Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალმთიანი სოფლების ნაწილში მარტივდება მიწის რეგისტრაცია


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები, შესაძლებლობა ეძლევათ, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირონ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული მოსახლეობა და მომუშავე ბიზნესი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონი 2015 წელს იქნა მიღებული და შეღავათების პაკეტი გულისხმობს როგორც პირდაპირ სოციალურ დახმარებას, ჯანდაცვის პაკეტებს და ა.შ., კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე შეღავათებს მეწარმეებისთვის, კერძოდ, საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათი წლის ვადით იმ მეწარმე სუბიექტების გათავისუფლებას, რომელთაც „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიენიჭებათ მთავრობის გადაწყვეტილებით. თუმცა კანონპროექტი აწესებს გამონაკლისებსაც და ადგენს, რომ ეს საგადასახადო შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს მომსახურების მიმწოდებელ და სავაჭრო ბიზნესებზე, ასევე იმ საწარმოზე, რომლის საქმიანობაც ლიცენზირებას ან ნებართვას საჭიროებს. თუმცა კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობას შეეძლება გამონაკლისი შემთხვევები დააწესოს და ამ სექტორებში მოქმედ სუბიექტებზეც გაავრცელოს საგადასახადო შეღავათები. საგამონაკლისო კრიტერიუმებს მთავრობა თავად დაადგენს.

ამჯერად მთიანი რეგიონების შეღავათებს ახალი ხელშემწყობი პაკეტი დაემატა.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ოთარ იაშაღაშვილმა განუცხადა, ამ პროგრამით დაეხმარებიან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ ამ ქონებას.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალში 1600-მდე სოფელი შედის, რაც, სხვათა შორის, თავის დროზე დასახლებების ნაწილის პროტესტის საგანიც გახდა, ახალი შეღავათი ყველა მათგანს არ შეეხება.

ამ ეტაპისთვის მთავრობის მიერ მიღებული დანართით განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. ამჟამად საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანა ფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ეს სია კიდევ გაიზრდება.
იგეგმება აღნიშნული სიის განახლება იმ მაღალმთიანი დასახლებების მიხედვით, რომლებშიც ეტაპობრივად დამტკიცდება განაშენიანების რეგულირების გეგმა.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონის კონკრეტულ სოფელში მცხოვრები დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და წარუდგენს იმ დოკუმენტაციას, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული და გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებით.
განაცხადის შეტანის შემდეგ მოწვეული იქნება დასახლების საერთო კრება, რომელმაც უნდა დაადასტუროს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობა, ამის შემდეგ აღიძვრება შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და დაინტერესებულ პირს, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მიწის ნაკვეთი უკვე საბოლოოდ გადაეცემა საკუთრებაში.
მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით - ერთი ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის საფასური შეადგენს ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG