Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად იმყოფებოდა მამუკა ჯიბლაძე


მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
19 ივნისს, გამთენიისას, ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების ("CAT”) ალგორითმის ავტორი მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა. ჯიბლაძის დედა ამბობს, რომ ოჯახს მისთვის მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი უკითხავს. შსს აცხადებს, რომ საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგვის მუხლით იყო აღძრული და რადგან ადამიანი გამოჩნდა, საქმეც დაიხურება. თუმცა სად იყო და რატომ არ ბრუნდებოდა სახლში მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისიდან 19 ივნისამდე? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

19 ივნისს, დილის ექვსის ნახევარზე, მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა. მას კარი დედამ, ქალბატონმა მადლენამ, გაუღო.

”დილის ექვსის ნახევარზე შემოვიდა. შვილო, როგორ ხარ-მეთქი, ვუთხარი და კარგადო, მიპასუხა. არაფერი უცნაური არ შემიმჩნევია. მხოლოდ ის თქვა, მაპატიე, მეძინება, შევალ, ჩემს ოთახში დავიძინებო. იმდენად გაოგნებული ვიყავი და იმდენად გახარებული, რომ ცოცხალია, რომ არაფერი მეტი მე არ მიკითხავს და, ალბათ, არც შევეკითხები. იმიტომ კი არა, რომ რამე ეჭვი მაქვს ან რამე უარყოფითზე არც ვფიქრობ. მიხარია, უბრალოდ, რომ შვილი ცოცხალი დამიბრუნდა, თუმცა შეწუხებული ვარ, ცხადია, ან მისი შინაგანი ამბავია, ან რაღაც იყო, არ ვიცი”...

ბევრ კამერაში ჩანდა ეს კაცი ბოლო დღეების განმავლობაში. ”ჰოლიდეი ინნ”-თან, კოლმეურნეობის მოედანზე ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მას შეხვდნენ და ესაუბრნენ. რამდენიმე გამვლელმა დარეკა ...
შოთა უტიაშვილი
წინა დღით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი 17 ივნისს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-თან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დღეს ირკვევა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის მქონე მამუკა ჯიბლაძე ქალაქში დამონტაჟებული სხვა ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებშიც ჩანდა. როგორც შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რეკავდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც მამუკა ჯიბლაძე ამ დღეების განმავლობაში ნახეს. ცნობილია ისიც, რომ ორი დღის წინ მან მეგობართან ერთად ისადილა. შოთა უტიაშვილი მამუკა ჯიბლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესაძლოა ის დეპრესიაში იყო. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მამუკა ჯიბლაძის დაკარგვის პირველი შემთხვევა:

”ბევრ კამერაში ჩანდა ეს კაცი ბოლო დღეების განმავლობაში. ”ჰოლიდეი ინნ”-თან, კოლმეურნეობის მოედანზე ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მას შეხვდნენ და ესაუბრნენ. რამდენიმე გამვლელმა დარეკა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს კაცი დაინახეს, ორი დღის წინ კი თავის მეგობართან ერთად ისადილა... ასე რომ, მისი კვალი გამოჩნდა ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში და, ბოლოს, დღეს დილით სახლში მივიდა.”

თავად მამუკა ჯიბლაძე თავისი ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით არ ლაპარაკობს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისთვის ასევე არაფერი უკითხავთ.

შეგახსენებთ, რომ ის 11 ივნისს გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც არ პასუხობდა ტელეფონს, არ მისულა დაგეგმილ შეხვედრებზე, მათ შორის, არც გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან, მაია მიმინოშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე. სწორედ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა მამუკა ჯიბლაძემ სამსახური თავის 70-მდე კოლეგასთან ერთად.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ მამუკა ჯიბლაძე გახლავთ მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების ("CAT”) ალგორითმის ავტორი. ეს პროგრამა კი, როგორც ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტი სტივ ბაკლერი ერთი წლის წინ ”ონლაინნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ”საშუალებას იძლევა უფრო ახლოს შევისწავლოთ მოსწავლის ცოდნის დონე. როდესაც მოსწავლე ვერ პასუხობს რთულ შეკითხვას, ალგორითმი მას უფრო ადვილს სთავაზობს და აძლევს მინიმალური ბარიერის გადალახვის შანსს. CAT-ის მათემატიკური ალგორითმი კითხვების სირთულესა და გაცემულ პასუხებს აჯამებს, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლემ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინოს და თუნდაც მხოლოდ ადვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემით მოაგროვოს ქულები მინიმალური ზღვარის გადასალახად”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG