Accessibility links

logo-print
მალხაზ ხარბედიას ესეების წიგნი ,,მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ ცოტა ხნის წინ დასტამბა გამომცემლობა ,,დიოგენემ“. წიგნში თავი მოიყარა ცნობილი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის ესეებმა და მისმა სხვადახვა - ძირითადად, ბოლო ხანებში რადიო თავისუფლების ვებზე განთავსებულმა - მასალამ.

წიგნი, რომელიც ავტორის მშობლების დალი დვალისა და იური ხარბედიას ხსოვნას ეძღვნება, მიუხედავად გარეგნული ,,ტანმორჩილობისა“, უამრავ მნიშვნელოვან პრობლემას სვამს და მკითხველს ძალაუნებურად ამ პრობლემატიკაზე დააფიქრებს.
კრიტიკის დეფინირება და განსაზღვრა ჩვენთან ძალიან რთულია, რადგან ყველას თავისებურად ესმის ის, თუ რა არის კრიტიკა და, პირველ რიგში, კრიტიკოსებს არაჯანსაღად ესმით ხოლმე კრიტიკა. ამ დროს კრიტიკა, კლასიკური გაგებით, იმას არ ნიშნავს, რასაც ქართველი ყველაზე ზერელე მკითხველი მოელის ხოლმე...

თვითონ ავტორს ესეები რამდენიმე თემატურ რკალად დაუჯგუფებია: ზაფხული და მე, ,,ამბავისტის“ ჩანაწერები, ხსოვნა, თბილისი და ალტერნატიული ტფილისი.

ამ თემატური ქვეჯგუფებიდანაც ნათლად ჩანს, რამხელა დიაპაზონისაა ეს პატარა კრებული და რამდენ მნიშვნელოვან საკითხზე ჩააფიქრებს ადამიანს.

ვინც მალხაზს პირადად იცნობს, ინტერესთა ეს სიფართოვე არ გაუკვირდება: ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული კაცი და მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, ცხოვრების ყველა მისთვის საყვარელ გამოვლინებას დიდი შემოქმედებითი ინტერესით ეკიდება.

ეს სიყვარული და ინტერესი გამოსჭვივის ყველა ესეში, ხოლო თუ ამას მახოსათვის ჩვეულ სიღრმესა და საკითხის ერთდროულად მრავალი კუთხით ხედვის არაჩვეულებრივ უნარსაც დავუმატებთ, ბუნებრივია, რომ მთელი წიგნი გაუნელებელი ინტერესით იკითხება და მკითხველს ძალაუნებურად საკუთარ მოედანზე თანამოთამაშედ აქცევს.

ზოგადად შეიძლება კიდევ ის ითქვას, რომ მალხაზ ხარბედია არაჩვეულებრივი სტილისტია, არასოდეს ღალატობს ზომიერების გრძნობა და შეუძლია დიდი მასალა ისე ,,დაამონტაჟოს“, რომ მთავარი დაიტოვოს, არაარსებითს კი დაუნანებლად შეელიოს. ეს კი მწერლებს ძალიან გვიჭირს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მონტაჟს, ისევე როგორც კინოში, ლიტერატურაშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ეს წიგნი თუკი რაიმეს დეფიციტს განიცდის, ეს, ალბათ, ეპითეტის დეფიციტია. ხარბედია არასოდეს ,,ამკობს“ თავისი წერილების გმირებს ეპითეტით, მასთან ვერ შეხვდებით ვინმეს ერთმნიშვნელოვან ქებას ან ძაგებას. პირიქით, ის წერს იმისათვის, რომ პრობლემა წამოჭრას, წერილის გმირი ან ადრესატი კი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საბაბია, რომლის მიმართაც მკითხველს ავტორისეული დეფინიციების მეშვეობით წინასწარი დამოკიდებულება არ უნდა შეექმნას. ეს განწყობა თუ დამოკიდებულება მსჯელობის საერთო მდინარებამ, სწორად დასმულმა აზრობრივმა და მინიმალურმა ემოციურმა აქცენტებმა უნდა ჩამოაყალიბოს. ამიტომაც მალხაზ ხარბედია ესეს ჟანრშიც კი კრიტიკოსად წარმოგვიდგება, რომლის მთავარ იარაღად ანალიზი - ხშირად, ერთი შეხედვით, მშრალი მსჯელობა - გვევლინება.

ბოლო ხანს აქა-იქ გაიგონებთ, საქართველოში ლიტერატურული კრიტიკის კრიზისიაო. უფრო სწორად, ბევრი სიტუაციას უკიდურესად დრამატულად წარმოსახავს და აცხადებს, რომ ჩვენთან ლიტერატურული კრიტიკა არ არსებობს. ამიტომაც დავინტერესდით, რას ფიქრობს მალხაზ ხარბედია ამ საკითხზე. მან თქვა:

,,კრიტიკის დეფინირება და განსაზღვრა ჩვენთან ძალიან რთულია, რადგან ყველას თავისებურად ესმის ის, თუ რა არის კრიტიკა და, პირველ რიგში, კრიტიკოსებს არაჯანსაღად ესმით ხოლმე კრიტიკა. ამ დროს კრიტიკა, კლასიკური გაგებით, იმას არ ნიშნავს, რასაც ქართველი ყველაზე ზერელე მკითხველი მოელის ხოლმე. არადა, ყველაზე ზერელე მკითხველი მოელის მიწასთან გასწორებას, გასართობს, მაგალითად, მწერლის რომანიდან ამოწერილ რაღაც სალაღობოდ, დასაცინად განწირულ მონაკვეთებს. ამით ერთობა ძალიან მკითხველი საზოგადოება და არაფერი საერთო ამას არა აქვს კრიტიკასთან. კრიტიკა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს, პირველ რიგში, კრიტიკოსისგან და, ცხადია, მერე, ამ კრიტიკოსის პასუხისმგებლობაზე პასუხად, თვითონ ავტორიც უფრო ისეთია (როგორა ვთქვა), მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი ნაწერების მიმართ“.
ბოლო წლების მანძილზე ძალიან განურჩეველი გახდა ავტორი თავისი ნაწერის მიმართ, ანუ ვკითხულობ ნაწერს და ვხედავ, რომ საერთოდ არ არის გატაცებული ადამიანი იმით, რაზეც წერს და, რაც მთავარია, მას ხშირად, უბრალოდ, რაღაცა ნაჯღაბნი მიაქვს ხოლმე ან აგზავნის სხვადასხვა გამოცემებში...

არსებითად, მალხაზ ხარბედიამ კრიტიკის ამ დეფინიციით თავისი დამოკიდებულება გამოკვეთა საკუთარი საქმისა და, ზოგადად, ცხოვრებისეული პოზიციისადმი. მნიშვნელოვანია, რომ, ამ თვალსაზრისით, კრიტიკის ფუნქცია მწერლის დახმარებით, მისთვის რჩევის მიცემით გამოიხატება. ეს მით უფრო აუცილებელია დღეს, როცა, იმავე მალხაზ ხარბედიას შეფასებით, ვინც - ძალიან კარგად იცნობს კი არადა - თვითონ არის შემოქმედებითი პროცესების აქტიური თანამონაწილე:

,,ბოლო წლების მანძილზე ძალიან განურჩეველი გახდა ავტორი თავისი ნაწერის მიმართ, ანუ ვკითხულობ ნაწერს და ვხედავ, რომ საერთოდ არ არის გატაცებული ადამიანი იმით, რაზეც წერს და, რაც მთავარია, მას ხშირად, უბრალოდ, რაღაცა ნაჯღაბნი მიაქვს ხოლმე ან აგზავნის სხვადასხვა გამოცემებში. ოღონდ სადმე გამოჩნდეს, ოღონდ სადმე დაიბეჭდოს და იმაზე აღარ ფიქრობს უკვე, რა ხასიათის იქნება ეს ტექსტი, რა ხარისხის, რამდენად გულახდილი იქნება ეს ტექსტი და რამდენად მახვილგონივრული თუნდაც ან ჭკვიანური“.

ყველა ის დადებითი თვისება, რაც მალხაზ ხარბედიამ ზემოთ ჩამოთვალა, ახასიათებს მისსავე ამ წიგნსაც. ის არის ხარისხიანი, გულახდილი, მახვილგონივრული და ჭკვიანური. რაც მთავარია, ავტორი გატაცებული კი არა, მთლიანად არის მოცული იმით, რასაც წერს და ამიტომაც მის გულწრფელობაში იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი არასოდეს გეპარება ეჭვი, როცა ავტორს რაღაცაში არ ეთანხმები ან ეწინააღმდეგები.

მთავარი ის არის, რომ მალხაზ ხარბედიას ამ წიგნში ვერსად შეხვდებით კონკრეტული ადამიანის ან მწერლის განქიქებას. ავტორი მწვავედ მუდამ პრობლემაზე, საკითხზე საუბრობს და არა ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ან, თუნდაც, პროფესიულ ნაკლოვანებებზე. ამიტომაც, წიგნში დასმული საკითხები განზოგადებულია, არასოდესაა შეურაცხმყოფელი და მუდამ დამაფიქრებელია. სწორედ ეს აქცევს ამ ტიპის კრიტიკულ ნააზრევს თანამედროვე მწერლობის ორგანულ ნაწილად და არა მის მიმართ ანტაგონისტურად დაპირისპირებულ ისეთ უჯრედად, რომელსაც პროცესში მხოლოდ არეულობის შეტანა ევალება. ამდენად, მალხაზ ხარბედიას ესეები თავადაც მაღალმხატვრული ლიტერატურის ნიმუშებია, საიდანაც არა მხოლოდ ანალიტიკოსის, ნამდვილი მწერლის ოსტატობაც მკაფიოდ ჩანს.

ძალზე საინტერესოა, როგორ განაზოგადებს მალხაზ ხარბედია წაკითხულს პიროვნული გამოცდილების ფონზე, ანდა, პირიქით. მაგალითად, კრებულის ერთ-ერთ საუკეთესო ესეში - ,,ნაგავი და ტერიტორიები“ - ვკითხულობთ:

,,90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა ზურა მესხის გროტესკული სიმწვავით სავსე მოთხრობა ,,სპაზმები“ - ჩემი აზრით, ამ გაწელილი და უმძიმესი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, მოთხრობა-დიაგნოზი, გნებავთ, ქართულ ნაგავში ქექვის საუკეთესო ნიმუში.
მალხაზ ხარბედია

მალხაზ ხარბედია

2007 წელს დედაჩემი ონკოლოგიურში დავაწვინეთ. უკვე მძიმედ იყო. ერთხელაც, როცა შენობიდან გარეთ გამოვედი, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ-მეთქი, მთის კიდეზე მივედი, სულ ბოლო კორპუსთან, იქ, სადაც დაქანებულზე ბაღებია გაშენებული, უბადრუკი ბაღებია გაშენებული, უბადრუკი ხეებით - უბადრუკი ალუბლები, ჭერმები, ვაშლები. ივნისის დასაწყისი იყო, მაგრამ ხეები მაინც ,,ყვაოდა“, ყველა ხეზე აცმული იყო ქარის მიერ ქალაქიდან ამოტანილი ,,ყვავილები“: ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი, შავი ცელოფნის პარკები...“

დამეთახმებით, მინიმალური მხატვრული ხერხებით მთელი ჩვენი ყოფის გამოფიტულობა და გულისშემძვრელობა არის დახატული, არადა, ტექსტი მხოლოდ ერთი უპრეტენზიო ესეა ნაგვისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე - საერთოდ, თანამედროვე ქართული ყოფიერების ნაგვისადმი...

ამიტომაც მჯერა ხარბედია-ესეისტის, ხარბედია-კრიტიკოსის და მჯერა მალხაზ ხარბედიას ფეისბუკზე ამას წინათ ნახევრად ხუმრობით დანაქადნებისა, რომ ის აუცილებლად დაწერს თავისი ცხოვრების რომანს და ეს ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი იქნება.
XS
SM
MD
LG