Accessibility links

აჰმადინეჟადის მზის ჩასვლა?


მაჰმუდ აჰმადინეჟადი

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის პოსტიდან აგვისტოში მიდის. მას შეცვლის ჰასან როჰანი, რომელმაც 14 ივნისის არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. რვაწლიანი მმართველობის მანძილზე აჰმადინეჟადმა არაერთი მტერი შეიძინა. როგორი იქნება მისი მომავალი?
როცა წარმავალ პრეზიდენტს იმდენი მტერი ჰყავს, რამდენიც მაჰმუდ აჰადინეჟადს, იმ პოლიტიკოსის მომავალი დიდად პერსპექტიულად არ გამოიყურება.

ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ აჰმადინეჟადის რეპუტაციას დისკრედიტაცია მხოლოდ საზღვარგარეთ არ განუცდია, თუმცა, ცხადია, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ ივიწყებენ მის განცხადებებს, მაგალითად, გაეროში როცა ირანის პრეზიდენტმა ჰოლოკოსტს მითი უწოდა, 11 სექტემბრის თავდასხმებს კი - ავღანეთსა და ერაყში შეჭრის „მისტიკური“ საბაბი.
აჰმადინეჟადისთვის საერთაშორისო რეპუტაციაზე კიდევ უფრო საშიშია ის, რომ მისი პოზიციები საკუთრივ ირანის სასულიერო თუ პოლიტიკურ ელიტაშია ძალიან შესუსტებული. ამის მიზეზია მისი მცდელობა გაეზარდა ძალაუფლება ირანის უზენაესი ლიდერის გარშემო არსებული ფიგურების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ როცა 3 აგვისტოს აჰმადინეჟადი პოსტს დატოვებს, მასთან ანგარიშსწორებას ბევრი მტერი შეეცდება.

ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტში მომუშავე ირანის ექსპერტი სკოტ ლუკასი ამბობს, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადაში აჰმადინეჟადი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ახლო მოკავშირიდან გადაიქცა პრეზიდენტად, რომელიც მმართველ კლერიკალურ ელიტასთან ღია დაპირისპირებაში იყო:

„აჰმადინეჟადსა და უზენაესი ლიდერის უწყებას შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა 2011 წელს, როცა გაჩაღდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაზვერვის სამინისტროზე კონტროლის დასამყარებლად. მანამდე იგივე მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიმართებით. აჰმადინეჟადმა ნაწილობრივ მოახერხა წარმატების მიღწევა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, მაგრამ დაზვერვის სამინისტრო წითელი ხაზი იყო, მისი გადაკვეთა არ შეიძლებოდა - ის უზენაესი ლიდერის სივრცეა. და მას შემდეგ სულ უფრო მეტად იძაბებოდა ურთიერთობა არა მხოლოდ აჰმადინეჟადსა და უზენაეს ლიდერს, არამედ სისტემის სხვა ნაწილებს შორისაც“.

იმის ნიშნები, რომ ირანის ელიტას შესაძლოა აჰმადინეჟადის დასჯა სურდეს, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება.

ჯერ კიდევ 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საგანგებო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა კანდიდატს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისთვის აჰმადინეჟადმა წარადგინა - ესფანდიარ რაჰიმ მაშაეის.
შემდეგ, უკვე საკუთრივ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ყველა კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის ნება დართეს, პრეზიდენტს ეკონომიკის არასწორ მართვაში სდებდა ბრალს. ჰასან როჰანიმ, რომელმაც ბოლოს არჩევნებში გაიმარჯვა და აჰმადინეჟადს შეცვლის, კამპანიის მსვლელობისას თქვა, აჰმადინეჟადის ადმინისტრაცია „ექსტრემისტული“ იყოო. როჰანის არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა, თუმცა ცნება „ექსტრემიზმი“ გაგებულ იქნა იმ სასტიკ რეპრესიებზე მინიშნებად, რომელიც რეფორმატორების წინააღმდეგ გაატარეს მას შემდეგ, რაც 2009 წელს აჰმადინეჟადის ხელახალ არჩევას „მწვანე მოძრაობის“ საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თავად როჰანი პრაქტიკული პიროვნებაა და, ჩემი აზრით, მას ახლა სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი. არა მგონია, მას სურდეს მოქალაქეების ყურადღების გადატანა და ბატონი აჰმადინეჟადისთვის იმაზე მეტი ყურადღების მიქცევა, ვიდრე ის იმსახურებს...
თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აჰმადინეჟადზე ამგვარი შეტევის მიუხედავად, არის შანსი, ის მაინც გადაურჩეს დასჯას პოსტის დატოვების შემდეგ.

ჰოსეინ ასკარი - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ირანის საკითხების მკვლევარი - ამ მოსაზრებას ასე აყალიბებს:

„ამ ეტაპზე ირანს არ სურს ახალი სკანდალის გამოწვევა - ჰასან როჰანის არჩევის ფონზე. თავად როჰანი პრაქტიკული პიროვნებაა და, ჩემი აზრით, მას ახლა სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი. არა მგონია, მას სურდეს მოქალაქეების ყურადღების გადატანა და ბატონი აჰმადინეჟადისთვის იმაზე მეტი ყურადღების მიქცევა, ვიდრე ის იმსახურებს“.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შესაძლოა ისტებლიშმენტს არ სურდეს აჰმადინეჟადის დასჯა, არის ის, რომ ირანელ ხალხს ჯერაც კარგად ახსოვს, როგორ შეარჩია ხამენეიმ აჰმადინეჟადი საპრეზიდენტო კანდიდატად 2005 წელს. მაშინ აჰმადინეჟადი თეირანის დანიშნული მერი იყო და მას ქვეყნის მასშტაბით ცოტა ვინმე თუ იცნობდა.

1981 წლის შემდეგ აჰმადინეჟადი გახდა ირანის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასულიერო პირი არ იყო. ის იქცა ისლამური რევოლუციის, როგორც კვლავ მიმდინარე სახალხო მოძრაობის, ერთგვარ პოპულისტურ სიმბოლოდ. ამდენად, რეჟიმს შესაძლოა ამ რევოლუციური მითის შენარჩუნება უფრო ხელს აძლევდეს, ვიდრე აჰმადინეჟადის მმართველობის ბოლო წლების ნაკლოვანებებზე აქცენტის დასმა.

თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ აჰმადინეჟადის პასუხისმგებლობის საკითხი ამა თუ იმ ფორმით მაინც დააყენონ.
17 ივნისს წარმავალმა პრეზიდენტმა მიიღო ორდერი, რომლითაც ის 26 ნოემბერს სასამართლოში გამოიძახეს.

სამთავრობო ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ორდერი ეფუძნება პარლამენტის სპიკერის ალი ლარიჯანისა და საპარლამენტო კომისიის მიერ შეტანილ საჩივარს. თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა.
თებერვალში აჰმადინეჟადმა პარლამენტი ერთგვარ ტრიბუნად გამოიყენა და ლარიჯანის ოჯახს კორუმპირებულობაში დასდო ბრალი.

პარლამენტის სპიკერმა ბრალდებები გაბრაზებით უარყო და აჰმადინეჟადი ქცევის ყველაზე საბაზისო წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

აჰმადინეჟადმა, რომელიც პირველ წლებში საკუთარ თავს სადა გემოვნების მქონე, ჩვეულებრივ მოქალაქედ წარმოაჩენდა, ბოლო ხანებში სულ უფრო ღიად დაიწყო ფუფუნების საგნების მიმართ მიდრეკილების გამოვლენა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა მან თავისი კონტაქტები გამოიყენოს და მოლაპარაკების პროცესებში ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებით შეეცადოს გამდიდრებას.

თავად აჰმადინეჟადს, რომელიც 56 წლისაა, თავის სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა ის კი თქვა, რომ უნივერსიტეტში უნდა დაბრუნება ლექტორად. მას სატრანსპორტო სფეროში აქვს დაცული სადოქტორო დისერტაცია და პოლიტიკაში მოსვლამდე სწორედ ლექტორად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG