Accessibility links

logo-print

აშშ-ში „მაგნიტსკის სიის“ გაზრდას ითხოვენ


მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი აპარტამენტი მანჰეტენზე

მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი აპარტამენტი მანჰეტენზე

ამერიკელი პროკურორები განიხილავენ საქმეს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს იმ პირთა ქონების კონფისკაცია, რომლებიც განსვენებული რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის მიერ მხილებულ ელიტურ კორუფციულ კავშირებში არიან ეჭვმიტანილნი. ამ საქმეზე მუშაობის პროცესში ბრალდებას შეუძლია ძლიერი არგუმენტებით უზრუნველყოს ის ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც ესწრაფვიან გაიზარდოს ცნობილი რუსი ადვოკატის სიკვდილთან დაკავშირებული იმ მოხელეთა სია, რომლებზეც სანქციები ვრცელდება.

როდესაც ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საპყრობილის ვიწრო კამერაში იყო გამომწყვდეული, რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, რომლებმაც, სავარაუდოდ, კრიმინალური ფინანსური მაქინაციებით დააგროვეს ქონება, ნიუ-იორკის ფეშენებელურ აპარტამენტებში ცხოვრობდნენ. ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც 2009 წელს ფინანსური სქემით რუსეთის ხაზინიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საქმე გახსნა, საპყრობილეში საეჭვო გარემოებაში დაიღუპა. ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ამ მითვისებული თანხის ნაწილით მანჰეტენზე კერძო საკუთრება იქნა შეძენილი.

კონკრეტული საჩივარი, რომელიც 10 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, „უოლ სტრიტის“ რაიონში ოთხი აპარტამენტისა და ასევე ორი კომერციული ფართობის კონფისკაციას შეეხება. საჩივარში დეტალურად არის აღწერილი ასევე მაქინაციის მთელი სქემა. თუკი სასამართლო მხარს დაუჭერს ამ სარჩელს, მაშინ ქონების კონფისკაცია იქნება პირველი ნაბიჯი იმ გახმაურებულ საქმეზე, რასაც ევროპის რამდენიმე ბანკში უკვე მოჰყვა ანგარიშების გაყინვა.

უილიამ ბრაუდერი „ჰერმიტიჯ კაპიტალ მენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორია. სწორედ ეს კომპანია აღმოჩნდა იმ კრიმინალური შეთქმულების ობიექტი, რომელიც სერგეი მაგნიტსკიმ ამხილა. როგორც ბრაუდერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ქონების კონფისკაციის საქმის გამოძიებას მსვლელობა იმ საჩივარმა მისცა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მან შეადგინა და რომლის განხილვა გზას უხსნის მაგნიტსკის სიის გაზრდას:

„ეს უდიდეს წონას მატებს ჩვენს ბრალდებებს, რაც საკუთარ მტკიცებულებებთან ერთად აშშ-ის მთავრობას, არსებითად, შეუძლია გაიმეოროს“.

მიუხედავად ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებლის მოწოდებისა, რომ სანქცირებულ პირთა სია გაფართოვდეს, კონგრესში წარდგენილი ე.წ. „მანიტსკის სიის“ პირველად ვერსიაში ადვოკატის სიკვდილთან დაკავშირებული 16 პირის გვარი ფიგურირებს. სიაში ვერ მოხვდა, თუმცა
კონფისკაციის სამოქალაქო სარჩელში ფიგურირებს, კვიპროსში მდებარე უძრავი ქონების კორპორაცია „პრევეზონ ჰოლდინგი“ [Prevezon Holdings], რომელიც ბიზნესმენ დენის კატსივის საკუთრებაშია. ეს ერთ-ერთია იმ კომპანიათაგან, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის მიერ გაშიფრულ ფინანსურ სქემაში ფიგურირებენ. „პრევეზონ ჰოლდინგმა“ რამდენიმე შვილობილი კომპანიის მეშვეობით უძრავი ქონების შეძენით მოახერხა მითვისებული ფულის ნაწილის გათეთრება.

მაგნიტსკის მიერ გამოაშკარავებული თაღლითური სქემის სავარაუდო მონაწილეა „რუსეთის შემნახველი უნივერსალ-ბანკის“ მფლობელი დმიტრი კლიუევი, რომელიც წარსულში სხვადასხვა თაღლითობის ბრალდებით იყო მსჯავრდებული. სარჩელში ფიგურირებს ასევე ვლადენ სტეპანოვი და მისი ცოლი ოლგა, რომლებიც ე.წ. მაგნიტსკის სიაშიც არიან.

მათ მოპარული ფულით ფეშენებელური ქონება შეიძინეს დუბაიში.
ამერიკელი პროკურორები მოითხოვენ ასევე, რომ სასამართლო გამოძიებამ შეისწავლოს ადვოკატების ანდრეი პავლოვისა და იულია მაიოროვას საქმეც, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სერგეი მაგნიტსკის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითურ სქემაში.

დენის კასტივი, რომლის უძრავი ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში გაყინულია, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თუკი სასამართლო კასტივს გაამართლებს, მაშინ მისი ქონება არ დაექვემდებარება კონფისკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსი ბიზნესმენის ქონება გადაეცემა აშშ-ის მთავრობას, რომელიც თავადვე გადაწყვეტს, დაიტოვოს ჩამორთმეული აქტივები თუ მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოსკოვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი დათანხმდეს რომელიმე ამ შემოთავაზებაზე, რადგან ეს იქნება აშკარა აღიარება იმ დანაშაულისა, რომელსაც ამერიკელი პროკურორები იძიებენ. არადა, რუსეთის სასამართლომ ივლისში სერგეი მაგნიტსკი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო ფინანსური ბოროტმოქმედების ჩადენაში. თანაც, აშშ-ის ზოგიერთი კონგრესმენის თვალსაზრისით შეუსაბამო „შავმა სიამაც“ კი საკმაოდ გააღიზიანა მოსკოვი, რომელმაც საპასუხო ე.წ. „ანტიმაგნიტკსის სია“ შეიმუშავა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „კანონის შესაბამისად, ისინი გულდასმით შეისწავლიან ნებისმიერ ანგარიშგასაწევ ინფორმაციას, რაც მაგნიტსკის აქტით დადგენილი კრიტერიუმებით ნებისმიერ პირზე ვრცელდება“.

აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთი წყარო კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რაკი აშშ-ის კანონმდებლობამ მოგზაურობასა და საფინანსო საქმიანობაზე სანქციები უკვე დაუწესა ზემოხსენებულ რუს ბიზნესმენებს, მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ ახალი გვარები უნდა დაუმატოს უკვე არსებულ „მაგნიტსკის სიას“.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო არ აკეთებს კომენტარს საჩივარზე, რომელიც ზოგიერთი რუსი ბიზნესმენის ქონების კონფისკაციაზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 10 სექტემბერს შეიტანა სასამართლოში. ასევე ჯერჯერობით უცნობია სასამართლო განხილვის თარიღიც.
XS
SM
MD
LG