Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი მარგველაშვილი: გაეროში ვიზიტი ”ორგანიზებულად” ჩამიშალეს


კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას ჩაუშალეს ვიზიტი გაეროში, სადაც ის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტზე იყო მიწვეული. გიორგი მარგველაშვილის 11 სექტემბრის საგანგებო ბრიფინგს წინ უსწრებდა მისი მისამართით ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მწვავე კრიტიკული შეფასებები (”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში). ექს-პრემიერი პრეზიდენტს მთავრობასთან კონკურენციასა და ”ნაციონალური მოძრაობისთვის” მოსაწონი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. პრეზიდენტი კი კატეგორიულად არ ეთანხმება. რა არის ეს - თვითდამკვიდრების ჯიუტი პროცესი თუ მიზანმიმართული პოლიტიკური დაპირისპირება?

წარიმართა ”ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა”, რის შედეგადაც ვიზიტი გაეროში ჩაიშალა, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხუთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე:

”ეს არის, ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი - ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, გამომდინარე არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ გამომდინარე გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებიდან... რეალურად, თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში - იქნება ეს პრეზედენტი თუ სხვა - ჩემი აზრით, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში”.

ვინ გადადგა ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, ეს გიორგი მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა 11 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მას სურდა ეპასუხა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული კრიტიკისთვის.

იმდენად მარტივია საანალიზოდ... სად არის მედია? სად არის ჟურნალისტიკა? სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ უძახიან საკუთარ თავს? რა უნდა ამის დალაგებას? სადაა კითხვები?...

პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაეროს სამიტზე წასვლა-არწასვლასთან მიმართებით გამძაფრდა. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ, სპეციალური მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტი ნიუ-იორკში არ უნდა წასულიყო და რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტშიც პრემიერ-მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოვიდეს. მთავრობა თვლის, რომ ორი დელეგაცია უხერხულობას შექმნის და შელახავს ქვეყნის იმიჯს, ხოლო, როგორც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ნიუ-იორკში წასვლა ცალსახად ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და, ამასთან, დღევანდელ საქართველოს ორი დელეგაციის ფუფუნება არა აქვს, მაგრამ ამის გაგება არ უნდა პრეზიდენტს:

”იმდენად მარტივია საანალიზოდ... სად არის მედია? სად არის ჟურნალისტიკა? სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ უძახიან საკუთარ თავს? რა უნდა ამის დალაგებას? სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდან არის მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არ არის, ვინ წავა? რომ პრემიერის პრეროგატივაა და მთვრობამ გადაწყვეტილება მიიღო... განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა ქვეყნიდან, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში? მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. იმას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია”.

ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბიძინა ივანიშვილი დიდ დროს უთმობს საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას და მას ხშირ შემთხვევაში ნაცვალსახელებით მოიხსენიებს. ექს-პრემიერი თვლის, რომ პრეზიდენტი თავს მთავრობის კონკურენტად აღიქვამს, ხელს უშლის მას და ამით ქვეყანასაც აზარალებს. ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილმა ერთ დროს თავის გამორჩეულ ფავორიტს - გიორგი მარგველაშვილს - გაახსენა პრეზიდენტის სასახლეში შესვლის, კანონპროექტზე ვეტოს დადების მცდელობისა თუ პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროებისთვის ხელის შეშლის ფაქტები, რაც არ იყო შეთანხმებული მმართველ კოალიციასთან. ექს-პრემიერის განმარტებით, მთავრობასთან დაპირისპირება პრეზიდენტმა თავიდანვე დაგეგმა და, ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა მისი გადარწმუნება. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თვალთახედვით, კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ”ძალიან აწყობს” „ნაციონალურ მოძრაობას“.

არაერთხელ ვყოფილვართ პოლიტიკაშიც იმის მოწმე, რაც ზოგადად ვიცით, რომ ვისაც ჩაგრავენ, მაყურებლები იმის მხარეს დგებიან. რაც უფრო ძლიერ შეტევას მიიტანენ მარგველაშვილზე, არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი აზრი მარგველაშვილის დამცველი აღმოჩნდეს...

თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი კი ამ ყველაფერს დემოკრატიის განვითარების ჭრილში განიხილავს და ბიძინა ივანიშვილის პასუხად ამბობს, რომ ის არასოდეს შესწინააღმდეგებია მთავრობას პოლიტიკურად და რომ თითოეულ შემთხვევაში ის მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუციურ უფლებებს იცავდა. გიორგი მარგველაშვილი, როგორც თავად ამბობს, მომავალშიც იმავე გეგმით აპირებს მოქმედებას. თუმცა ამისი ნაკლებად სჯერათ ”ნაციონალურ მოძრაობაში”. როგორც 11 სექტემბერს აღნიშნეს პარტიის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტმა გაეროში გამგზავრების გადაწყვეტილება სასწრაფოდ შეცვალა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტების გამოქვეყნების შემდეგ და პრაქტიკულად ნებაყოფლობითი უარი თქვა ნიუ-იორკში გამგზავრებაზე.

პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებას, ბუნდოვანი კონსტიტუციის პირობებში, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლად აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. თუმცა ის ისურვებდა, რომ პროცესი არასაჯაროდ წარმართულიყო, რისი ხელშეწყობაც ნამდვილად შეეძლო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მან ეს არ გააკეთა და პრეზიდენტის კრიტიკა განაგრძო. შეკითხვაზე, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან, რამაზ საყვარელიძე ასე გვპასუხობს:

”არაერთხელ ვყოფილვართ პოლიტიკაშიც იმის მოწმე, რაც ზოგადად ვიცით, რომ ვისაც ჩაგრავენ, მაყურებლები იმის მხარეს დგებიან. რაც უფრო ძლიერ შეტევას მიიტანენ მარგველაშვილზე, არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი აზრი მარგველაშვილის დამცველი აღმოჩნდეს”.

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაძაბული ურთიერთობა თავად ბიძინა ივანიშვილმა გააჩინა და ყველაფერი მოდის იმედგაცრუებიდან, რომ გიორგი მარგველაშვილი სულაც არ აღმოჩნდა ”მარტივად სამართავი ხელის ბიჭი”. სოსო ცისკარიშვილის აზრით, საჯარო და ხმაურიან დისკუსიაში ეს საკითხი უფრო იოლად გადაიხარშება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ამან სერიოზულად არ დააზარალოს ქვეყნის იმიჯი.

ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, სექტემბრის ბოლოსთვის გაეროში მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დელეგაცია გაემგზავრება. ”ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა”, - ასე გამოეხმაურა 11 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრემიერის ინტერვიუს, რომელშიც თავად მისი მუშაობა ერთმნიშვნელოვნად დადებითად არის შეფასებული. პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებულ კრიტიკულ შეფასებებში კვლავაც ერთსულოვანია მთავრობა. როგორც, მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა ამ კონტექსტში, ის არასოდეს გააკეთებს იმას, რაც შეიძლება ”ხელს უწყობდეს” ან ”ახარებდეს” „ნაციონალურ მოძრაობას“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG