Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუმტკიცებელი პროექტით, ქუთაისში მეორე „მაკდონალდსის“ მშენებლობა მაისში დასრულდება


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ცენტრალურ, დავით აღმაშენებლის, მოედანზე შემოღობილი1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს შეიძინა კომპანია „მაკდონალდსი საქართველომ“, უკვე აიღეს ქალაქის საათი, აყარეს კიბის საფეხურები, მოჭრეს მიწის ნაწილი და სხვა ადგილას გადარგვის მიზნით ამოიღეს მრავალწლოვანი ხეები. სამუშაოების აქტიურად წარმოების მიუხედავად, ჯერჯერობით არ არსებობს სწრაფი კვების რესტორნის ახალი შენობის დამტკიცებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. პროექტის პირველი ვარიანტი ქუთაისის ისტორიულ ნაწილთან შეუსაბამობის გამო დაიწუნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ხელმეორედ წარდგენილი პროექტი კი ქალაქის მერიას არ მოეწონა. ქუთაისის ამ ნაწილში მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს ქალაქის ყოფილი მერი და მთავარი არქიტექტორი დავით მელქაძე:

„ობიექტის განთავსება ისე, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, არ შეიძლება. დამერწმუნეთ, რომ იურიდიულად დასაბუთება შეიძლება, რომ ეს დანაშაულია. ყველა ტერიტორიას თავისი ფუნქცია გააჩნია, ყველგან ყველაფრის დასმა არ შეიძლება“, – აცხადებს დავით მელქაძე.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების ობიექტ „მაკდონალდსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საინიციატივო ჯგუფი „ქუთაისის მომავლისთვის“ მოითხოვს, რომ ქალაქის ამ ნაწილში აშენდეს ახალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ძველი ავარიული შენობიდან, რომელიც „მაკდონალდსისთვის“ გამოყოფილ ტერიტორიასთან მდებარეობს, მუზეუმი საქართველოს ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს. საინიციატივო ჯგუფის წევრის, მწერალ ცირა ყურაშვილის, ინფორმაციით, შენობაში სათანადო საგამოფენო სივრცე არ არსებობს, რის გამოც ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იძულებულია საგანძურის მხოლოდ ნაწილი გამოფინოს, დანარჩენი კი საცავებში ინახება. ცირა ყურაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ დაგეგმილი იყო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუზეუმისთვის ახალი შენობის აგება, თუმცა პროექტი არ განხორციელდა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებდა და აფინანსებდა პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ამ ადგილას ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობას, მაგრამ ის შეფერხდა და ჩვენ მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა! უკვე დადგა დრო, რომ თქვენს პროექტს ხორცი შეესხას და ამ ადგილას, სადაც ძველი მუზეუმი იყო, განთავსდეს ახალი, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის განძი საამაყოა არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“.

კანონში არ არსებობს ტერმინი „მოსამზადებელი სამუშაოები“, კანონში არის განმარტება - ან არსებობს პროექტი და მიმდინარეობს მშენებლობა, ან, პროექტის არარსებობის შემთხვევაში, მშენებლობა არ უნდა მიმდინარეობდეს...
სულხან ქობულაძე

საინიციატივო ჯგუფის წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის განცხადებით, ჯგუფმა ქუთაისის მერიას წერილობით მიმართა სწრაფი კვების რესტორნის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და მწარმოებელი კომპანიის დაჯარიმების მოთხოვნით:

„უკანონობა გრძელდება, ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს მერიის პასუხი წერილზე, რომლითაც ჩვენ მშენებლობის შეჩერებას ვითხოვდით. მერიამ მოგვწერა სრულიად გაუგებარი და კანონისთვის შეუსაბამო პასუხი, თითქოს მიწის ფართზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კანონში არ არსებობს ტერმინი „მოსამზადებელი სამუშაოები“, კანონში არის განმარტება - ან არსებობს პროექტი და მიმდინარეობს მშენებლობა, ან, პროექტის არარსებობის შემთხვევაში, მშენებლობა არ უნდა მიმდინარეობდეს“, – განმარტავს სულხან ქობულაძე.

წევრები საინიციატივო ჯგუფისა „ქუთაისის მომავლისთვის“, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები კანონდარღვევით ამოიძირკვა და ამის გამო მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის პასუხად ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ჯგუფის მფლობელი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობა არ მიმდინარეობს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაო მხოლოდ მოსამზადებელია, რისი უფლებაც აქვს მიწის მესაკუთრეს. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბაქარ ჭეიშვილის, ინფორმაციით, კომპანიამ ხეების გადარგვის მიზნით მერიას მიმართა და ნებართვა მიიღო.

„ჩვენ „მაკდონალდსის“ რესტორნების მფლობელმა კომპანიამ მოგვმართა მათ მფლობელობაში მყოფ ტერიტორიაზე განთავსებული ხეების მიმდებარედ გადარგვის უფლებისთვის. ჩვენ მივეცით ამის ნებართვა, რადგან მიწის ნაკვეთზე ხეები მათი საკუთრებაა და გადარგეს მწვანე ზოლზე, რომელიც მათ სამეზობლო ტორიტორიაზეა. რაც შეეხება მიწის გატანას, ესეც გვთხოვეს, წინა მოსამზადებელი პერიოდი რომ გაიარონ და ამის უფლებაც მივეცით. მშენებლობა არ წარმოებს, თავის ტერიტორიაზე ამზადებენ მიწას სამშენებლოდ, მეტი არაფერი, და დამტკიცებულია მიწის გამოყენების პირობები“, – განმარტავს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაქარ ჭეიშვილი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ტერიტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 885 ათას ლარად შარშან ნოემბერში მიჰყიდა საქართველოში „მაკდონალდსის“ მფლობელი რესტორნების კომპანიას. ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, ნატო ქათამაძის, განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა იმის ნება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწა ეკონომიკის სამინისტროსგან გამოეთხოვა და თავისი შეხედულების მიხედვით განეკარგა:

„ქალაქის მერს შეეძლო გამოეყენებინა თავისი უფლება, მიემართა ეკონომიკის სამინისტროსთვის თხოვნით, რათა ქალაქს ბალანსზე გადმოსცემოდა მიწის ფართი და შემდეგ შესაბამისად განეკარგა თავისი შეხედულებისამებრ, ისევე როგორც გააკეთა ეს ძაღლთა თავშესაფრის შემთხვევაში და ძალიან ბევრ სხვა მიწის ფართზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო მის ინტერესში, ან ორივე მხარის ინტერესი იყო, ანუ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ან ვერ წავიდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ“.

ქუთაისის მთავარ მოედანზე დაწყებული სამუშაოების მიმართ შენიშვნები აქვს საკრებულოს წევრს პარტია „ქართული ოცნებიდან“, ზაზა ლომინაძეს:

„ჩემი პრეტენზიები ამ შემთხვევაში არის რამდენიმე: პირველი ის, რომ ყოფილი მუზეუმის შენობასაც უნდა მიეხედოს, იმიტომ რომ უსახური დარჩება ეს შენობა და აუცილებლად „მაკდონალდსის“ მფლობელმა კომპანიამ მუზეუმის შენობაც უნდა მიიმატოს და მიხედოს იმ შენობას, შეათანხმოს ქალაქთან, თუ რას გააკეთებს და როგორ მოუვლის. მეორე საკითხი – ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ და სასტუმროს მშენებლობისთვის აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთიანი პროექტი და მესამე პრეტენზია მაქვს, რომ ე. წ. დრაივი, მანქანით მომსახურება, იქ არ უნდა იყოს, არ უნდა მივცეთ ამის უფლება და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის გაკეთდეს და დაიხვეწოს პროექტი“.

ქუთაისის მთავარ მოედანზე, სადაც „მაკდონალდსი“ უნდა გაიხსნას, ადრე რესტორანი „თოლია“ მდებარეობდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობასაც გეგმავდნენ, ამიტომ სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობის განზრახვამ სასულიერო პირების პროტესტიც გამოიწვია. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, ინფორმაციით, მან ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა სასულიერო პირების მოთხოვნა ტაძრის მშენებლობის შესახებ. რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, შოთა მურღულიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ ინვესტორი სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობისთვის 2 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს, მის მიმდებარედ, 1600 კვადრატული მეტრის მიწის ფართზე, იგეგმება სასტუმროს მშენებლობა:

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

„აქ უნდა აშენდეს კარგი სასტუმრო, კარგი კაფე, მოეწყოს კიბეები, საათი წინა ფლანგზე გადმოვიდეს, უნდა მოეწყოს კარგი მოსაცდელი, სულ სიმწვანეში უნდა იყოს ეს შენობა, იყოს უმაგრესი არქიტექტურა, დასაქმდნენ ადამიანები, ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი გაკეთდეს. რას ვხედავთ მინუსს? მოედანი რომ არის? რა თქმა უნდა, „მაკდონალდსმა“ ქუთაისში მეორე რესტორნის გახსნა იმიტომ მოიფიქრა, რომ ცენტრალურ ადგილზე გააკეთებს, თორე სხვაგან არც გააკეთებდა“, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მცხოვრებთა ნაწილი მთავარ მოედანზე კვების ობიექტის მშენებლობას ქალაქის იერსახის დამახინჯებად თვლის, ნაწილი მშენებლობას მხარს უჭერს და დასაქმების შესაძლებლობად მიიჩნევს, ნაწილი კი ტაძრის ან კულტურული დაწესებულების გახსნის მომხრეა:

„თუკი სასარგებლო იქნება, „მაკდონალდსი“ უნდა აშენდეს, რა თქმა უნდა“;

„მე მგონი, იქ შეიძლება აშენდეს, საჭიროა ისეთი ადგილი“;

„’მაკდონალდსი’? მე მგონი, ეკლესია ჯობია ‘მაკდონალდსს’!“

„არაფერი საჭირო არაა ამდენი ეკლესიები. თუ გააკოხტავებენ იმ ადგილს, უკეთესია!“

„ქალაქის ცენტრში უფრო კულტურული ღირსშესანიშნაობა უნდა გაიხსნას, ვიდრე კვების ობიექტი!“

„ქალაქის იერსახე არ უნდა დაიკარგოს! ყველაფერი კარგია, რაც შენდება, მაგრამ ქალაქს თავისი იერსახე არ უნდა დავუკარგოთ“, – ამბობენ რესპონდენტები.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში „მაკდონალდსის“ - სწრაფი კვების ახალი რესტორნის - პროექტი ჯერ დაუმტკიცებელია, ქალაქის მთავარ მოედანზე შემოღობილ ტერიტორიასთან განთავსებული ბანერი იუწყება, რომ მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG