Accessibility links

logo-print

რეპატრირებულ მესხებს ბინადრობის პრობლემა აქვთ


პრესკონფერენცია რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე

პრესკონფერენცია რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე

რეპატრირებულ მესხებს საქართველოში ბინადრობის უფლებას არ აძლევენ. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მესხების პრობლემებზე ისაუბრეს. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ უარი, რომელიც მესხებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს, დაუსაბუთებელია. არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე სასამართლოსაც მიმართა.

ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წლების წინ საზღვარგარეთ ძალით გასახლებულ მესხებს რეპატრიანტის სტატუსი მიანიჭა. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, მათ მოქალაქეობაც უნდა მიეღოთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც მესხები აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე იტყოდნენ უარს. ამ ბრძანებულებას ორწლიანი ვადა აქვს. მესხებმა მიმართეს აზერბაიჯანს, მაგრამ პროცესი გაიწელა, ორწლიანი ვადა კი გადის:

„გადის ამ ბრძანებულების მოქმედების ორწლიანი ვადა. ეს ადამიანები ჰაერში რჩებიან. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყველაფერი გაყიდეს. წამოვიდნენ საქართველოში იმ მოწოდების საფუძველზე, რომ მათ მიიღებდნენ და გახდებოდნენ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები. ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან“.

ეკა ქობესაშვილის თქმით, მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა მესხებს ბინადრობის მოწმობა მიეღოთ, მაგრამ სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამაზე უარი თქვა, რადგან შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ეს პირები სახელმწიფოსთვის სახიფათოდ მიიჩნია. მიზეზი განმარტებული არ არის.

ადამიანის უფლებათა სახლმა მიმართა სასამართლოს, რათა მან თავის მხრივ დაავალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს ბინადრობის მოწმობა.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ 2004 წლიდან ამ საკითხებზე მუშაობს, მაგრამ რეპატრიანტთა მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. 2007 წლიდან დაახლოებით 1400-მა კაცმა მიიღო რეპატრიანტის სტატუსი, თუმცა მათი ძალიან დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

„მეორე საკითხია ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. როგორიც იყო რაოდენობა მოქალაქეობის თუ ბინადრობის არმქონეების, თითქმის იგივე დარჩა, 10-12 კაცს თუ არ გამოვაკლებთ. დანარჩენი ორმოცდაათზე მეტი პირი ისევ ისეა - არ აქვს არც მოქალაქეობა, არც ბინადრობის ნებართვა. არიან ისეთებიც, რომლებიც ხუთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ მიუღიათ“.

მუსლიმ არიფოვი თავად უკვე მერვე წელია საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ მის მეუღლესა და შვილს ბინადრობის უფლებას არ აძლევენ:

„აქ ფულის შოვნა ისედაც ძალიან რთულია. ფულს ვშოულობთ, ბინადრობის თაობაზე მივმართავთ და უარს ვიღებთ. 210 ლარი რამხელა ხარჯია?! ამიტომ სასამართლოში წავედი, რომ სასამართლომ ეს საკითხი იურიდიული კუთხით შეაფასოს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გასცემს სრულიად დაუსაბუთებელ უარს ბინადრობის უფლებაზე:

„ძალიან ბევრი შემთხვევაა ისეთი, რომ ოჯახიდან ერთ წევრს ეძლევა ბინადრობის უფლება, მეორეს კი სრულიად დაუსაბუთებელი უარი აქვს, როგორც არასაიმედო პირს. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული საქმეები კი არ განიხილება, არამედ შერჩევითი პრინციპით ეუბნებიან უარს მოქალაქეობაზე“.

რადიო თავისუფლება შეეცადა უშუალოდ შს სამინისტროსა და, შესაბამისად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაჰკავშირებოდა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია კლიმიჩევამ განაცხადა, ამ საკითხზე მოკლე დროში კომენტარის გაკეთება ვერ მოხერხდებაო.

XS
SM
MD
LG