Accessibility links

ჯონ მაკკეინი აპირებს აღადგინოს აკრძალვა რუსული სარაკეტო ძრავების გამოყენებაზე


ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინი

გავლენიანი პოლიტიკოსი, აშშ-ის სენატის სამხედრო სამსახურების კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ აპირებს აღადგინოს აკრძალვა, რომელიც ეხება აშშ-ის მიერ რუსეთის სარაკეტო ძრავების გამოყენებას სამხედრო მიზნით.

მაკკეინმა 27 იანვარს თქვა, რომ გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით და გააუქმებს იმ ფორმულირებას, რომელიც ნაწილი იყო გასულ თვეში მიღებული მასშტაბური ხარჯვითი კანონპროექტისა. ამ კანონპროექტით შემსუბუქდება აკრძალვა, რომელიც შემოიღეს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების შემდეგ.

აშშ-მა უნდა უზრუნველყოს ის, რომ დასრულდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის სარაკეტო ძრავებზე და შეწყდეს ვლადიმირ პუტინისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების ბანდის დაფინანსებაო, განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა მოიტანა რუსეთის ორი მაღალჩინოსნის, სერგეი ჩემეზოვისა და დმიტრი როგოზინის, მაგალითები: მისი თქმით, ამ პირებს აშშ-ის სანქციები შეეხო, თუმცა რუსეთის საჰაერო და თავდაცვის ინდუსტრიაში მათი პოზიციები ამ პირებს მაინც აძლევს საშუალებას იხეირონ აშშ-ის სამხედრო უწყებებისთვის RD-180 ძრავების მიყიდვით. თითო ასეთი ძრავა, საშუალოდ, 30 მილიონი დოლარი ღირს.

კონგრესმა შეასუსტა რუსეთში წარმოებულ ძრავებზე დაწესებული აკრძალვა, რადგან შიშობდა, რომ ამ საკითხისადმი მეტისმეტად მკაცრი მიდგომა შემოსავლის წყაროს წაართმევდა „იუნაიტედ ლონჩ ალაიანსს“ – „ლოკჰიდ მარტინისა“ და „ბოინგის“ ერთობლივ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში კოსმოსური თანამგზავრების გაშვების სფეროში აშშ ერთადერთი რეალურად მოქმედი კომპანიის – „სპეის ექსის“ − ამარაღა დარჩებოდა.

პენტაგონისა და საჰაერო ძალების მაღალჩინოსნებმა 27 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე დაიცვეს რუსეთის ძრავების გამოყენება და შეკრებილ საბჭოს მოუწოდეს ამაზე ნებართვა გაეცა, ალტერნატიული შესაძლებლობების გამოჩენამდე. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს რაკეტების გამშვები სადგურების დაფინანსებას როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო სახსრებით 2017 წელს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფრენკ კენდალმა თქვა, რომ „იუნაითედ ლონჩ ალაიანსი“ შესაძლოა ვერ გადარჩეს, თუ აშშ დაუყოვნებლივ შეწყვეტს რუსეთის ძრავის გამოყენებას. ეს ძრავა რაკეტა „ატლას 5-ს“ ამუშავებს.

მისი თქმით, „იუნაითედ ლონჩ ალაიანსს“ მეორე რაკეტაც აქვს, „დელტა 4“, რომელიც არ იყენებს RD-180 ძრავას, მაგრამ იმ რაკეტას, კენდალის განცხადებით, „ატლას 5“-თან შედარებით, დამატებით მილიონობით დოლარი ესაჭიროება და ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს „სპეის ექსის“ ოპერაციებს.

საჰაერო ძალებმა შარშან დაამტკიცა ბიზნესმენ ელონ მასკის „სპეის ექსი“ სამხედრო საჰაერო ოპერაციებში რაკეტების გამშვებად, თუმცა კომპანიასთან ჯერჯერობით კონტრაქტი არ გაუფორმებია.

კენდალის თქმით, „იუნაითედ ლონჩ ალაიანსის“ დაკარგვა სამხედრო უწყებას აიძულებს მხოლოდ „სპეის ექსის“ მომსახურებას დაეყრდნოს, მიუხედავად წესისა, რომელიც ამბობს, რომ კოსმოსში სატელიტების გაშვებისთვის ორი გზა უნდა არსებობდეს.

მაკკეინმა და სხვა სენატორებმა თავდაცვის სამინისტროს სთხოვეს წარმოადგინოს ზუსტი შეფასება ხარჯის, რომელიც მოჰყვება „დელტა 4“ რაკეტაზე გადასვლას, სანამ სხვა შესაძლებლობები გაჩნდებოდეს. მათი განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერდნენ ამ ახალი რაკეტისთვის მეტი ფულის გაღებას რუსეთისგან ძრავების შესყიდვის ნაცვლად.

„იუნაიტედ ლონჩ ალაიანსის“ მიერ ახლახან კიდევ 20 რუსულ ძრავაზე გაცემული შეკვეთით რუსეთმა „თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით იხეირაო“, განაცხადა მაკკეინმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG