Accessibility links

„როლინგ სტოუნზს“ ერთი სიმღერა აქვს - „Mixed Emotions“ („შერეული ემოციები“) ჰქვია. Steel Wheels-ს ხსნის - 1989 წლის ალბომს. წელს რატომ ვუსვამ ხაზს? ბევრიც არაფერი, მაგრამ სიტყვათა შეთანხმება - შერეული ემოციები - ამ სიმღერის შემდეგ გავითავისე. თანაც, მთელი წელი შეგვჭამეს - „როლინგ სტოუნზი“ წელს 50-ის გახდაო.

მას შემდეგ ამ ტერმინს ხშირად ვიყენებ. ქართულადაც და ინგლისურადაც. არა იმიტომ, რომ ძალიან მომწონს. უბრალოდ, მოხერხებულია. განსაკუთრებით, როცა დროის მოგება მინდა ხოლმე. მაგალითად, როცა რომელიმე შტერი ჟურნალისტი მეკითხება აზრს, სულ იმ წუთში მომხდარ მოვლენაზე, დროის მოგების მიზნით ვპასუხობ ხოლმე, რომ შეპყრობილი ვყავარ შერეულ ემოციებს. მერე კიდევ ერთ დამხმარე ფრაზას ვიხმარ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ცხადია, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, თუმცა...“ ამის შემდეგ კი, თუ მთლად კრეტინი არა ხარ, უნდა მოახერხო ჟურნალისტის ინტერესის დაკმაყოფილება.

ეს ისე, შესავლისთვის, ცოტა რომ გავხურდე. თანაც, ეს შერეული ემოციები მართლაც ისეთი რამეა, რომ რასაც გინდა, იმას მიაბამ. ამჯერად საით წამიყვანს, ჯერ არ ვიცი. უნდა გადავხედო ბოლოდროინდელ ემოციებს.

აი, ახლა გადავხედე და მივხვდი, რომ ემოციები, ძირითადად, მაინც ერთგანზომილებიანია: ან კარგია, ან - ცუდი.

დილაა. ჩართული ტელევიზორი, ამ ტექსტს ვკრეფ და თან ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტს ვაწვალებ. უსიამოვნო გრძნობაც არ აყოვნებს: ორი ქართული არხი ერთსა და იმავე მომენტში სხვადასხვა დროსა და ტემპერატურას აჩვენებს ეკრანის კუთხეში. ეს მით უფრო უცნაურია, როცა მათი საინფორმაციო პროგრამები თითქმის იდენტურია.

კიდევ ერთი ქართული არხი და კიდევ ერთი უარყოფითი ემოცია. აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს მექსიკაზე, რომელიც ქართულად არის გახმოვანებული. ჩემი მწუხარების მიზეზია „გოლოს ზა კადრომ“, რომელიც ვერც ერთ საკუთარ სახელს ვერ ამთხვევს მის ორიგინალურ, მსოფლიოში აპრობირებულ დასახელებას. თანაც, ლაპარაკია არა ჩვენი ყურისთვის ძნელად შესაჩვევ აცტეკურ დასახელებებზე, არამედ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ისეთი დონის ხელოვანებზე, რომელთა სახელებიც სკოლის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. ბუნებრივია, ამ არხზე დიდხანს ვერ ვჩერდები.

შემდეგი არხი შერეული ემოციების ილუზიას მიჩენს. ეს არის ქართული რეკლამა, რომელსაც მუსიკალურ ფონად ადევს დაახლოებით 40 წლის წინ ჩაწერილი კლასიკური როკის შედევრი. ალბათ გასაგებია, რომ დადებით ემოციას იწვევს მუსიკა, ხოლო უარყოფითს - მისი გამოყენების კანონიერება ამ გაუგებრობაში. მით უმეტეს, რომ ასეთი გაუგებრობა ჩვენს ეთერში რამდენიმეა დღის განმავლობაში.

როცა შენი თანამემამულე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს იგებს, ცხადია, ცალსახად დადებითი ემოცია გეუფლება, ხოლო, როცა ჭარბი წონის გამო ვერ იღებს შეჯიბრში მონაწილეობას ემოციები, ბუნებრივია, მხოლოდ უარყოფითი გაქვს.

აი, ვერცხლის მედალი კი ნამდვილად შერეული ემოციების საფუძველია: ერთი მხრივ კარგია და, მეორე მხრივ, ოქრო გირჩევნია. მით უმეტეს, როცა ეჭვი გღრღნის, რომ შენი მოჭიდავე ფინალში მსაჯებმა უსამართლოდ დაჩაგრეს.

აი, ხომ ვამბობდი - ეს შერეული ემოციები ისეთი რამეა, არც კი იცი, საით წაგიყვანს-მეთქი. ოლიმპიური თამაშები მაინცდამაინც არ მაღელვებდა, მაგრამ თავს მომეხვია. მაგაზე რომ გავაგრძელო ლაპარაკი, ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია წამოვა. თანაც ყველაზე: ცალკე ჩვენს სპორტსმენებზე, ჟურნალისტებზე, დელეგაციაზე და ცალკე კიდევ ოლიმპიადის მსაჯებზე.

აჯობებს, სხვა ამბავი გავიხსენო. ერთი ლიტერატურული პორტალის პრეზენტაციაზე ვიყავი. ღონისძიება დასასრულისკენ მიდიოდა, რომ დავინახე ჩემკენ წამოსული ჟურნალისტი გოგონა. ეგეთებზე პროფესიული ყნოსვა მაქვს განვითარებული - ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველგვარი ეთიკა და პოლიტკორექტულობა უნდა დაივიწყო და მიენდო ინტუიციას. სასწრაფოდ ისეთი სიფათი დავიყენე, რომ ჟურნალისტი კი არა, სერიული მკვლელიც კი ვერ გაბედავდა ახლოს მოსვლას. მაგრამ ხომ ვთქვი, ინტუიცია-მეთქი - ორ წუთში საღამოს ორგანიზატორთან ერთად მომადგა. ორგანიზატორი რა, ამხანაგია და მეუბნება - ეხლა პრესასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე რომ დაგიწყო ლაპარაკი, სასაცილოა და ბარემ მადლს მარილიც მოაყარეო. მეც მეგობრობის და კოლეგიალობის ხათრით მოვაყარე და იმაზე მეტი ველაპარაკე ჟურნალისტს, ვიდრე იმსახურებდა. მარილის მოყრაში ისიც იგულისხმებოდა, რომ დამშვიდობებისას გოგონას ვუთხარი, აუცილებლად წავიკითხავ შენს ნაღვაწს-მეთქი. გოგონამაც არ დააყოვნა და - თქვენისთანა მკითხველი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი გამოცემისთვისო. მოკლედ, კომპლიმენტები გავცვალეთ და კმაყოფილი და ვალმოხდილი მივეძალე საფურშეტე ღვინოს.

მეორე დღეს ინტერნეტის მეშვეობით „ნაღვაწი“ მოვიძიე. ფაქტობრივად, ცნობა აღმოჩნდა, ოღონდ ძალიან ინტუიციური. ორი წინადადებიდან მეორე ჩემი ნათქვამის ციტატას წარმოადგენდა. ოღონდ, ჩემი სახელი არასწორად ეწერა. შეცდომა კი არ იყო, ან ვინმეში კი არ შევეშალე, უბრალოდ, ბიძინა ხარანაული გავხდი. ხელად ჩემი ინტუიცია გამახსენდა და ცუდ გუნებაზე დავდექი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასეთი გოგონები ჩვენს მასმედიაში ძალიან ბევრია.

კიდევ ერთი დღე გავიდა და სამსახურში წავედი. ისე მოხდა, რომ კარებში შესვლისას მობილური ტელეფონით ვლაპარაკობდი. მორიგე მცველს თავის დაკვრით მივესალმე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ შევატყე, რაღაცის თქმა უნდოდა. ჰოდა, სანამ ლაპარაკი არ დავამთავრე, იქვე შევყოვნდი და როცა დაინახა, რომ ყურადღება მივაპყარი, ალაპარაკდა. იმ დღეს ტელევიზორში გნახე და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ლიტერატურა ძალიან მიყვარსო - მომაყარა წამოჭარხლებულმა. ძალიან აღგზნებული იყო. ისეთი გულწრფელი, რომ მეც გადამდო თავისი აღელვება.

მისმა საქციელმა კარგ გუნებაზე დამაყენა. არის კაცი, სახელად ვანო, სამუშაო მაგიდაზე სულ გადაშლილი წიგნი უდევს, კითხულობს და იცავს უწიგნური ჟურნალისტების მყუდროებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG