Accessibility links

logo-print

21 დეკემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ე. წ. „მცურავი კურსი“ გამოაცხადა ეროვნულ ვალუტაზე, რასაც მანათის მეყსეული დევალვაცია და ქვეყანაში სასაქონლო დეფიციტი მოჰყვა. მანათი დოლართან მიმართებით ერთბაშად 48 %-ით გაუფასურდა. აზერბაიჯანელი ექსპერტები ცენტრალური ბანკის ამ ნაბიჯს მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ ზომად მიიჩნევენ იმისათვის, რომ შეჩერდეს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება, რამაც ბოლო თვეებში მკვეთრად შეამცირა აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები.

აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის, „მანათის“, ელვისებრური დაცემა- გაუფასურება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა ე.წ. მცურავი კურსი გამოაცხადა. თუ სავალუტო ბაზარზე შაბათ-კვირის განმავლობაში ერთ დოლარს 1.04 მანათად ყიდულობდნენ, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, დოლარს სავალუტო ჯიხურები უკვე 1.55 მანათად ყიდდნენ.

„ზოგიერთმა ბანკმა შეაჩერა სავალუტო ოპერაციები, ზოგიერთმა კი გაცვლითი კურსი ძალიან მაღლა ასწია და ერთ დოლარს 1 მანათად და 55 კაპიკად ყიდულობს, ხოლო 57 მანათად ყიდის, ანუ ისინი თავს იცავენ სამომავლო სიურპრიზებისაგან“, აცხადებს რადიო თავისუფლების მიმომხილველი ელხამ ნასიბოვი.

აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის ასეთ მკვეთრ გაუფასურებას ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ხსნიან ეკონომიკის ექსპერტები. ქვეყანაში, რომლის ბიუჯეტის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნავთობის ექსპორტით მიღებული თანხები, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემის მიუხედავად, ხელოვნურად ხდებოდა ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნება. და მაშინ როცა რუსეთმა და ყახაზეთმა სწრაფადვე გამოაცხადეს მცურავი კურსი, აზერბაიჯანის ეროვნული ბანკი აგრძელებდა სავალუტო რეზერვების გაყიდვას მანათის კურსის შესანარჩუნებლად.

დაყოვნებამ კი ნამდვილი პანიკა გამოიწვია როგორც სავალუტო, ასევე სასაქონლო ბაზარზე.

უცხოური ვალუტის გაძვირების გამო უცხოური საქონლით მოვაჭრე ბევრმა მაღაზიამ შეწყვიტა ვაჭრობა, რათა თავიდან აეცილებინა ძვირად შეძენილი პროდუქციის გაუფასურებული მანათის კურსით გაყიდვა, - ამბობს რადიო თავისუფლების მიმომხილველი ელხამ ნასიბოვი:

„მაგალითად, თამბაქოს ნაწარმზე ფასი 50 პროცენტით გაიზარდა, რადგან თამბაქო საზღვარგარეთიდან შემოდის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა იმპორტულ საქონელზე. ამიტომ ადამიანებმა დაკეტეს მაღაზიები და ახალი კურსით ხელახლა ანგარიშობენ იმ საქონლის ღირებულებას, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის“.

მანათზე მცურავი კურსის გამოცხადებით აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ესწრაფვის "შეინარჩუნოს მყარი სავალუტო რეზერვები და უზრუნველყოს საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა“. ამ ნაბიჯს დაგვიანებულ, მაგრამ აუცილებელ ზომად მიიჩნევენ ექსპერტები, რომლებიც ჯერჯერობით თავს არიდებენ რაიმე პროგნოზის გაკეთებას, თუ როდის მოხდება მანათის სტაბილიზაცია. „ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა მცურავი კურსი, მაგრამ მანათი დაიხრჩო, რადგან მანამდე მისთვის ცურვა არავის უსწავლებია“, - აცხადებს ცნობილი აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG