Accessibility links

logo-print

მმართველ გუნდს „ძველი მარგველაშვილის“ დაბრუნება სურს


16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტთან საერთო ენის გამოსანახად და მასა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის გაჩენილი დაპირისპირების განსამუხტად პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში კონსტიტუციით ხელში მისულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ის, როგორც ხალხის წარმომადგენელი, მოვალეა ამ დაპირისპირების განმუხტვაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„მცდარია შეხედულება, რომ პრეზიდენტი აუცილებლად პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა შტოების კონკურენტი უნდა იყოს“ - ამ განწყობით მივიდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კი ზაქარია ქუცნაშვილმა მედიას აცნობა, რომ პრეზიდენტი მზად არის უმრავლესობას შეხვდეს და დაგროვილ შეკითხვებს უპასუხოს. მისივე თქმით, განიხილეს ისიც, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი კონსტიტუციის ძალით საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას თავის საკუთარ ფუნქციებს:

„მე მას განვუმარტე და ის ადასტურებს და აღიარებს, რომ მისი საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, ის შეზღუდულია მთავრობის თანხმობის გარეშე მოლაპარაკებების ნაწილში, საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ნაწილში, ასევე უცხო ქვეყნების ელჩების აკრედიტაციაში. პრეზიდენტი იზიარებს იმ კონსტიტუციურ შეზღუდვას, რაც მის მიმართ ვრცელდება საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას. ერთადერთი, რასაც ის არ ეთანხმება, ეს არის საგარეო ვიზიტები მოლაპარაკებების და მიზნის გარეშე“.

‘კონსილიერების’, ‘ინსაიდერების’, ამალის და, ხალხურად, ‘ჩორტის ჩამგდებების’ ბრალია ეს თუ ყველაფერმცოდნე ექსპერტების, ფაქტია, რომ პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება და, რაც მთავარია, სწორი განმარტება...

ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტს მთავრობა უკვე ღიად აკრიტიკებს. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო, „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან ასევე გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი, მოქმედი მთავრობის და პარლამენტის არაერთი წევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ პრეზიდენტს „დახმარება სჭირდება“, რომ მარგველაშვილმა უნდა დაინახოს, „თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები“, - ეს სიტყვები, მაგალითად, ეკუთვნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს. ამ საკითხს პეტრიაშვილმა სოციალური ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ცალკე პოსტიც მიუძღვნა - მინისტრი წერს, რომ მან „სხვა ტიპის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი და სხვას ხედავს დღეს“.

"‘კონსილიერების’, ‘ინსაიდერების’, ამალის და, ხალხურად, ‘ჩორტის ჩამგდებების’ ბრალია ეს თუ ყველაფერმცოდნე ექსპერტების, ფაქტია, რომ პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება და, რაც მთავარია, სწორი განმარტება, გნებავთ დახმარებაც დაარქვით ამას, სად, ვინ, რაზეა პასუხისმგებელი და რისი გარანტი, თორემ კონკურენცია მე გამიგია ბიზნესში, გნებავთ სპორტულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ადგილის დაკავებისთვის, მაგრამ არა პოლიტიკურში. მთავრობაში, მადლობა ღმერთს, ასეთი კონკურენცია არ არსებობს - სხვათა შორის, არც ჩემს პარტია "თავისუფალ დემოკრატებში". ყველაფერი შეთანხმებულია და გარკვეულია. მე ასე მესმის: ან არის გუნდი, ან არა/ვერა. თუ შეთანხმება შედგება მსოფლიო მედიის ჩარევის, აჟიოტაჟის და საყოველთაო ისტერიის გარეშე, ნამდვილად გამიხარდება. ჩემი აზრით, სწორი და მართებული ასე იქნება. მთავრობა ამისთვის მზად არის. პრეზიდენტი? არ ვიცი. მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ბოლო ბოლო, გზებიც თუ გაიყოფა, არც ეს არის

დიდი უბედურება. ასეც შესაძლებელია ცხოვრება, ოღონდ სიცხადით და დროული სიცხადით. ძალიან ბევრი პრობლემაა მისახედი და არც ხალხი უნდა გავტანჯოთ და არც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებებს აქვთ მაგაზე დროის ხარჯვის ფუფუნება“, - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

16 სექტემბერს მან საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებთან საუბარშიც გაიმეორა და თქვა, რომ არსებობს გარკვეული ვაკუუმი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.

ცხადია, რადგან ის არის რეალურად ამ ხელისუფლების ავტორი. მერე რა, თუ ოფიციალურად პოლიტიკიდან წავიდა. მშობლებს ხომ არ ვივიწყებთ, როდესაც ისინი სამსახურს თავს ანებებენ? ასე რომ, ეს გავლენა იარსებებს, ეს არ არის გასაკვირი...

"საჭიროა მან ყურადღებით მოუსმინოს მთავრობას, საკანონმდებლო ხელისუფლებას. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, საგარეო პოლიტიკაზე, რეფორმების განხორციელებაზე, აგრეთვე უმუშევრობის აღმოფხვრაზე, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაზე და არა იმაზე, თუ ვისი გარანტორია და ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

და მაინც, რა დგას მთავრობისა და პრეზიდენტის განცხადებებების უკან, რამდენად ღრმაა დაპირისპირება და მთავრობის განცხადებების ტონს მარგველაშვილის მიმართ განსაზღვრავს თუ არა მათი ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, აზრი?

პოლიტოლოგი რამაზ საყვალიძე ამ ე.წ. დაპირისპირებაში ვერც პიროვნულ და ვერც პოლიტიკურ ფაქტორს ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ძირითად საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ორივე მხარე - პრეზიდენტიც და მთავრობაც - კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს სხვადასხვაგვარად კითხულობს. შესაძლოა ამ ურთიერთობაში მეტი ნათელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიტანოს. ხოლო ჩვენს კითხვაზე, ახდენს თუ არა პრეზიდენტის მიმართ მთავრობის განცხადებებზე გავლენას ამავე მთავრობის ყოფილი მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები, რამაზ საყვარელიძემ ასე გვიპასუხა:

იმედი მაქვს, რომ მობეზრდებათ ეს დისკუსია ფორმალურ საკითხებზე და გვეტყვიან, რომ იმიტომ კი არ უნდა რომელიმეს წასვლა, რომ ეს მას კონსტიტუციით ეკუთვნის, არამედ იმიტომ, რომ ის, რასაც იქ იტყვის...

„ცხადია, რადგან ის არის რეალურად ამ ხელისუფლების ავტორი. მერე რა, თუ ოფიციალურად პოლიტიკიდან წავიდა. მშობლებს ხომ არ ვივიწყებთ, როდესაც ისინი სამსახურს თავს ანებებენ? ასე რომ, ეს გავლენა იარსებებს, ეს არ არის გასაკვირი. თუმცა, ივანიშვილის ჩათვლით, ამ გუნდის კრიტიკული განწყობაც გასაგებია მარგველაშვილის მიმართ, რადგან სწორედ ამ გუნდმა მოიყვანა ხელისუფლებაში მარგველაშვილი. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში, ის, ვინც არჩევის შედეგად რაღაც თანამდებობას იკავებს, მერე იმ გუნდის პოზიციებს, ვინც მოიყვანა, ანგარიშს უწევს. არჩევნების შემდეგ იმის გამოცხადება, არავის ანგარიშს აღარ ვუწევო, არც მიღებულია და არც ტიპიური“.

მთავრობამ და პრეზიდენტმა ხალხს უნდა დაანახვონ რა განსხვავებაა მათ შორის, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. თუ დავამ უფრო საგნობრივი სახე არ მიიღო, ისინი ვერ მოახერხებენ მოქალაქეების გარკვევას იმაში, თუ ვის მხარესაა სიმართლე, ვის უნდა დაუჯეროს ხალხმა:

„იმედი მაქვს, რომ მობეზრდებათ ეს დისკუსია ფორმალურ საკითხებზე და გვეტყვიან, რომ იმიტომ კი არ უნდა რომელიმეს წასვლა, რომ ეს მას კონსტიტუციით ეკუთვნის, არამედ იმიტომ, რომ ის, რასაც იქ იტყვის, უფრო მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს, ვიდრე ის, რაც მეორეს აქვს სათქმელი და ეს იქნება უკვე საგნობრივი დავა“.

ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტისა და უმრავლესობის მომავალი შეხვედრის თარიღი. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე აღნიშნავს (და მის აზრს მისი კოლეგებიც იზიარებენ), მათთვის მტკივნეულია, როცა მთავრობას ოპონირებას მათივე გუნდის წევრი პრეზიდენტი უწევს, ამიტომ მას „მეგობრულად და შინაურულად“ უმრავლესობაში არსებულ განწყობას გაუზიარებენ.

XS
SM
MD
LG