Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნეს


მოსკოვში სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო ციხეში გარდაცვლილი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც სიცოცხლეში კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი.

მაგნიტსკი, რომელიც ბრიტანული საინვესტიციო ფონდის, „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი იყო, წინასწარი დაკავების დაწესებულებაში 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალებამდე მას სცემდნენ და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდნენ.

მაგნიტსკის პროცესი რუსეთის ისტორიაში პირველ შემთხვევაა გარდაცვალების შემდეგ გასამართლებისა, რაც აძლიერებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობით შეშფოთებას.

მაგნიტსკის 2008 წელს წაუყენეს ბრალად გადასახადების გადაუხდელობა - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მაგნიტსკის 11-თვიანმა დაკავებამ და შემდეგ, 2009 წელს, ციხეში მისმა სიკვდილმა საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციებიც დაუწესა.

ხუთშაბათს სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ხელმძღვანელი უილიამ ბრაუდერი - მას 17 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობა ბრალდებოდა. ბრაუდერს ცხრა წლით მიუსაჯეს პატიმრობა, დაუსწრებლად.

ბრაუდერის განაჩენი მოსამართლე იგორ ალისოვმა ასე გამოაცხადა:
„უილიამ ბრაუდერს მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში და სამი წლით ჩამოერთვას რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების უფლება“.

ბრაუდერი - ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი ინვესტორი - სათავეში უდგას საერთაშორისო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მისი აზრით მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების დასჯას და რუსეთში კორუფციის გამოაშკარავებას.

რუსეთის განკარგულებაში ბევრი მექანიზმი არ არის ბრაუდერის ციხეში მოსათავსებლად.

ბრაუდერი ბრიტანეთში ცხოვრობს, ინტერპოლს კი უარი აქვს ნათქვამი მისი სახელის ძებნილთა საერთაშორისო სიაში შეტანაზე, რადგან მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მაგნიტსკი ამბობდა, რომ მას ცუდად ეპყრობოდნენ და უარს ეუბნებოდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე.
ადვოკატს აწუხებდა ჰეპატიტი, დიაბეტი და გულის დაავადება. ის აცხადებდა, რომ საპატიმროს ადმინისტრაცია აიძულებდა ეღიარებინა გადასახადების გადაუხდელობა და ბრაუდერის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
კრემლთან მოქმედმა ადამიანის უფლებების საბჭომაც წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებდა ვარაუდს, რომ მაგნიტსკის ციხეში სცემდნენ.

მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ვარაუდები უარყო - ის მიიჩნევს, რომ ადვოკატი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ გამოძიება დაიხურა, თუმცა 2011 წელს ის განახლდა, ახალი კანონის ფარგლებში, რომელიც დასაშვებს ხდის ადამიანების სიკვდილის შემდეგ გასამართლებას.

ამ კანონის მიზანი, ოფიციალური განსაზღვრებით, ის არის, რომ გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს მისი სახელის რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
თუმცა მაგნიტსკის საქმის განახლება ადამიანის უფლებების დამცველებმა დაგმეს და მას უკანონო უწოდეს იმის გამო, რომ მაგნიტსკის ოჯახის წევრებს ამაზე თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული.

მაგნიტსკის ქვრივის, ნატალია ჟარიკოვას ადვოკატმა, დმიტრი ხარიტონოვმა ხუთშაბათს რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში სასამართლოს გადაწყვეტილება ასე შეაფასა:

„პირადად მე, როგორც ადვოკატი, რომელიც სერგეი მაგნიტსკის ერთი წლის განმავლობაში იცავდა, ფარსად მივიჩნევ იმას, რაც ხდება. ჩვენ პრინციპულად ვთქვით უარი ამაში რაიმე სახის მონაწილეობაზე“.

მაგნიტსკის ქვრივი და ოჯახი სასამართლო პროცესის შეწყვეტას ითხოვდნენ და მას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG