Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრი უმცირესობის პირისპირ


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
19 თებერვალს ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობასთან შესახვედრად ჩასულ საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაია ფანჯიკიძეს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ღია შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული ყველა კრიტიკული შეკითხვა დაუსვეს. მთავარი, რისი გაგებაც უმცირესობის დეპუტატებს მაია ფანჯიკიძისგან სურდათ, იყო ის, თუ რამდენად ემთხვევა ხელისუფლების რიტორიკა დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენჯერმე კითხვა-პასუხი საგარეო პოლიტიკის თემასაც გასცდა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა ვერც წინაასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და არჩევნების შემდგომ საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას აუარეს გვერდი. ეს, როგორც ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, იმის დასტურია, რომ შარშანდელი წლის ემოციები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ჯერაც არ განელებულა.

უმცირესობის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ზუსტად სამ საათს გაგრძელდა. საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობები, ქვეყნის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით, ოკუპირებულ ტერიტორებზე ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, პრემიერის საჯარო განცხადებები ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის შესახებ, სტალინის ძეგლის ხელახლა დადგმის ფაქტი თუ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მაია ფანჯიკიძესთან საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ.

ნუგზარ წიკლაურს, მაგალითად, აინტერესებდა, როგორ შეიძლება იმ ქვეყნის პრემიერმა, რომელსაც გაცხადებული დასავლურ კურსი აქვს აღებული, დსთ-ს წევრი სომხეთი მისაბაძი საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყნად დაასახელოს”.

საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერის ცნობილი სიტყვების ახსნა კიდევ ერთხელ მოუხდა:

”პრემიერ-მინისტრმა სომხეთში განაცხადა, რომ სომხეთი ახერხებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თითქოსდა ურთიერთგამომცრიცხავ პოლიტიკურ წრეებთან, როგორიც არის რუსეთი, ნატოს წევრი ქვეყნები, აშშ. მე კი ვეთანხმები იმ აზრს, რომ სასურველია ყველა ქვეყანას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, ვისთანაც აქვს ეს ურთიერთობა”.
გვინდოდა ორივე პარტიას მიგვემართა ერთობლივად, რომ დაჩქარებულიყო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ივანიშვილმა ამ ერთობლივ წერილზე განაცხადა უარი, რატომ? ...
აკაკი მინაშვილი

ემთხვევა ხელისუფლების რიტორიკა მის კონკრეტულ ნაბიჯებს? - იკითხა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა და მაია ფანჯიკიძეს ერთი კონკრეტული ამბავი შეახსენა:

”საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა პრემიერს, რომ გაგვეკეთებინა ერთობლივი წერილი ნატოს მინისტერიალისათვის, გვინდოდა ორივე პარტიას მიგვემართა ერთობლივად, რომ დაჩქარებულიყო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ივანიშვილმა ამ ერთობლივ წერილზე განაცხადა უარი, რატომ?”

”იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც ერთი თვე იყო არჩევნების შემდეგ გასული და მთავრობა იყო ახალი ჩამოყალიბებული, ეს იყო ნაადრევი, - ჯერ ე.წ. კოჰაბიტაციის მოდელიც არ იყო ჩამოყალიბებული. ასე რომ, მომავალში რაიმე ერთობლივი განცხადების გაკეთებას მე არ გამოვრიცხავ”.

ამის შემდეგ - და შეხვედრისას რამდენჯერმე - მაია ფანჯიკიძემ უმცირესობასთან განმარტა, თუ რა არის, ახალი ხელისუფლების ხედვით, საქართველოს საგარეო კურსის ძირითადი პრიორიტეტები:

”საქართველოს ახალ ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს იმის საწინააღმდეგო, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მისი პრიორიტეტი”.

უმცირესობის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რამდენიმენაწილიან კითხვებს უსვამდნენ, შემდგომი დაზუსტებებით. გოკა გაბაშვილს აინტერესებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტის კონკრეტული შედეგები და ე.წ. აზიზიეს მეჩეთის ბედი - რა შეიცვალა წინა ხელისუფლებასა და თურქულ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც, ოშკის და იშხნის აღდგენის სანაცვლოდ ქართულ მხარეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთი უნდა აღედგინა:
ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონით - და ეს შეთანხმება უნდა იყოს დასრულებული ამ დროისთვის. ასევე ნატოსთან მიმართებით პროგრესს ველით 2014 წლის სამიტზე...
მაია ფანჯიკიძე

”მთავარი, რაც თურქეთში შეხვედრებისას ითქვა, არის ის, რომ ნაცვალგების საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხების განხილვა - რომ თუ ერთი მხარე აღადგენს რაღაცას, ამის სანაცვლოდ უნდა რამე აშენდეს. აზიზიეს მეჩეთზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი და ეს თემა საერთოდ არ უკავშირდება იშხნის და ოშკის აღდგენის საკითხს. სხვათა შორის, აქაც მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართველი სპეციალისტები გაემგზავრებიან და მიიღებენ რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობას. თუმცა ითქვა ისიც, რომ ბათუმში სხვა ადგილას გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სრულიად ახალი მეჩეთი, ოღონდ არა აზიზიეს მეჩეთი”.

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში - უმცირესობის დეპუტატებს აინტერესებდათ რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა ამ თვალსაზრისით და რა სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდეთ უახლოეს მოამვალში. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველო დასახულ გეგმას მიჰყვება, რომელმაც ვილნიუსის სამიტისათვის კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს:

”ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონით - და ეს შეთანხმება უნდა იყოს დასრულებული ამ დროისთვის. ასევე ნატოსთან მიმართებით პროგრესს ველით 2014 წლის სამიტზე, თუმცა კატეგორიულად ვუსვამ ხაზს, რომ არ მინდა იყოს არარეალისტური მოლოდინები, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი წელს და ან ნატოს წევრი გაისად”.

როგორც მოსალოდნელი იყო, უმცირესობას არც აფხაზეთის რკინიგზის საკითხი გამორჩენია და საგარეო საქმეთა მინისტრს მისი დამოკიდებულებაც ჰკითხა ამ რკინიგზის სავარაუდო ამოქმედების თაობაზე. ფანჯიკიძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში სამუშაო ჯგუფიც კი არ შექმნილა, ეს მხოლოდ იდეა იყო.

შოთა მალაშხია დაინტერესდა მაია ფანჯიკიძის პოზიციით ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, ხომ არ ჩაერთვებოდა პროცესში აფხაზეთი, როგორც მოლაპარაკების მხარე, რაზეც ფანჯიკიძის პასუხი ასეთი იყო:

„ჟენევის ფორმატი გულისხმობს მოლაპარაკებას საქართველოსა და რუსეთს - როგორც კონფლიქტის მხარეებს - შორის და ამაში ცვლილება არ შევა”.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმცირესობის წევრებმა თქვეს, რომ, მიუხედავად მიღებული პასუხებისა, მათ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ახალი მთავრობის ცალკეულ წევრებს შორის არ არსებობს შეთანხმებული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე. უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კი, მიხეილ მაჭავარიანმა, მედიასთან განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მათ განიხილეს როგორც საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხის მიღების კიდევ ერთი მცდელობა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG