Accessibility links

logo-print

რატომ წავიდა მალხაზ სონღულაშვილი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსობიდან?


მალხაზ სონღულაშვილი

მალხაზ სონღულაშვილი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა მალხაზ სონღულაშვილმა ცხრამეტი წლის შემდეგ მთავარეპისკოპოსის პოსტი დატოვა. ღია წერილში მალხაზ სონღულაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ჰომოსექსუალობასთან მიმართებით მასა და ეკლესიის მსახურთა შორის განსხვავებული დამოკიდებულება დაასახელა. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, თანამოაზრეების შედარებით მცირე ნაწილთან ერთად, ჰომოსექსუალურ კავშირს ცოდვად არ მიიჩნევს, საპირისპირო აზრზე დგას ეკლესიის მსახურთა უმრავლესობა, თუმცა ყველა თანხმდება საერთო აზრზე, რომ ძალადობა მიუღებელია და ეკლესიის კარი ყველასთვის თანაბრად უნდა გაიღოს.

მალხაზ სონღულაშვილმა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ღია წერილში მალხაზ სონღულაშვილი წერს, რომ მას გამართლებულად არ მიაჩნია დარჩეს ამ თემის წინამძღოლად მაშინ, როდესაც ჰომოსექსუალობასთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიაჩნია ეკლესიის მსახურთა უმეტესობას.

”ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები.

ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას, საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას.

მე ვხედავ, რომ ჩემი წარმოდგენები სხვადასხვა სახის ფობიების წინააღმდეგ ბრძოლაზე გაზიარებული არ არის ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობის მიერ და ამიტომ მე გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ ვიყო ამ თემის წინამძღოლი.

მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი.

მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე.”
, - წერს მალხაზ სონღულაშვილი.
ეკლესიას ამაზე არც ნაფიქრი ჰქონდა, არც მიდგომა ჰქონდა ჩამოყალიბებული, როდესაც უცებ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი პოზიცია უნდა დაგვეფიქსირებინა - უნდა გვეთქვა რა მოხდა, რატომ მოხდა და ჩვენ სად ვიდექით ამ დროს...

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გვეუბნება, რომ მალხაზ სონღულაშვილის მიერ წლების განმავლობაში ეკლესიაში განხორციელებული რეფორმები არაერთხელ გამხდარა დავისა და კამათის საგანი, თუმცა აქამდე ამას დრამატული სახე არასოდეს მიუღია - მაშინაც კი, როცა ეკლესიის ეპისკოპოსად ქალი აირჩიეს. გარდატეხა სწორედ 17 მაისის მოვლენებს მოჰყვა. ამ საკითხზე მანამდე, როგორც რუსუდან გოცორიძე ამბობს, შიგნით ეკლესიაშიც არ უმსჯელიათ:

„ეკლესიას ამაზე არც ნაფიქრი ჰქონდა, არც მიდგომა ჰქონდა ჩამოყალიბებული, როდესაც უცებ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი პოზიცია უნდა დაგვეფიქსირებინა - უნდა გვეთქვა რა მოხდა, რატომ მოხდა და ჩვენ სად ვიდექით ამ დროს. მაშინ მთავარეპისკოპოსმა მიიჩნია, რომ კეკლუცობის დრო არ იყო, რომ, უბრალოდ, გვეთქვა, რომ ვგმობთ ძალადობას, მაგრამ ასე და ასე... მოკლედ, მთავარეპისკოპოსმა მაშინ თავისი სახელით და არა ეკლესიის სახელით საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა“.

მალხაზ სონღულაშვილი წერილში წერდა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ცოდვა, რომ გარყვნილება არ გადის ორიენტაციის საზღვრებზე და მას ნიჭიც კი უწოდა. შემდეგ, როდესაც ამ ფაქტს ეკლესიაში უკმაყოფილება მოჰყვა, სინოდის ერთ-ერთ შეკრებაზე მალხაზ სონღულაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ის ასე აღიქვამდა უფალს, მის სამართლიანობას და მის სიყვარულსაც. სონღულაშვილმა ასევე მოუწოდა ეკლესიის მსახურებს, დაეწყოთ ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლა და თუ მისი შეხედულებები ამ საკითხზე არ იქცეოდა დაბრკოლებად ეკლესიის წინამძღვრის პოსტზე მის დასარჩენად, ის საქმიანობას გააგრძელებდა, ხოლო თუ, პირიქით, ის მაშინვე მზად იყო მთავარეპისკოპოსის პასუხისმგებლობა მოეხსნა, - მოგვითხრობს რუსუდან გოცირიძე. ეკლესიის მსახურებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი მიდგომა ეკლესიას საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა ეკლესია თანხმდებოდა შემდეგზე: „რომ ორიენტაცია არ არის ცოდვა, რადგან ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ის ასე იბადება, რომ ძალადობა მიუღებელია და ეკლესიის კარი ყველასათვის უნდა იყოს ღია, მაგრამ ამ ეტაპის შემდეგ აზრი იყოფოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ცხოვრობს, ეს ცოდვაა, მეორე ნაწილი კი - ძალიან მცირე ნაწილი - ამბობდა, რომ სიყვარულის უფლება აქვს ყველა ადამიანს, ორიენტაციის მიუხედავად“.
წმინდა წერილში ორიენტაციაზე, როგორც ცოდვაზე, ლაპარაკი არ არის. აქ საუბარია ამ ურთიერთობის აქტიურ გამოვლინებაზე, რომელიც ცოდვად მიიჩნევა და მე მგონია, რომ ეკლესიას არ უნდა მოერიდოს ამ ტერმინის გამოყენება ამ მოვლენაზე საუბრის დროს...

21 დეკემბერს დაგეგმილ სინოდის შეხვედრაზე მალხაზ სონღულაშვილი აღარ მისულა. მისი წერილი გადადგომის შესახებ მის დაუსწრებლად წაიკითხეს. ამ დროისათვის თავად მთავარეპისკოპოსი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ეკლესიის კრების გამართვამდე მთავარეპისკოპოსის მოვალეობას ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი შეასრულებს. ილია ოსეფაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ღიად გამოეხმაურა. მთავარეპისკოპოსსა და ეკლესიის მსახურთა უმრავლესობას შორის აზრთა სხვადასხვაობა ერთი სქესის ადამიანთა ურთიერთობების საკითხმა წარმოშვა. ილია ოსეფაშვილის თქმით, აზრები გაიყო:

„ერთნი ფიქრობენ, რომ თუ ორ ერთსქესიან ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ერთად ცხოვრობენ და აღვირახსნილ ცხოვრებას არ ეწევიან, ეს არ უნდა შეფასდეს ცოდვად, მაგრამ მეორე ნაწილისათვის ეს არის სრულიად მიუღებელი და არის ცოდვა“.

უხერხულობა ეკლესიაში ორმა ფაქტორმა წარმოშვა. ერთი, რომ მსახურთა უმრავლესობისათვის, ბიბლიიდან გამომდინარე, თეოლოგიური თვალსაზრისით, მთავარეპისკოპოსის მოსაზრება იყო მიუღებელი და, მეორე, ეკლესია აღმოჩნდა საზოგადოების მხრიდან დიდი დარტყმის ქვეშ სწორედ მთავარეპისკოპოსის განცხადებების შემდეგ:

„როცა ცნობილი გახდა, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი ჰომოსექსუალობაზე ამბობდა, რომ ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია, ეკლესიის მსახურები აღოჩნდნენ დარტყმის ქვეშ თავიანთი თანასოფლელების თუ თანაქალაქელების მხრიდან“.

თავად ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი მიიჩნევს, რომ ლგბტ ჯგუფის ადამიანებს საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს, ეკლესიამ მათ მიმართ, ისვეე როგორც სხვა ჯგუფის ადამიანების მიმართ, გამოიჩინოს მზრუნველობა და სიყვარული, მაგრამ:

„პირადად ჩემი აზრია, რომ წმინდა წერილი არ ტოვებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ყოველგვარი ურთიერთობა ცოდვაა. წმინდა წერილში ორიენტაციაზე, როგორც ცოდვაზე, ლაპარაკი არ არის. აქ საუბარია ამ ურთიერთობის აქტიურ გამოვლინებაზე, რომელიც ცოდვად მიიჩნევა და მე მგონია, რომ ეკლესიას არ უნდა მოერიდოს ამ ტერმინის გამოყენება ამ მოვლენაზე საუბრის დროს“.

ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მალხაზ სონღულაშვილის 19-წლიან მოღვაწეობას ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლობის პოსტზე აფასებს როგორც პროგრესულსა და ნოვატორულს:

„ის არის ძალიან თამამი ადამიანი, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისათვის,რომ ქრისტიანობას დაუბრუნოს სახარებისეული სულისკვეთება და რეალურად აქციოს იმ რელიგიად, რაც ქრისტემ იქადაგა, ანუ სიყვარულის რელიგიად. მართლა დაუღალავი რეფორმატორია და მისთვის ეკლესია ნიშნავს სიახლეების მუდმივ მიღებას, რაც ძალიან უცხოა ზოგადად ყველა რელიგიისათვის, რადგან რელიგიები ძირითადად წარსულზე არიან ორიენტირებული. მალხაზისთვის კი ეს პირიქითაა“.

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამო, სინოდის გადაწყვეტილებით, საეკლესიო კრება მაისის ნაცვლად მარტში გაიმართება, რომელზეც ეკლესიის ახალ მთავარეპისკოპოსს აირჩევენ. მალხაზ სონღულაშვილი კი ბრუნდება იქ, საიდანაც საეკლესიო საქმიანობა დაიწყო. მისი სიტყვებით, ის მოღვაწეობას მშვიდობის კათედრალში გააგრძელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG