Accessibility links

logo-print
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ცენტრის 60 ასევე ყოფილ თანამშრომელთან ერთად არასამთავრობო სექტორში მიდის - ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ტენდენციების შესწავლა იქნება, ”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” ერქმევა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა გუნდმა ახალი ორგანიზაციის დაარსების შესახებ 28 ივნისს განაცხადა.

”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციაში”, როგორც 28 მაისს ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ცენტრის 60 თანამშრომელი გაერთიანდება - გამოცდების ეროვნული ცენტრის გუნდი, სრული შემადგენლობით, გუნდი, რომელმაც მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. მაია მიმინოშვილმა 28 ივნისს, ახალი ორგანიზაციის წარდგენის წინ, საერთო ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა, იმედი გამოთქვა, რომ გამოცდები ყველანაირი ხარვეზის გარეშე ჩაივლის და შენიშნა, რომ ცენტრის დატოვების მომენტისათვის გამოცდების უხარვეზოდ ჩასატარებლად ყველაფერი მზად იყო, გამოცდების ეროვნული ცენტრის გუნდი კი კვლავ განათლების სფეროში - ოღონდ არასამთავრობო სექტორში - განაგრძობს საქმიანობას:

“ეს ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების სისტემაში. ეს ის გუნდია, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა არაერთხელ, ახალი საგამოცდო მოდელების დანერგვის თვალსაზრისით. ერთად მუშაობით მან არაერთი ძალიან კარგი რამ გააკეთა და მხოლოდ საგამოცდო სისტემას არ ვგულისხმობ, ესაა, მაგალითად, საგანმანათლებლო კვლევები და ჩვენი მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ნამდვილად იქნება სწორედ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება, რომლებსაც განათლების სამინისტროს მივაწვდით და ვეცდებით ჯანსაღი ოპონირების გზით ვაიძულოთ ის გააკეთოს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში განათლების ხარისხის ასამაღლებლად.”

ეს მონაცემები კი, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ დოკუმენტი, თუ რა ვითარებაა რეალურად საშუალო განათლების სისტემაში ...

გუნდი, რომელსაც განათლების სფეროში მოღვაწეობის ათწლიანი გამოცდილება აქვს, გეგმავს კიდევ რამდენიმე სფერო მოიცვას. ეს იქნება საკონსულტაციო საქმიანობა, სპეციალური ლიტერატურის მომზადება, სხვადასხვა სახის ტრენინგები, პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ია კუტალაძე ამბობს, რომ ახალი ორგანიზაციის პირველი პროექტი იმ საერთაშორისო კვლევის შედეგების ანალიზი იქნება, რომელშიც საქართველომ 2011 წელს მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევებს შორისაა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, ასევე მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა დ სწავლების კვლევა და ცნობილი კვლევა, სახელწოდებით ”პიზა”, რომელიც მოსწავლეთა მიღწევებს რამდენიმე სფეროს მიხედვით აფასებს:

”ეს არის ძალიან ფართომასშტაბიანი, რეზონანსული კვლევები, რომლებშიც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 80-მდე ქვეყანა მონაწილეობს და ამ კვლევებს ყველა ქვეყანა განათლების პოლიტიკის დასაგეგმად იყენებს. ეს მონაცემები კი, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ დოკუმენტი, თუ რა ვითარებაა რეალურად საშუალო განათლების სისტემაში. ეს კვლევა დაგვეხმარება არა მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებაში, არამედ ვფიქრობთ, რომ კარგი ორიენტირი იქნება რეკომენდაციების შესამუშავებლადაც.“

”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის” წევრი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი კახა ჯამბურია კი ამბობს, რომ განათლების სისტემაში გატარებულმა წლებმა მას და მის თანაგუნდელებს არსებული ვითარების სრული სურათი დაანახვა - მათ იციან ყველა პრობლემა, რაც კი დღეს საქართველოს განათლების სისტემაში არსებობს:

”ჩვენ ამ ხნის განმავლობაში კარგად დავინახეთ, თუ რამდენი პრობლემაა საქართველოს განათლების სისტემაში. ყოველ წელს იწერებოდა უზარმაზარი ანგარიში, რომელსაც განათლების სამინისტროს ვუგზავნიდით, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ვინმე კითხულობდა, - რეაქცია არ მოჰყოლია და იმიტომ. სულ ცოტა ათი წელია ვხედავთ ამ ფოტოგრაფიულ სურათს, რა ხდება სკოლაში, პედაგოგების წრეში, რამდენად მწირი ინფორმაცია აქვთ მათ, მაგალითად, იმის შესახებ, თუ ევროპაში როგორ ასწავლიან ლიტერატურულ ნაწარმოებს. ჩვენთან დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ლიტერატურის სწავლება ტექსტის დამახსოვრებაა. სულ სხვა მეთოდები და კარგი რაღაცები შეიძლება მიაწოდო მასწავლებლებს. მხოლოდ ის ვუთხრათ, რომ თქვენ გამოცდები უნდა ჩააბაროთ და ცუდები ხართ და უნდა გაგყაროთ - ეს არ არის ზნეობრივი პოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს აქვს იმის გამოცდილება და ძალა, რომ მსგავსი დამხმარე გამოცემები მოამზადოს და სკოლებს მიაწოდოს.”

ახალ ორგანიზაციას საერთაშორისო ფონდების იმედი აქვს. ასოციაციას
უახლოეს მომავალში ჰოლანდიურ ორგანიზაცია Dutch Test-თან ერთად პროექტის მომზადება აქვს დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG