Accessibility links

სახელმწიფო საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების სუბსიდირებას მოახდენს


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად ბათუმში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. ხელშეწყობის ღონისძიებათა მთავარი არსი, ისევე როგორც რთვლის შემთხვევაში, ციტრუსის შესყიდვის პროცესში სუბსიდირების განხორციელებაა, კერძოდ:

კომპანიები, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მათ ასევე ექნებათ საშუალება, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში, აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

ამ ეტაპისთვის სუბსიდიის პროგრამაში ჩართულია სამი კომპანია: შპს „GIAM group”, შპს TCF Georgia” და სააქციო საზოგადოება „ქობულეთის ჩაი“. ამ უკანასკნელმა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო.

მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

ციტრუსები საქართველოში თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია აჭარასა და გურიაში, შედარებით ნაკლებად - სამეგრელოში. ბაღებში ნარგავების 80%-ზე მეტი მანდარინზე მოდის. ციტრუსები ყოველთვის წარმოადგენდა საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს.

თუ მანდარინის ამჟამინდელ საექსპორტო პოტენციალს და ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მანდარინის ექსპორტი გაიზარდა: 2013 წელს ქვეყნიდან 18 მილიონ 319 ათასი დოლარის ახალი ან ხმელი მანდარინი (ტანჟერინებისა და სატსუმის ჩათვლით), კლემენტინები, ვილკინგები და ციტრუსების ანალოგიური ჰიბრიდები გავიდა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 7 მილიონ 322 ათასი აშშ დოლარი იყო, 2011 წელს - 5, 1 მილიონი აშშ დოლარი, 2010 წელს - 12 მილიონი აშშ დოლარი.

ცხადია, 2 მილიონი ლარით სუბსიდირებული პროდუქტისთვის ეს დიდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს თანხა, ძირითადად, სწორედ იმ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს ეხება, რომლის რეალიზებაც გლეხებისთვის გაძნელებულია.

მსგავსი სუბსიდირება, რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი არ არის: საქართველოში მანდარინის ქვედარგი საკმაოდ ჩამორჩება საერთაშორისო ბაზრებისთვის მისაღები ხარისხის სტანდარტებს. სუბსიდირება და/ან ფინანსური დახმარების სხვა სახის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს დადებით შედეგს, თუ მოსავლის ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა. ამიტომ ამ ქვედარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია მხარდაჭერის ისეთი სპეციფიკური ღინისძიებების განხორციელება, როგორიცაა ფერმერთა განათლება, კოოპერაციის წახალისება, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული ბაზის გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG