Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ თედლიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი


3 აგვისტო, კვირა

დღეს კვირაა, თუმცა ჩვენთან კვირა დღესაც სამუშაო ატმოსფეროა, რადგან შეხვედრაა გარემოს დაცვის საკითხებზე. ახალმა თანამშრომელმა, ნინო პეპანაშვილმა, ახალგაზრდებს გარემოზე ზემოქმედების შედეგები და პრევენციული ღონისძიებები უნდა გააცნოს. შეხვედრის დაწყებამდე აუდიტორია სიცხეს უჩივის - წელს უჩვეულოდ ცხელი ამინდებია. იმედია, ნინო ამის მიზეზზეც მოგვახსენებს...

შეხვედრა იწყება. დედამიწაზე არსებული რესურსების გადაჭარბებული მოხმარება, კატასტროფები, კლიმატის გლობალური ცვლილება შეშფოთებას ნამდვილად იწვევს მსმენელებში, დისკუსიების დროს კი ისინი ცდილობენ გამოიცნონ, ვინ არის დამნაშავე. თუმცა, როცა არ გაქვს ელემენტარული საარსებო პირობები, ძნელია კაცს მოსთხოვო, იფიქროს და იზრუნოს გარემოს გლობალურ პრობლემებზე და მდგრად განვითარებაზე. თუ სახლში გათბობა არ გაქვს, არ გაგაჩნია გაზიფიცირებისათვის საჭირო თანხა, იძულებული ხდები, მოჭრა ხე, რომ დღევანდელი პრობლემა მოაგვარო - ასე ხსნიან ახალგაზრდები პრობლემებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. სახარების სიბრძნე აქაც გადმოთარგმნილია: საერთო პრობლემა, მით უფრო გლობალური, ნამდვილად სცილდება თემის, მოსახლეობის საზრუნავს. ცნობიერების თუ სიზარმაცის გამო, ახლახან დადგმულ ურნებს გულგრილი მოსახლეობა ხშირად ისე ჩაუვლის, რომ პირდაპირ ქუჩაში, მშვიდად ყრის ხელში შემორჩენილ ნაგავს, მით უფრო, თუ კარგად იცის, არავინ გაკიცხავს - არც საზოგადოება, არც სახელმწიფო. ამისთვის ჯერ არავინ დასჯილა, ხოლო დასუფთავების სამსახური, აბა, რად სჭირდება სახელმწიფოს? გასაგებია, რომ ნარჩენების გადამუშავება ვერ ხერხდება გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობის გამო; ისიც გასაგებია, რომ თუ ამ საკითხებზე სერიოზულად არ იზრუნებს სახელმწიფო, პრობლემა ვერ მოგვარდება. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გარემოს ნაკლებად დაბინძურებისათვის შეგვიძლია ე.წ ,,ჭიაკოკონობის“ დროს, ვითომ ეშმაკებისაგან თავის დასაცავად, ცეცხლი არ წავუკიდოთ ნახმარ საბურავს. რადგან სიმსივნით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სოფლად წლიდან წლამდე იზრდება, სოფელში ამას ომის შედეგად თვლიან, თუმცა, მიზეზი მაინც ბუნების საქმეში ადამიანის უხეში ჩარევა მგონია...

ნინო აგრძელებს თემას და გვიყვება შვედეთზე, სადაც კომუნალური ნარჩენების 97 პროცენტს ამუშავებენ, ხოლო დანარჩენი სამი სპეციალურ ნაგავსაყრელზე მიდის. ჩვენ ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. მთავარი ისაა, მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი ყოველდღიური ზემოქმედების შედეგი და იზრუნოს ეკოლოგიური ზარალის შემცირებაზე...

დისკუსია დიდხანს გაგრძელდა. ეს ამბავი და დაფიქრებული სახეები იმაზე მიუთითებდა, რომ ტრენინგმა დასახულ მიზანს მიაღწია - იმოქმედა დამსწრეთა ცნობიერებაზე და ისინი დააფიქრა ღირებულებებზე, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულან.

თავისუფლების დღიურები - მარიამ თედლიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:23 0:00
გადმოწერა

4 აგვისტო, ორშაბათი

დღეს გადაღება გვაქვს. ვიღებთ სოციალურ კლიპს პროექტისათვის „ქალთა მიმართ დაფარული ძალადობის ფორმების აღმოფხვრა/შემცირება სოციალური ცვლილებებისათვის“. პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“. თემა ნაადრევი ქორწინებაა. გვინდა ეს პრობლემა, რომელიც რეალურად დგას, საზოგადოებას დავანახვოთ.

თემში, და არა მხოლოდ იქ, ნაადრევ ქორწინებას პრობლემად არავინ აღიქვამს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველები ხომ ხშირად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ „ყველაფერი ნაადრევი კარგია, სიკვდილის გარდა“. პრაქტიკა კი სრულიად საპირისპიროს გვეუბნება. ნაადრევი ქორწინების საკითხის წამოწევა ერთმა შემთხვევამ გადაგვაწყვეტინა. სულ ახლახან შევიტყვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის შემზარავი ამბავი მეზობელი სოფლიდან. ქალს ახლა პლასტიკური ქირურგის დახმარება სჭირდება. მოძალადე ქმარმა უმიზეზოდ, ალბათ საკუთარი დაბალი თვითშეფასების გამო, არც მეტი, არც ნაკლები, ცოცხლად დაწვა ახალგაზრდა ქალი, დაწვა ისე, როგორც ეს ინდოეთსა და ავღანეთზე გვსმენია, ოღონდ მჟავის მაგივრად ბენზინი გამოიყენა. ახალგაზრდა ქალი გვიყვება, როგორ გათხოვდა 15 წლის ასაკში, მიზეზი კი ისევ მოძალადე მამა გახდა, რომელიც ყოველდღიურად ავიწროებდა დედას და ბავშვებს. „ოღონდ მამაჩემს გავცლოდი და ვინ უნდა ყოფილიყო ქმარი, იმ დროს არ მიფიქრია. სადაც აღმოვჩნდი, უარესი დამხვდა. 35 წლის ქალს 35 დღე არ მახსოვს სიმშვიდე, თუმცა ეს უკვე უნდა ამეტანა, გასაქცევი გზა აღარ არსებობდა, ძალადობა ჩემთვის ყოველდღიური ცხოვრების ნორმა გახდა. მამა ქმრის თანდასწრებით მეუბნეოდა, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, ქალმა უნდა მოითმინოსო. მეც ვითმენდი... ისიც მოვითმინე, რომ ცოცხლად დამწვეს. სასწრაფო დახმარების მოსვლისას ვთქვი, შეშის ღუმელს ვანთებდი, ბენზინი შევასხი ასე მომეკიდა ცეცხლი სხეულზე-მეთქი. სამი თვე რეანიმაციულ განყოფილებაში ვიწექი მძიმე მდგომარეობაში სხეულის 80%-ის მესამე ხარისხის დამწვრობით. სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ არა, სახის აღდგენას პლასტიკური ოპერაციით ვერც შევძლებდი. ჩემი გოგონების გამო მივხვდი, რომ უნდა ვიბრძოლო. გვიან, მაგრამ მაინც... ერთხელ სოფელში ვცადე, ის კაცები დამენამუსებინა, ვინც ჩემს ქმართან ერთად ხშირად სვამს და ქეიფობს. ამას ჩემთვის და ბავშვებისათვის, როგორც წესი, კარგი შედეგი არ მოაქვს და დაუსრულებლად გრძელდება კონფლიქტი. მაგრამ ქმრის მეგობრებმა თავი იმართლეს, სუფრაზე შემოგვესწრო და ჭიქას ხომ არ დავუჭერთო. ეს მეგობრები გულგრილად ან სეირის მოლოდინში აკვირდებიან ქმარს, მათთვის არც ისაა სირცხვილი, მოძალადის გვერდით მშვიდად თქვან სადღეგრძელო. ეს ხომ ‘ღირსეულობის’ განუყოფელი ატრიბუტია“ - მიამბო ახალგაზრდა ქალმა...

შემდეგ გავიხსენეთ სოფელში ძალით ან ნებით გათხოვილი ბავშვები. რამდენიმე წლის წინ ხომ მოტაცებით ქორწინება ტრადიცია იყო! არადა, მისი შედეგები სავალალოა. ტრადიცია თემში კანონის გამკაცრებამ შეცვალა, თუმცა ნებით ბავშვთა ქორწინებები ისევ პრობლემად დარჩა. სამოქალაქო კოდექსში გამონაკლისის დაშვებამ 16 წლიდან ქორწინების მხრივ ასეთ ქორწინებებს გამოსავალი მოუძებნა, მაშინ, როცა გაეროს ბავშვთა კონვენციით 18 წლამდე პირი ბავშვია, და ეს კონვენცია აღემატება შიდა კანონმდებლობას...

დღის დასასრულს ყველაფერი გადაღებულია. ახლა მონტაჟია საჭირო. ამასაც ამ დღეებში გავაკეთებთ, მაგრამ არ მტოვებს ფიქრი დამწვარ ქალზე. რა გავუკეთოთ მას, რომ მშვიდად იცხოვროს, როგორ დავეხმაროთ? ის ხომ, იმის გამო, რომ წასასვლელი არ აქვს, ახლაც მოძალადესთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.

5 აგვისტო, სამშაბათი

დღეს, როგორც დონორი, კარალეთის საბავშვო ბაღში ვიყავი დაპატიჟებული, ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს. ქალთა პრობლემების წარმოჩენისა და შემდგომი დისკუსიისათვის შერჩეულია ახალი ქართული ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები“. აუდიტორია მოწყენილი სახეებით, სრულ სიჩუმეში უყურებს სურათს, დროდადრო ვიღაც გაიხსენებს 90-იან წლებს... ფილმი დიდი სიზუსტით გადმოცემს იმ რეალობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო და რომლის გამოც მე, პირადად, არასდროს მინატრია ბავშვობა, რადგან ფილმში აღწერილი სურათი - პურის რიგები, სიბნელე და ძალადობრივი გარემო - ახლაც ნათლად მახსოვს. ერთ-ერთი მაყურებლისა არ იყოს, ჩვენ თითქოს ცხოვრების ნაწილი მოგვპარეს, რადგან ბავშვების ოცნება ხშირად პური იყო.

ჩემთვის ეს ფილმი სხვა კუთხითაც საინტერესოა: როგორ რეაგირებენ ქალები ქალთა პრობლემებზე, ოჯახში ძალადობის თემაზე, ნაადრევ ქორწინებაზე. დისკუსია იწყება, ყველა აღიარებს, რომ ფილმმა გუნება დაუმძიმა. ერთი ქალი ამბობს, რომ ფილმში ლადოს სიკვდილი მთავარი გმირის, ნათიას ბრალია: გათხოვილ ქალს მეტად უნდა ეფიქრაო. სხვები არ ეთანხმებიან. „გათხოვილი“ ქალის მოვალეობები, როგორც წესი, ორმაგდება, განსხვავებით მამაკაცებისაგან. ბაღის პედაგოგი ამბობს, ქალების გასაჭირი ისევ ქალებისვე ბრალია, ჩვენ, როგორც დედები, ვზრდით ვაჟებს და ჩვენვე ვუნერგავთ მათ „ღირებულებებს“; გვეშინია, განსხვავებული რამ შევთავაზოთ მომავალ თაობას, აქაოდა განსხვავებული საზოგადოებაში მიუღებელი არ აღმოჩნდესო. ამის მაგალითი ხომ უამრავი გვაქვს: განსხვავებულად მოაზროვნე უნდა ჩაიქოლოს, თუნდაც ეს განსხვავებულობა პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ჩვენმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის, რომ პირადი საქმე საჯარო განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. სწორედ ამიტომ ჰქვია „პირადი“. მაგრამ ვინ იცის, რამდენს გაგვიკიცხავს სოფელში ვინმე მიუღებელი საქციელისთვის?! ან ქორწილში ჩვენც ისევე შეგვისვამს გათხოვილი ბავშვის სადღეგრძელო, როგორც ფილმშია. აბა „მონატაცებ“ ქალს სახლში ვინ შეუშვებს? მისი რეპუტაცია ამ შემთხვევაში უკვე საეჭვო იყო და გოგოც - არასასურველი სარძლო. მოსაზრებას ყველა ეთანხმება. ზოგი იხსენებს თავის მოტაცებით ქორწინებას. 2004 წლამდე თემში თითქმის ყველა ასეა დაქორწინებული, მაშინ ასეთი მოდა იყო. ზოგჯერ თვითონ გოგონებსაც უხაროდათ: იმდენად სასურველი ვარ, რომ მიტაცებენო. კი, ასეც იყო, მაგრამ რამდენი მოტაცებული ქალია დღეს გამწარებული, რამდენს ვერ აეწყო ცხოვრება... მოტაცება მოდაში აღარ არის, მაგრამ ნაადრევი ქორწინებები კვლავაც ჩვეული მოვლენაა. მიზეზი ახლა სოციალური ფონია: სხვაგან უკეთესი მომავალი გვეჩვენება.

6 აგვისტო, ოთხშაბათი

დღეს მე, როგორც სათემო ფონდის ხელმძღვანელი, პრეზენტაციას ვამზადებ ხვალინდელი საკონფერენციო შეხვედრისათვის. შეხვედრას ჩვენი დონორი ორგანიზაცია - ფონდი „ტასო“ მართავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, ორგანიზაცია „ლელში“. ჩემთან პარალელურად, ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისე წევრებიც ამზადებენ პრეზენტაციას თავიანთ საქმიანობაზე. დეტალურად უნდა ჩამოვწერო ჩატარებული ღონისძიებების სია - სხვა სათემო ფონდებთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ამ ეტაპზე თემში სამი გრანტი გვაქვს გაცემული, ყველა პროექტი სოციალურია და ქალთა უფლებებს უკავშირდება. ცნობიერების ამაღლების პარალელურად, პროექტები ითვალისწინებს თემში სკვერის მოწყობას, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასა და სოფელ გარეჯვრის ახალგაზრდული ორგანიზაციის დახმარებას ბიბლიოთეკის შექმნაში. ჩვენთვის ეს უკვე გრანტის გაცემის მეორე ციკლია. იმედია, ამ საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ და საამისო ფინანსური რესურსიც გვექნება. ვცდილობთ, თემი გამოვაცოცხლოთ, ვიპოვოთ აქტიური, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანები და მხარი დავუჭიროთ მათს ინიციატივებს, საბოლოოდ კი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ თემის პრობლემა თითოეული მათგანის პრობლემაცაა. მინდა, მოსახლეობამ გააცნობიეროს სათემო ფილანთროპიის არსი. ჩვენეული განმარტებით, სათემო ფილანთროპია არის „თემის წარმომადგენელთა ის გაცნობიერებული საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს საერთო საქმის პირად საქმედ აღქმას, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პირად საკუთრებაზე, არამედ საერთო ქონებაზე, ინტერესზე, გარემოზე და ადამიანებზე. ეს არის ნება, გაერთიანებული ძალებით შეცვალო ადგილობრივი გარემო, ხელი შეუწყო სოციალურ ცვლილებებს და იცხოვრო ღირსეულად“. მინდა, ეს ყველას ავუხსნა, რადგან თუ ეს ღირებულება არ გვექნა, ვერასდროს ვიქნებით ღირსეული საზოგადოება, რომელიც მზად არის ცვლილებებისათვის სხვებისა და საკუთარი თავის დასახმარებლად.

7 აგვისტო, ხუთშაბათი

6 საათზე გავიღვიძე. ლელიანში წასასვლელად ვემზადები ჩემს გუნდთან ერთად. დღის სამ საათზე ადგილზე ვართ, კონფერენცია იწყება. თემა „სათემო ფილანთროპია და სოციალური სამართლიანობაა“. სოციალური სამართლიანობა უმთავრესი ამოსავალი წერტილია საზოგადოებაში რეალური თანაბარი შესაძლებლობებისათვის, რაც ჩვენ ასე გვჭირდება. სწორედ სოციალური უსამართლობა განაპირობებს უფლებების შეზღუდვას ან უგულებელყოფას იმავე ქალთა საკითხებშიც. თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ძალადობას ითმენს, ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორთან შედარებით, თანაბარი შესაძლებლობა არ გააჩნია თუნდაც ქონებრივი კუთხით: სახლი, რომელშიც, შესაძლოა, მთელი ცხოვრება იშრომა, ერთი მიზეზით არ არის მისი - ის ქალია. ოჯახის უფროსი კი მამაკაცია, რომელზეც ქონება რეგისტრირდება. ძმა ასევე უპირატესი მემკვიდრეა მშობლების ქონებასთან მიმართებით. სტერეოტიპები, პატრიარქალური კულტურა, გულგრილობა და აქტივიზმის ნაკლებობა - აი, რა უწყობს ხელს სოციალურ უსამართლობას. გრანტგამცემი სათემო ფონდი სოლიდარულია დამკვეთის, თემის მიმართ, მაგრამ არის რაღაც, რისთვისაც თემის სურვილის წინააღმდეგაც უნდა წახვიდე იმისათვის, რომ უსამართლობის გამომწვევი ფესვები მოსპო. ადამიანს, საზოგადოებას გამოარჩევს სურვილი, თუ რა უნდა სინამდვილეში: ის, რასაც ამბობს თუ ის, რასაც ფიქრობს. ქრისტიანულ მორალს რომ შევადაროთ, აკი გულისთქმასაც განსჯის უფალი, სურვილისას ვიგებთ, რას მივაღწიეთ ჩვენ, გავიზარდეთ თუ არა, როგორც პიროვნებები და როგორც საზოგადოება. სწორედ ამიტომ არის გამართლებული სურვილის წინ წამოწევა, თუ არსებობს საჭიროების გამამართლებელი სერიოზული მიზეზი. ჩვენთვის ეს მიზეზი ოჯახში ძალადობაა. ამიტომ ვცდილობთ, გავაღვიძოთ სურვილი, რომლისთვისაც მხოლოდ მზაობაა საჭირო.

8 აგვისტო, პარასკევი

დილის 10 საათი. კონფერენციის მონაწილე, ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით შექმნილი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ძალიან ცხელა, მაგრამ სიცხე იმდენად არ მამძიმებს, რამდენადაც თარიღი - 8 აგვისტო. ომის ნაკვალევი, როგორც ჩანს, ჯერ არ წაშლილა ჩემში. ალბათ, არც არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან. აქ შეკრებილთა უმეტესობას სამეგრელოდან და შიდა ქართლიდან, კიდევ უფრო ცხადად გვესმის ამ თარიღის სიმძიმე. შეუძლებელია, სიტყვებმა აღწეროს ემოცია. ომმა ბევრი რამ მასწავლა, უმთავრესად კი ადამიანი, როგორც უმაღლესი ღირებულება, დააყენა ჩემთვის სამყაროს ცენტრში. ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელზეც შეიძლებოდა მეოცნება, გაუფასურდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, მესმის მშვიდობის ფასი, ფასი, რომლისთვისაც ბევრი უნდა ვიშრომოთ.

კონფერენციის შემდეგ შეუძლებელია, ომის თემას პირად საუბრებში არ დავუბრუნდეთ. ვიხსენებთ, ვის რა გადაგვხდა. ნორა გურჩიანი ორჯერ დევნილია: აფხაზეთიდან კოდორში, კოდორიდან - თბილისში. ბომბებისა და იმ აგრესიის გარდა, რისი გახსენებაც არავის გვინდა, ის უფრო მეტად შეაძრწუნა იმ ადამიანების გულგრილობამ, რომლებიც, მისი თქმით, თანაგრძნობის მაგივრად ამ „დევნილს“ ერთგვარი ქედმაღლობით შესცქეროდნენ. ნორა ამბობს, რომ ძნელია დაკარგო საკუთარი სახლი, თანაც ორჯერ, თავიდან დაიწყო ცხოვრება, მაგრამ უფრო ძნელია, იყო სტატუსით დევნილი, როცა გარშემო ყველა გაგრძნობინებს, რომ უთანასწორო ხარ იმ მდგომარეობის გამო, რომელსაც შენ ვერ შეცვლი.

9 აგვისტო, შაბათი

დღე დილის 7 საათზე იწყება. სამუშაო შეხვედრამდე უნდა გადავხედო გუშინდელ დავალებებს. საუზმის შემდეგ ორგანიზაციისკენ ვიღებ გეზს, მასპინძლის სახლთან სულ ახლოსაა. ქუჩაზე გადასვლისას, მარცხნივ ვიხედები და ვხედავ: ცენტრალური გზა მთლიანად დაკავებული აქვს ქელეხის საკმაოდ მოზრდილ სუფრას. ფაციფუცით მიდის სკამების და სხვა ინვენტარის დადგმა.

ორგანიზაციაში მისვლისას ვიგებ, რომ გარდაცვლილი აქტიური ადამიანი ყოფილა და სოფელში ბევრი ნაცნობ-მეგობარიც ჰყავდა. შესაბამისად, სუფრაც 500 კაცზეა გათვლილი, როგორც ქართულ ტრადიციას ეკადრება. გარდაცვლილისადმი პატივისცემას ჭირისუფალი მიწვეული ხალხის რაოდენობით გამოხატავს. არ მიყვარს ფიქრი სიკვდილზე, მაგრამ მაბნევს ხალხის რაოდენობა, ხოლო ადამიანური ტრაგედიიდან შექმნილი ტრადიციული შოუები, საქართველოში ხშირად რომ ვაწყდებით, გულს მწყვეტს. თავადაც რამდენჯერ ვყოფილვარ ჭირისუფალთან სამძიმრის სათქმელად და, როგორც წესი, მარტო არა. ასეა სოფელში: თუ ვინმე გარდაიცვალა, მთელი სოფელი უცხადებს სამძიმარს ახლობლებს. კარგია, როცა კაცს თანაგრძნობის უნარი აქვს, მაგრამ საშინელებაა, როცა გულისტკივილის გარეშე მოსულმა, შემდეგ კი გარეთ გამოსულმა „გულშემატკივარმა“ ზეპირად იცის, რომელ ოთახში როგორი ჭაღი ეკიდა, ან ეკიდა თუ არა საერთოდ.

სამუშაო დღის შემდეგ მასპინძელი ორგანიზაცია უკვე გურგენიანთ ხეობაში გვეპატიჟება განსატვირთად. ხეობა მართლაც ლამაზია, თუმცა ტყესაც ეტყობა გვალვის შედეგი. ადგილობრივები ამბობენ, სამი თვეა წვიმა არ მოსულა და წელს მთელი მოსავალი გაგვიფუჭდაო. ჩვენი ექსპედიცია წინ მიიწევს მოსახერხებელი დასასვენებელი ადგილის მოსაძებნად. ჩვენ გარდა, ხეობას უამრავი სტუმარი ჰყავს, გზადაგზა ვხვდებით გაშლილ სუფრებს და ჩრდილს შეფარებულ დამსვენებლებს, ყველა სუფრასთნ კოცონია დანთებული, ჰაერში შემწვარი ხორცის სუნი ტრიალებს. ორი ნაბიჯიც და, ვუახლოვდებით ჯგუფს, რომელსაც ასწლოვანი ხის ძირში ცეცხლი დაუნთია, ალი მეტრზე მაღლა სწვდება ხეს, რომელსაც უკვე ბოლი ასდის. ვჩერდები და ვამბობ: „ხე იწვის. სხვა ადგილი არ იყო დასანთებად?!“ ამასობაში ჩვენი ჯგუფიდან სხვებიც გვეწევიან იმავე განწყობით. ვიღებთ ფოტოაპარატს და ფოტოს ვუღებთ ჯერ ცეცხლს, შემდეგ კი მოქეიფეებს. ჩვენმა სიტყვებმა გავლენა იქონია: ვიღაც წამოიზლაზნა და უხალისოდ დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა.

ჩვენს ჯგუფში ორი აზერბაიჯანელი ახალგაზრდაცაა, რომლებიც მასპინძელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ. ერთი მათგანი ქართულად საუბრობს, მეორეს უჭირს. მორიდებული მომეჩვენენ, მათივე ენაზე ვუწყებ საუბარს. გაკვირვებული მიყურებენ: „თქვენ აზერბაიჯანული იცით?“ „საიდან?“ „რატომ?“ - მისვამენ კითხვებს. ვპასუხობ, რომ დავინტერესდი და ვისწავლე, იმიტომ რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ ენაზე საუბრობს. ვუყვები, როგორ მიყვარს მათი ერთი სიმღერა „სენ გელმეზ ოლდუ“. ვეკითხები მეორეს, ქართულად მეტყველება რომ უჭირს, ქართული რატომ არ ისწავლეთ-მეთქი. მპირდება, ახლა ვისწავლიო.

დღე მთავრდება და უკან ვბრუნდებით. ორივე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ჩვენთან ერთად მგზავრობს. მეორე, რომელიც უკვე აზერბაიჯანულად მელაპარაკება, მთავაზობს, ასეთ კარგ გოგოს ჩვენს სოფელში საქმრო არ გინდა მოგიძებნოო? ღიმილით ვპასუხობ, საქმროს ყველა ქალი თავად უნდა ეძებდეს-მეთქი. მძღოლი სამარშრუტო ტაქსის აჩერებს. აზერბაიჯანელები გვტოვებენ, ფანჯრის იქიდან ორივე გულითადად მემშვიდობება. სახეებზე სითბო აქვთ გამოხატული, რაც მაბედნიერებს. ელვინს წარმატებას ვუსურვებ: მომავალ წელს ის უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ბოლოს მეც გულითადად ვემშვიდობები ორივეს...

XS
SM
MD
LG