Accessibility links

კოჰაბიტაციის დამსრულებელი საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

სპორტის სასახლეში გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და შარშანდელი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე განვითარებული პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკით მორთულ, ხალხით სავსე სპორტის სასახლის დარბაზში მმართველი პოლიტიკური გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. მთავარი, რის გამოც, მისი სიტყვებით, ამომრჩეველმა ხმა გიორგი მარგველაშვილს უნდა მისცეს, არის ის, რომ იგი სუფთა პოლიტიკური წარსულის და კარგი განათლების ადამიანია. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გასული ერთი წელიც შეაფასა და თქვა, რომ ეს იყო ბეწვის ხიდზე სიარულის წელი და რამდენადაც ეს იყო კოჰაბიტაციის წელი, არჩევნებამდე მივედით დაპირისპირების გარეშე და, პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადას ამთავრებს მშვიდობიანად.

ახლა კი გიორგი მარგველაშვილის არჩევით დასრულდება კოჰაბიტაცია და ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც თითოეული ადამიანის პრეზიდენტი იქნება და გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოხატული ნდობა, დასძინა პრემიერ-მინისტრმა, იქნება ნდობა ბიძინა ივანიშვილისადმი:
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


„დარწმუნებული ვარ წელს, ოქტომბერში, კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკვრებით, ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას. ღრმად მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება, გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება“.

თავის მხრივ, გიორგი მარველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს მისდამი გამოხატული ნდობისათვის, ნახევარსაათიან საპროგრამო სიტყვაში კი ისაუბრა იმაზე, თუ როგორი წარმოუდგენია ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც უნდა რომ გახდეს:

„ესაა დემოკრატიული ქვეყანა, სადაც დაცულია ადამიანის ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური უფლებები; ქვეყანა, რომელსაც სტაბილური ეკონომიკური განვითარების ვექტორი გააჩნია, დაძლეულია უმუშევრობის პრობლემა, ადამიანები შრომობენ მშვიდობისა და კეთილდღეობის გაძლიერებისათვის; ქვეყანა, რომელიც საიმედო პარტნიორია მსოფლიო თანამეგობრობისთვის, სადაც ვითარდება სრულფასოვნად საზოგადოების ყველა მიმართულება“.

გიორგი მარგველაშვილმა თავის მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკა დაასახელა. ისაუბრა საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსზე. თქვა, რომ აუცილებელია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის პოლიტიკის გააქტიურება, ასევე თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

საერთაშორისო სტრუქტურებთან არაღიარების უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აღრმავებს კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და ყველაფერს აკეთებს ნდობის ატმოსფეროს შექმნისათვის, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლება პრინციპულია და ამ გზაზე არ იქნება არავითარი დათმობა, რაც ოდნავ მაინც ჩრდილს მიაყენებს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს არის რთული გზა, მაგრამ არც მოკლე და არც გრძელი - ეს არის ერთადერთ გზა, დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს ჰიმნის ცოცხალი საორკესტრო შესრულებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG