთ თეფშების დევნას, ჟურნალისტების ცემას და ხელი არ უნდა შევუშალოთ საქმიანობაში. სხვა შემთხვევაში ჩვენი არჩევანი, რომელიც ოქტომბერში გველის, ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება”, - ამბობს რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე.
პირველ რიგში ჩვენი ვალია საკუთარი თავი დავიცვათ. ამას თუ ვერ მოვახერხებთ, დაიჯერებს ჩვენსას რამეს საზოგადოება? არ დაიჯერებს...
ლაშა ტუღუში

ნორმალურ სამუშაო გარემოს მოითხოვს რადიო ”პალიტრის” ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მისი თქმით, უკვე მეორე წელია ჟურნალისტებს მედიის თავისუფლების დაცვა ქუჩაში საპროტესტო აქციებით უწევთ:

”მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ”მაესტროს” მხარდაჭერაა, ეს არის მთელი ქართული მედიის მხარდაჭერა, რადგან პრობლემა, რომელიც ექმნება ”მაესტროს” თუ ”მე-9 არხს”, ეს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაა, მეტი არაფერი, ასეთი გზით კი შეუძლებელია თუნდაც ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.”
დიანა ტრაპაიძე
დიანა ტრაპაიძე

პარლამენტის წინ აქციაზე მისული ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე კი ფიქრობს, რომ მისთვის და მისი კოლეგებისათვის ისევე გაუგებარია ”მაესტროს” კუთვნილი ქონების დაყადაღების მიზეზები, როგორც ამ ათი დღის წინ. დამატებითი განმარტებები მათთვის არავის მიუცია:

”არაფერი შეცვლილა. ეს ჩვენი კუთვნილი ქონებაა, ეს არის ინფორმაციის წყარო, რომელიც არჩევნების წინ ყველას სჭირდება.”

აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები იხსენებდნენ, რომ 2011 წლის ზაფხულიდან, ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის დაკავების დღიდან, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მედიასაშუალების დაცვის მიზნით, ჟურნალისტების აქციები არ შემწყდარა. როგორც ”ალია” ჰოლდინგის წარმომადგენელი დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, თავისუფალი სიტყვის დასაცავად მედია ქუჩაში კვლავაც გამოვა.

აქციაზე საკუთარ პროტესტს ერთჯერადი თეფშებით ხელში გამოხატავდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ჯემალ გაგოშიძე და ქეთევან მებონია ფიქრობენ, რომ ადამიანებს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ - უნდა ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ რომელ სატელევიზიო არხს უყურონ.
ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

აქციის მონაწილეებმა სატელიტურ თეფშზე, სოლიდარობის ნიშნად, საკუთარი სახელი და გვარებიც დაწერეს. როგორც გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ თეფშს ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნიან. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ჟურნალისტების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მედიისათვის ეს პრინციპული საკითხია:

”პირველ რიგში ჩვენი ვალია საკუთარი თავი დავიცვათ. ამას თუ ვერ მოვახერხებთ, დაიჯერებს ჩვენსას რამეს საზოგადოება? არ დაიჯერებს..."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG