Accessibility links

logo-print

არ უნდათ და ვერ დააძალებ. არ მოსწონთ. მორჩა. მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება, რამე არ მომეწონოს? მეც ხომ მაქვს უფლება, გავბრაზდე ისე, რეფერენდუმში მონაწილეობის გარეშე. გავბრაზდე რეფერენდუმის გამო. ჰოდა, გავბრაზდი და თან ისე, რომ აგერ, ბლოგსაც ვწერ.

ბრიტანეთზე ამბობენ: კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, იქ, კუნძულზე, უმეტესწილად ეკონომიკურ საკითხებს უთმობენ ყურადღებას, როცა საქმე ევროკავშირს ეხებაო. დიდი სარგებელი მოაქვს – კეთილი, არ მოაქვს და რა საჭიროა? გასულ საუკუნეში ომებს ისე არ დაუჯიჯგნია ბრიტანეთის მიწა, როგორც საფრანგეთისა და პოლონეთის, იტალიისა და გერმანიის. ბრიტანეთში არ უწევთ თავის მტვრევა (როგორც საქართველოსა და უკრაინაში) იმაზე, როგორ გაუმკლავდნენ აგრესიულსა და ათასგზის ძლიერ მეზობელს. ამიტომ კუნძულებიდან ნაკლებად მიმზიდველი ჩანს ევროპის კავშირის, როგორც მშვიდობისა და დემოკრატიული ფასეულობების დამცველის როლი.

კარგი, ეკონომიკა იყოს. ავიღოთ „ბრექსიტის“ მომხრეთა კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება: დიდი ბრიტანეთი კვირაში 350 მილიონ გირვანქა-სტერლინგს ურიცხავს ბრიუსელს – ფულს, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მოხმარდებაო. დაპირება შთამბეჭდავია. ოღონდ რეფერენდუმის მომდევნო დღესვე, პარასკევს, „ბრექსიტის“ ერთ-ერთმა აპოლოგეტმა, ნაიჯელ ფარაჟმა გამოაცხადა – არ არსებობს გარანტია, რომ ჯანდაცვის სისტემა მეტ ფულს მიიღებსო. არა მარტო დაპირება, რიცხვიც მცდარი იყო! 350 მილიონი გირვანქა-სტერლინგის დაახლოებით ნახევარი ბრიუსელიდან ბრიტანეთს უბრუნდება სხვადასხვა სახის შეღავათებისა და სუბვენციების სახით. ამას „ბრექსიტის“ ბანაკში, რასაკვირველია, არ ამბობდნენ. თანდათან ჩნდება და გამოჩნდება, როგორ შეასრულებენ „ბრექსიტისტები“ დანარჩენ დაპირებებს, თუნდაც იმიგრანტების რიცხვის შემცირებაზე.

რაც უნდა მოხდეს ახლა, მილიონობით ბრიტანელმაც რომ მოაწეროს ხელი პეტიციას ახალი რეფერენდუმის გამართვის შესახებ, ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: ევროკავშირმა არაფერი უნდა მოიმოქმედოს ბრიტანეთის შესაჩერებლად, მით უმეტეს არ უნდა მიემხროს მეორე რეფერენდუმს. ღმერთმა დაიფაროს! ხალხი, რომელსაც ევროსკეპტიკოსებს უწოდებენ, კიდევ უფრო ხმამაღლა აყვირდება, პოპულისტური კამპანიებისათვის უფრო იოლად გამოიყენებს არგუმენტს: ევროკავშირი დიქტატურაა, ცალკეული ქვეყნების, ამომრჩევლების ნებას არაფრად აგდებსო. თუნდაც მარტო ამიტომ ევროკავშირში თითი თითს არ უნდა დაადონ ბრიტანეთის შესაჩერებლად.

ვისაც წასვლა სურს, წავიდეს. ევროკავშირის კარი საქართველოსათვის, შესაძლოა, (ჯერ) არ იყოს ღია, მაგრამ კარი კარია! გარედან შესვლა თუ არა, შიგნიდან გამოსვლა მაინც ხომ უნდა შეიძლებოდეს?

ევროკავშირიდან გასვლის ერთადერთი პრეცედენტი ამ 31 წლის წინ აღირიცხა. ოღონდ ბლოკს, რომელიც ევროპის კონტინენტს მშვიდობის არნახულად ხანგრძლივი პერიოდი, არნახული კეთილდღეობა და სოციალური უზრუნველყოფა მოუტანა, გამოეყო არა ქვეყანა, არამედ ქვეყნის ნაწილი: დანიის ავტონომიური რეგიონი, გრენლანდია.

ჰოდა, ახლა გაერთიანებული სამეფოს ჯერი დადგა. გაიტანეთ ბრიტანეთი!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG