Accessibility links

logo-print

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

29 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს აყენებენ. 60 თანამშრომლის მიერ სამსახურის დატოვების თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა. მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლების სხვადასხვა ვერსიის პარალელურად კი, ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა ცენტრის შენობიდან ჭიშკრამდე გზა ერთად გაიარა. 12 საათისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია სწორედ გამოცდების ეროვნული ცენტრის ჭიშკართან გაიმართა. ერთგვერდიანი განცხადება ჟურნალისტებს ცენტრის თანამშრომელმა გააცნო. მუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავაც ცენტრის ოფიციალურ თანამშრომლებად ითვლებიან, საკუთარი თანამდებობის დასახელებისას სიტყვა ყოფილს თითოეული მათგანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:

- მაია გაბუნია, ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
- გიორგი მაჭავარიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი
- ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი

ვითვალისწინებ რა იმას, რომ მაია მიმინოშვილი ყოველთვის გუნდურად, ჩვენთან ერთად განიხილავდა ყველა საკითხს, არ არის ცნობილი, ისეთი რა უთანხმოება არსებობდა, რომ ამ შუა გამოცდებში მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ...

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც 28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან განათლების სამინისტროს პოლიტიკისა და მისი პირადი პოზიციის შეუთავსებლობის გამო გაათავისუფლეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს განმარტების მოსასმენად 28 მაისსვე შეხვდა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო გამოცდების ჯგუფის კონსულტანტი ნინო გორდელაძე ამბობს, შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. მისი თქმით, ცენტრის თანამშრომლებმა დიმიტრი შაშკინისგან დასაბუთებული მიზეზი მაია მიმინოშვილის გათავისუფლების თაობაზე ვერ მოისმინეს:

”დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ არსებობდა პიროვნული შეუთავსებლობა ცენტრის დირექტორსა და მას შორის. ვითვალისწინებ რა იმას, რომ მაია მიმინოშვილი ყოველთვის გუნდურად, ჩვენთან ერთად განიხილავდა ყველა საკითხს, არ არის ცნობილი, ისეთი რა უთანხმოება არსებობდა, რომ ამ შუა გამოცდებში მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.”

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60 თანამშრომლის მიერ სამსახურის დატოვების თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა შედგა. ივა მინდაძე, უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თითოეულ ჯგუფთან შეხვედრა მაქსიმუმ 3 წუთს გაგრძელდა. დიმიტრი შაშკინმა შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კითხვა დასვა:

” ‘არის თუ არა თქვენი გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის თაობაზე მტკიცე’, რაზეც ვუპასუხეთ, რომ არ შეგვიცვლია გადაწყვეტილება, და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.”

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიუთითებენ, რომ მათ მიერ ცენტრის მასობრივად დატოვება არ აისახება გამოცდების მსვლელობაზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოცდებმა მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩაიაროს, თუმცა იმასაც ხაზგასმით ამბობენ, რომ დაკავებული თანამდებობების დატოვება მათი მოქალაქეობრივი ვალია. კახა ჯამბურია, ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც გააცნო ჟურნალისტებს თანამშრომლების ერთობლივი განცხადება, ამბობს:

”ამ ორგანიზაციის ყველა წევრი, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს კი ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი და პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს.”

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა ჩემი გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო ჩემი შვილის აქციაში მონაწილეობა და ჩემი ძმის ტლეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჩართვა ...

საატესტატო გამოცდების დასრულებამდე ერთი დღე და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი. რატომ გაათავისუფლა განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაინცდამაინც საგამოცდო ციებ-ცხელებისას? - ეს კითხვა ცენტრის თანამშრომლებისათვის კვლავაც პასუხგაუცემელია. თუმცა, 28 მაისს გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მაია მიმინოშვილის გათავისუფლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის შვილთან, რომელმაც 27 მაისს კოალიცია ”ქართული ოცნების” აქციაში მიიღო მონაწილეობა. თანახმად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ძმის, ჯგუფ ”შინის” სოლისტ ზაზა მიმინოშვილის კომენტარისა, რომელიც 28 მაისს მოგვიანებით გავრცელდა, მაია მიმინოშვილის გათავისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. მისი თქმით, 26 მაისს მან ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს დაურეკა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 27 მაისს დაგეგმილი აქციისადმი სოლიდარობა გამოხატა.

29 მაისს ”ქართული ოცნების” გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა. მაია მიმინოშვილის თქმით, მათ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრეს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საკუთარ ვარაუდზეც მიუთითებს:

”დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა ჩემი გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო ჩემი შვილის აქციაში მონაწილეობა და ჩემი ძმის ტლეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჩართვა”, - ამბობს მაია მიმინოშვილი.

აქვე გეტყვით, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში 150-მდე ადამიანი მუშაობს. როგორც ცენტრის თანამშრომლებმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი ნაწილი რეგიონებში, საატესტატო გამოცდებზე იმყოფება, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ ისინიც დაწერენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG