Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგარეტ ეტვუდის ორი ხელი


შარშან, „დიოგენეს“ მაღაზიაში რომ მივედი, რათა ამ გამომცემლობის წიგნები შემერჩია გადაცემისთვის, კონსულტანტმა გოგონამ სხვა წიგნებთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ გამოსული მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელიც“ შემომთავაზა. თაროზე შემოდებულ უზარმაზარ აგურს რომ შევხედე, ხელები გავასავსავე, არა, არა, ეს არ მინდა, კვირაში ერთხელ თითო წიგნის წაკითხვა მიწევს და შანსი არაა ამოდენა წიგნი ასეთ რეჟიმში წავიკითხო-მეთქი, მაგრამ კონსულტანტმა გოგონამ რაღაცნაირად მაინც თავისი გაიტანა: ვინც კი წაიკითხა, ყველას საოცრად მოეწონა და იქნებ მაინც წაიღოთ და მოახერხოთ წაკითხვაო. შინ მისულმა ამ 867-გვერდიან რომანს რომ ჩავხედე, ეგრევე ჩამითრია და ასიოდე გვერდი მაშინვე ჩავაბულბულე, მაგრამ მალევე გვერდზე გადავდე და უფრო პატარა ზომის ტექსტი შევარჩიე, შემდეგი გადაცემის მომზადება რომ მომესწრო. და აი, ასე გაგრძელდა მას შემდეგ რამდენიმე თვე: ავუვლიდი-ჩავუვლიდი ერთ მაგიდაზე დახვავებულ სხვადასხვა გამომცემლობის ახალ წიგნებს, ეს რომანი კვლავ თავს შემახსენებდა, მივუბრუნდებოდი და მერე ისევ შევეშვებოდი, რათა მორიგი გადაცემა არ ჩამეგდო, მაგრამ პერიოდულად მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ, რადგან კანადელი ქალბატონის მიერ მონათხრობი რამდენიმე ერთმანეთში ჩახლართული ისტორია უკვე ჩემს ცნობიერებაში იყო გამჯდარი, თავს მახსენებდა და მაშფოთებდა. ჰოდა, რაკი ამ უზარმაზარმა წიგნმა, მიუხედავად ჩემი დროის დეფიციტისა, მაინც თავისი გაიტანა და ბოლომდე წამაკითხა თავი, დღეს სწორედ მასზე გესაუბრებით, ამაში კი პროზაიკოსი თეონა დოლენჯაშვილი დამეხმარება.

თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი: „ჟანრობრივად ძალიან საინტერესოა, ბევრი ჟანრი ერწყმის ერთმანეთს, მაგრამ მე ერთიანობაში მაინც უფრო დეტექტივს დავარქმევდი, თან არის ოჯახური საგა, გვარის ისტორია, რომელიც მოიცავს მთელ საუკუნეს. სტილისტურადაც ძალიან განსხვავებულია, თითქოს სხვადასხვა ხელსა აქვს დაწერილი. არის ფენტეზიც, არის სრულიად რეალური ისტორიაც, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩეიზების გვარის ისტორია - ეს რეალური ამბავი. რომანი რომანში, ეს ჩანართი, ჩემთვის პირადად ნაკლებად საინტერესო იყო. ვისაც ეს ჟანრი უყვარს, მისთვის ალბათ კარგი იქნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, როგორ წერს და როგორ ავითარებს ამ ისტორიას წინაპრებით დაწყებული, მერე მთავარი კვანძი არის დების ისტორია და როგორ სრულდება... და ის, რომ სიკვდილით იწყება და - ნეკროლოგები, ამონარიდები გაზეთებიდან, რაღაც სხვადასხვა ოფიციალური უწყებები - ეს კიდევ ცალკე ფორმა არის, და ეს ყველაფერი ერთმანეთში ისე ოსტატურად იკვრება, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან საინტერესოა თვითონ ისიც, რომ თითქმის 900 გვერდი, თან ჟანრობრივად ასე აზელილი და ათქვეფილი, არანაირად არ ხდება მოსაწყენი. ცოტა კრიტიკულები თუ ვიქნებით, დიდ მანძილზე იწელება რაღაც აღწერები, მაგრამ იმდენად ოსტატურად არის ესეც, რომ მოსაბეზრებელი არც აქ არ არის“.

რაც შეეხება რომანში რომანს: ქართული ლიტერატურული რეალობიდან მან მე ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე“ გამახსენა. უშუალოდ მისი მონათხრობიდან ვიცი, რომ ამ, ასევე შემაშინებლად სქელტანიან რომანში, მან თავისი ორი რომანი გააერთიანა, რომელთაც 90-იან წლებში წერდა და დამოუკიდებელ წიგნებად წარმოედგინა. მაგრამ სამომავლოდ გაკეთებული სინთეზი სრულიად ორგანული აღმოჩნდა და 90-იანი წლების საქართველოს რეალურ სურათს სხვა პლასტებიც შესძინა. მე ნამდვილად არ ვიცი მარგარეტ ეტვუდის შემოქმედებითი სამზარეულო, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ეს ორივე - გარე და შიდა - რომანი, მას თავიდანვე ერთ მთლიანობად ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ყოველივე ეს ამ პარალელს, ვფიქრობ, საფუძველს მაინც არ აცლის: „ორი წრე“ ორივე მწერალ ქალთან ეფექტურად და შეთანხმებულად მუშაობს.

ვფიქრობ, რომ კლასიკური რომანი არის, თავისი ინტრიგით, თავისი თხრობის მანერით და თავისი სქელტანიანობით, თავისი დრამატურგიით. ქალურ თემებს, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით. აქ არის ამბავი ქალის, როგორც სუსტი ქალის, რომელიც საერთოდ არის მუდმივად წნეხის ქვეშ, მით უმეტეს იმ ეპოქაში, რომელიც ჩანს ხშირ შემთხვევაში როგორც ნივთი, მუდმივად დაქვემდებარებული ქმარს, საზოგადოებას, სადაც არ ისმის მისი ხმა და ამ დროს ის არის ძალიან დიდი მეამბოხე...
თეონა დოლენჯაშვილი

რაც შეეხება ჩართული რომანის სიუჟეტს: ის ამოყირავებული „ათას ერთი ღამესავითაა“. აქ პირიქით, მამაკაცია შეჰერეზადა, რომელიც მთელ თავის მწერლურ ფანტაზიას ძაბავს და შთამბეჭდავ ისტორიებს უყვება ქალის სახემიღებულ სულთან შაჰრიარს. ანუ ესაა ისტორია, თუ როგორ ახერხებს დევნაში მყოფი ახალგაზრდა კაცი იმას, რომ მიუხედავად მუდმივი კონსპირაციისა და საცხოვრებელი ადგილების ცვლისა, მაღალი წრიდან გამოსული ახალგაზრდა ქალი ყოველთვის მიდიოდეს მის უბადრუკ სამალავში, მიჰქონდეს მასთან საკვები, სითბო, სიყვარული და მამაკაცი შეჰერეზადას მიერ დაწყებული ზღაპრების გაგრძელებას მოუთმენლად ელოდებოდეს. ეს ზღაპრები ხან წმინდა წყლის ფანტასტიკაა, პლანეტა ზიკრონზე განვითარებული მოვლენებით, კოსმოსური ომებით თუ კაც-ხვლიკებით, და ხან კი სულისშემძვრელი ისტორია ამავე პლანეტის მითურ ქალაქ, საკიელ-ნორნში ბავშვობიდანვე ბრმა მკვლელად გამოზრდილ ბიჭზე და მსხვეპლშეწირვის რიტუალისთვის გამზადებულ ენაამოჭრილ ქალწულზე. თავად მთხრობელი კი აშკარა პროტოტიპია მეამბოხე ალექს ტომასისა, რომელიც ერთდროულად უყვარდება ორივე დას: აირისსაც და ლორასაც, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ამ ისტორიას კი მოგვითხრობს 90 წელს მიღწეული აირისი მე-20 საუკუნის დასასრულის გადმოსახედიდან. ერთი სიტყვით, ამ რომანში რაკურსები, სიუჟეტური ხაზები, ეპოქები, ჟანრები მუდმივ მონაცვლეობაშია, ხოლო მხოლოდ აირისის მონათხრობი რომ ავიღოთ, იქ უთვალავი პერსონაჟი გაირბენს, თავისი დასამახსოვრებელი ხასიათით, ტრაგიკული, კომიკური თუ ტრაგიკომიკული ისტორიით, გაირბენს სხვადასხვა გარემოში, რომელიც ხან სიცოცხლით დუღს, ხან სრულიად იცვლის ელფერს და ხან უიმედოდ კვდება. დრო-ჟამის გარემოზე ზემოქმედების ეს მტკივნეული პროცესი, აღწერილი მარგარეტ ეტვუდის მიერ, ამ ტექსტს კლასიკური რომანის თანამედროვე ნაირსახეობად წარმოგვისახავს, თავისი, რა თქმა უნდა, უცნაური მინარევებით.

თეონა დოლენჯაშვილი: „ვფიქრობ, რომ კლასიკური რომანი არის, თავისი ინტრიგით, თავისი თხრობის მანერით და თავისი სქელტანიანობით, თავისი დრამატურგიით. ქალურ თემებს, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით. აქ არის ამბავი ქალის, როგორც სუსტი ქალის, რომელიც საერთოდ არის მუდმივად წნეხის ქვეშ, მით უმეტეს იმ ეპოქაში, რომელიც ჩანს ხშირ შემთხვევაში როგორც ნივთი, მუდმივად დაქვემდებარებული ქმარს, საზოგადოებას, სადაც არ ისმის მისი ხმა და ამ დროს ის არის ძალიან დიდი მეამბოხე. მთავარი გმირი, მთხრობელი, ის არის ერთი მთავარი რომანის ავტორი, სადაც მთელი მისი ცხოვრებისეული ისტორია იშლება, და მეორე - თვითონ რომანი რომანში - ორი ხელი იმიტომ ვთქვი; რაღაც ძალიან სიმბოლურია, რომ მას მართლა წერს ორი ხელი - წერს ლორა ჩეიზი და წერს აირის ჩეიზი. ორივე და წერს და ავტორი არის ამ დროს ერთი და ბოლომდე ვერ ვხვდებით რეალურად, ვინ დაწერა ერთი, რომელიც გამოიცა და გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, და მეორე, რომელსაც არ უწერია დღის სინათლე, და ის იწერება აირისის შვილიშვილისთვის. ის ხდის ფარდას ყველა საიდუმლოებას, რომელსაც მალავდა და ფარავდა ჩეიზების გვარის ისტორია“.

მარგარეტ ეტვუდი
მარგარეტ ეტვუდი

რომანის ფინალს აქ ცხადია დაგიმალავთ, რათა ამ წიგნის კითხვის ხანგრძლივი სიამოვნება არ გაგიქროთ. ბოლოსთვის კი განსაკუთრებით აღვნიშნავ თარგმანის ხარისხს: თამარ ჯაფარიძის მიერ გადმოქართულებული ეს ტექსტი ფაქტობრივად უხარვეზოა და თეონა დოლენჯაშვილს თუ დავესესხებით, მთარგმნელის ის „ორი ხელიც“ იგრძნობა, ავტორის მიერ სტილურად განსხვავებული ორი ნაწერი სხვადასხვანაირად რომ უნდა გადმოეღო. მინდა შევაქო „დიოგენეც“. ეს გამომცემლობა გამორჩეულია ქართულ გამომცემლობებს შორის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობით: „დიოგენეს“ წიგნებს მუდამ ატყვია კარგი რედაქტორის ხელი, მუდამ ეტყობა, რომ ეს ტექსტები ბასრი თვალის მქონე კორექტორის მიერ რამდენიმეჯერ და დიდი ყურადღებითაა წაკითხული. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ უზარმაზარ წიგნში ფაქტობრივად ვერ იპოვით კორექტურებს (ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ თუ სტილურ შეცდომებზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი). და რაც მთავარია, „დიოგენეს“ მუდამ შემოჰყავს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები და დღემდე არსებულ თეთრ ლაქებს ავსებს.

თეონა დოლენჯაშვილი: „კარგად შეავსო ამ წიგნმა ის სიცარიელე, რომელიც საერთოდ კანადურ ლიტერატურასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენთან. ჩემთვის ეს ავტორი ამ წიგნით იყო ნამდვილად დიდი აღმოჩენა, თან კანადის მთელი ეპოქაც გააცოცხლა, ანუ ფონად მოდის ისტორია, მეორე მსოფლიო ომი, რა ხდებოდა სოციალურად, საზოგადოებრივად... მოკლედ, ძალიან კარგი ავტორი გაუხსნა „დიოგენემ“ ამ წიგნით ქართველ მკითხველს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG