Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფრი მანკოფი და სტივენ ბლენკი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე


"ამერიკის ხმამ" ინტერვიუები ჩაწერა გავლენიან ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს აფასებენ.

ჯეფრი მანკოფი, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ევრაზიის პროგრამა:

"აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებით, მოსკოვს, პირველ რიგში, აფხაზეთზე მეტი კონტროლის მოპოვება სურდა. ბოლო დროს აფხაზეთი კრემლისთვის პრობლემურ ტერიტორიად იქცა. აფხაზები სულ ცდილობენ, საერთაშორისო ურთიერთობები დამოუკიდებლად აწარმოონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი დამოუკიდებლობა რუსეთმა განაპირობა. პრობლემებმა განსაკუთრებით ანქვაბის პრეზიდენტობისას იჩინა თავი. ამ ხელშეკრულებით კი მოსკოვმა სოხუმს იმგვარი სტატუსი მიანიჭა, როგორიც თავად მოსკოვს სურდა.

ჯეფრი მანკოფი
ჯეფრი მანკოფი

აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება სამხრეთი კავკასიის რეგიონის გასაკონტროლებლად რუსეთის ფართო სტრატეგიის ნაწილია. ამ ნაბიჯით რუსეთი პოზიციების გამყარებას და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის თავისი შავი ზღვის ფლოტით რეგიონში ერთადერთი გავლენიანი მოთამაშეა.

საქართველოს ამ პროცესების თავიდან აცილების საშუალება არ ჰქონია.აფხაზეთზე თბილისის კონტროლი ფაქტობრივად სრულად დაიკარგა 1990-იანი წლებიდან და განსაკურებით, 2008 წლის ამბების შემდეგ. ოფიციალურ თბილისს არანაირად არ შეეძლო იქ ვითარების მართვა.

აფხაზეთი, ფაქტობრივად, 20 წელია, დაკარგულია.აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი შეთანხმება მას საქართველოსაგან კიდევ უფრო აშორებს. ხელშეკრულებას არანაირი გავლენა არ ექნება საქართველოს სუვერენიტეტზე, თუმცა ის, შესაძლოა, მოაზრებულ იქნას ნაბიჯად, რომელიც აფხაზეთის პრობლემის გაყინვას ისახავს მიზნად."

სტივენ ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო:

სტივენ ბლენკი
სტივენ ბლენკი

"რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება სახიფათოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის. რუსეთი იმპერიულ მისწრაფებებს მისდევს და შავი ზღვის მთელი რეგიონის გაკონტროლებას ცდილობს. ახალი ხელშეკრულება დიდ გავლენას მოახდენს დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის კონფლიქტებზე და რა თქმა უნდა, ვითარებაზე სამხრეთ ოსეთში. რუსეთი სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შინაარსის შეთანხმებას გააფორმებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

სისულელე იყო იმის დაჯერება, რომ საქართველოს დასავლეთთან და რუსეთთან ერთდროულად შეეძლო ურთიერთობების მოწესრიგება. საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა დაპირება საგარეო ფრონტზე და ვერ დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან. მთავრობამ ვერც ქვეყნის შიგნით გაატარა თანმიმდევრული პოლიტიკა. ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოში ვითარებას ერთი ადამიანი მართავს. ნათელია ისიც, რომ რუსეთი შეეგუება მხოლოდ ისეთ საქართველოს, რომელიც მისი სატელიტი სახელმწიფო იქნება და მის ინტერესებს გაატარებს."

XS
SM
MD
LG