Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა კაციტაძე - პოლიტიკოსი


29 აპილი, კვირა
ვიწყებ „თავისუფლების“ დღიურების წერას. ცოტა უჩვეულოა, თუმცა საინტერესო. მადლობა რადიო „თავისუფლებას“, რომ ერთი კვირით დამაბრუნა ახალგაზრდობაში. ახლა გამახსენდა, რომ ოდესღაც დღიურების მსგავს ჩანაწერებს ვაკეთებდი და ამ გახსენებამ დადებითი ემოციები გააჩინა. ეს წარსულის გახსენებაცაა და მომავალში (ჯერ, ალბათ, ადრეა, მაგრამ მაინც...) მემუარების წერის ერთგვარი პრელუდიაც. ასეა თუ ისე, საქმეს შევუდგეთ.
დღეს კვირაა. ნორმალური რეჟიმის ადამიანისთვის ოჯახში და ოჯახთან ყოფნის დღე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მე არ მეხება.

ოჯახში სამნი ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე მეგი და ხუთი წლის გუკა (გურამი). შემეშალა, გუკათი უნდა დამეწყო, მაგრამ რადგან დავწერე... გვყავს მეოთხეც - 17 წლის სოფო, მაგრამ ის ამერიკაში სწავლობს და წლიდან წლამდე ველოდებით ზაფხულს, როცა სოფოც ჩვენთან ერთადაა.

ჩვეულებრივი დილის შემდეგ, 11 საათისთვის გავედი სახლიდან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში (რომლის ხელმძღვანელიც ვარ) ოპერატორების პირველი ტესტირების შედეგი უნდა შევამოწმოთ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც „კარდაკარ“ აქციის მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში უნდა ჩაასწოროს. ორივე ჯგუფის მონაცემები შევამოწმეთ, ყველაფერი წესრიგშია.

შუადღემდე სამსახურში ვიყავი, მერე კი სპორტის სასახლეში წავედი. დღეს კალათბურთში „ყველა ვარსკვლავის“ საჩვენებელი თამაშია - შოუ. ლეგიონერებმა აჯობეს ადგილობრივებს. ალბათ ლოგიკურია. კალათბურთი ჩემი განსაკუთრებული ჰობია, ოდესღაც კლუბის პრეზიდენტიც ვიყავი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც.

კალათბურთის მატჩის შემდეგ ცოტა ხნით სახლში შევირბინე საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად...

საღამო მეგობრებთან ერთად გავატარე. ერთი ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ის იყო ჩამოსული, ხვალ მიდის და „გავაცილეთ“.
ესეც - დღე პირველი.
თავისუფლების დღიურები - მამუკა კაციტაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:52 0:00
გადმოწერა

30 აპრილი, ორშაბათი
ახალი კვირა დაიწყო, მძიმე დღეა.

დილით მე და გუკამ ცოტა ვითამაშეთ და მერე „ახალი მემარჯვენეების“ ცენტრალურ ოფისში წავედი. დღეს მთავარი კომიტეტის სხდომაა, რომელიც თვეში ერთხელ იმართება, ე.ი. მნიშვნელოვანია. შუადღემდე აქ ვარ - ბევრია სამსჯელო.

კომისიიდან დამირეკეს, შალვა რამიშვილი მოვიდა „აკრედიტაციის გარეშეო“. ამ ქვეყანაში აკრედიტებული ხარ თუ არააკრედიტებული, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

დაახლოებით 4 საათისათვის კომისიის ოფისში მივედი. „კარდაკარიდან“ პირველი ინფორმაციები დღეს შემოვიდა კომისიაში, თუმცა ჯერ დასამუშავებელია. მიმდინარე საქმეებსაც მივხედე და 6 საათისათვის გავემგზავრე მარნეულში.

დღეს მარნეულის ტელევიზიაში პირდაპირი ეთერი მაქვს. ერთი საათი ვლაპარაკობდი სიების დაზუსტების მნიშვნელობაზე, კომისიის მუშაობაზე, „კარდაკარზე“. ერთი საათის განმავლობაში გოგონა აზერბაიჯანულად თარგმნიდა ჩემს ჩახლართულ ტექსტებს. რთული რეგიონია, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

საღამოს სახლში ვარ. გუკას ორი კვირაა, ბაღში არ უვლია, „ბატონები“ ჰქონდა. მე და მეგიმ საგულდაგულოდ ვაბანავეთ, დავაძინეთ და ერთად ვუყურეთ „აკრედიტაციის გარეშეს“ - ობიექტური იყო.

1 მაისი, სამშაბათი
ვარდობისთვე დადგა. მიყვარს მაისი. მაისი და ოქტომბერი. 30 წლის წინ, ალბათ, მშრომელთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე ვიყავი, ახლა კი მე და გუკა საბავშვო ბაღში მივდივართ.

დილიდან კომისიაში ვარ. ვეცნობი „კარდაკარის“ პირველ ინფორმაციებს. ვფიქრობ, ნორმალურად დაიწყო. წერილები დამხვდა პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. გვწერენ, არ გენდობით, მაგრამ თანამშრომლობა გვინდაო - საინტერესოა! დღეს ოპერატორების ტესტირების მეორე ტურიც გვაქვს - მნიშვნელოვანია.

1 მაისი კანონის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებიდან ამომრჩეველთა სიის განახლებული ვერსიების შემოტანის დღეცაა. მოკლედ, დატვირთული დღე მაქვს და მთელი დღე კომისიაში ვარ.

სახლში 9 საათისთვის დავბრუნდი. გუკას სტუმრად თავისი მეგობარი ლუკა ჰყავს (მეზობელია). ცოტა ხნით ერთად ვითამაშეთ, შემდეგ გუკა დავაძინეთ და მე და მეგის ოჯახური საღამო გვქონდა. ეს დღეც გაილია.

2 მაისი, ოთხშაბათი
ჩვეულებრივი დილა გათენდა. დედას ველაპარაკე სოფელში, მოვიკითხე. მომიხუცდა და ვნერვიულობ, მარტოა „თავის სახლში“. გუკა ბაღში დავტოვე და მე, დათო, ფიქრია, მანანა და რეზი IRI-ში წავედით სოციოლოგიური კვლევის შედეგების გასაცნობად. ამ დათრგუნულ ქვეყანაში რა აზრი აქვს სოციოლოგიურ კვლევებს, არ მესმის.

12 საათისათვის კომისიაში მივედი.

„კარდაკარიდან“ ინფორმაციების შემოსვლა გრძელდება. ვემზადებით შემოსული ინფორმაციების ერთიან ბაზაში შესატანად. ყველა დეტალს დაწვრილებით განვიხილავთ, ძალიან საპასუხისმგებლო და რთული ეტაპია.

საიტზე და „ცხელ ხაზზე“ დამხვდა კითხვები მოქალაქეებისგან. პასუხები მოვამზადე და აპარატს გადავეცი. საქმე ბევრი მაქვს, მაგრამ მაინტერესებს, საჭიროა, მიყვარს და დაღლას ვერ ვგრძნობ.

დღეს „კავკასიისთვის“ და „იმედისთვის“ ტელეეთერზე უარის თქმა მომიწია, რადგან მცირე ინფექცია შემეჭრა და სახეზე კარგად ვერ „გამოვიყურები“. ლაშა და ბადრი (კომისიის წარმომადგენლები) იყვნენ ორივეგან.

საღამოს 7 საათზე „ახლების“ ოფისში მივედი. დავასრულეთ პროექტის „‘ახალი მემარჯვენეები’ ქართული სოფლისთვის“ პირველი ეტაპი; მეორე ეტაპის დაწყებას ვგეგმავთ. ბევრია სამსჯელო პარტიულ ტაქტიკასა და სტრატეგიაზე.

სახლში გვიან დავბრუნდი, გუკას უკვე სძინავს. ვვახშმობ და მეგისთან ერთად ვუყურებ გადაცემას „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ფინალში თიკო და სამორი გავიდნენ, ალბათ საინტერესო ფინალი იქნება.
დავიღალე, ძილის დროა, 2 საათია.

3 მაისი, ხუთშაბათი
დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ალბათ იქნება ჟურნალისტური „აქტივობები“. ისე, აუტანელი ხდება პოლიტიზებული, (ვიწროპარტიულს ვგულისხმობ), პოლარიზებული და ობიექტურობას მოკლებული მედიის ცქერა. ამას წინათ, სოფელში, ერთმა გლეხმა კაცმა მითხრა, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“ ამინდის პროგნოზსაც სხვადასხვანაირად აცხადებენო.
ისევ ჩვეულებრივი დილაა. დამირეკეს, მეგობრის მამა გარდაცვლილა. საწყალი დათო! ასე ვეძახდი, კაი კაცი იყო...

გუკა ბაღში მივიყვანე, მეგობართან სამძიმარზე გავიარე და კომისიაში წავედი. საქმე, ჩვეულებრივ, თავზესაყრელად გვაქვს. „კარდაკარის“ მონაცემების ერთიან ბაზაში შეტანის სრული პროცედურა გავიარეთ - ე.წ. „იმიტაცია“. ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

გლდანის ციხეში კიდევ ერთი პატიმარი მოკლეს ცემით, ოფიციალური ინფორმაციაა - ავადმყოფობით. მიშა კი ფრენას განაგრძობს: ქუთაისი, ფოთი და ა. შ. უნდა „დავამიწოთ“ ეს კაცი, თორემ საქმე კატასტროფულადაა.
ექიმთან ვიყავი ჩემს პრობლემებზე, სერიოზული არაფერია.

პრესიდან იყვნენ ჟურნალისტები ინტერვიუზე („რეზონანსი“ და „ვერსია“).
დღეს კალათბურთის „პლეიოფები“ დაიწყო. მოუცლელობის გამო „გავმაზე“ - ანუ ვერ დავესწარი.

საღამოს გუკა დავაძინეთ, მეგი მომიყვა საინტერესო შეხვედრის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში გამართულა ირანისტ გიორგი ლობჟანიძესთან. ვიცი ეს კაცი, საინტერესო პიროვნებაა. ეჰ, სულ მოვწყდი ყველაფერს. მეძინება...

4 მაისი, პარასკევი
დილით მე და გუკამ ვივარჯიშეთ, შემდეგ ბაღში წავიყვანე და კომისიაში მივედი.

თითქოს საქმე ყოველდღიურად მატულობს. წერილი მოვიდა მაკედონიიდან, იქაც შეუქმნიათ სიების დაზუსტების კომისია და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოსვლა უნდათ 14-18 მაისს, ჩვენი კომისია მასპინძლობს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ესღა მაკლდა! (ვხუმრობ, რა თქმა უნდა.)

პრაქტიკანტი ჟურნალისტი იყო ინტერვიუზე გაზეთ „ქართული სიტყვიდან“. დიდი და დაწვრილებითი ინტერვიუ მივეცი. დასაწყისიდანვე უნდა მიიღონ საჭირო ინფორმაცია და კვალიფიკაცია.

საზოგადოებაში ცნობილმა სახეებმა „კარდაკარს“ თანადგომა გამოუცხადეს. გუშინ ბესო კალანდაძე და რუსა მორჩილაძე იყვნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში, დღეს ტოლიკა ბოისა იყო მშობლიურ რუსთავ-ქალაქში. კარგია, მადლობა ყველას!

საღამოს პარტიაში გავედი. მე, დათოს და ფიქრიას „სალაპარაკო დაგვიგროვდა“.
გვიან მივედი ნოდართან პანაშვიდზე და დიდხანს დავრჩი. ოთარი (ნოდარის ძმა) ჩამოვიდა ლვოვიდან.

სახლში მე და მეგი ვართ, გუკა ბებოსთან და ბაბუსთან დარჩა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, დასვენება მჭირდება.

5 მაისი, შაბათი
შაბათია, ვითომ დასვენების დღე. ადრე მოვემზადე და წავედი კომისიაში. დღეს იწყება „კარდაკარის“ მონაცემების ერთიან ბაზაში შეყვანა, ანუ დღეს მოსახლეობისაგან უშუალოდ მიღებული ინფორმაცია ასახვას დაიწყებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ყველა ადგილზეა, დიდი შრომისა და პასუხისმგებლობის ბოლოსწინა ეტაპი იწყება (ბოლო ეტაპი თავად სიის გამოქვეყნებაა).
არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ მოგვარებადი. მიყვარს დისციპლინა და წესრიგი. შეიძლება, ცოტა ზედმეტად მკაცრი ვიყავი დილით, როცა ოპერატორებს მივმართე, მაგრამ რა ვქნა? დიდ გამოწვევას, დიდ პასუხისმგებლობას და გარკვეულ რისკს თან ახლავს სიმკაცრე და მომთხოვნელობა.

ყველაფერი ნორმალურად დაიწყო. მთავარია, კარგად დამთავრდეს.

დღეს გრძელდება კალათბურთის „პლეიოფები“, ანუ ნახევარფინალები - რა თქმა უნდა, უჩემოდ. მე ჩემი „პლეიოფი“ მაქვს!

ჩემი „თავისუფლების“ ერთი კვირაც სრულდება. არ ვიცი, რამდენად შინაარსიანი და საინტერესო კვირა იყო. ერთი რამ ცხადია: მე გულწრფელი ვიყავი.
XS
SM
MD
LG