Accessibility links

logo-print

2016 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. მრგვალ თარიღთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადგომით, გამოაცხადა კონკურსი სამხედრო მარშებზე სასულე ორკესტრისათვის. ამასთან, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და, საბოლოო ჯამში, გამოავლენს სამ გამარჯვებულ ნაწარმოებს, რომლებსაც დამოუკიდებლობის დღეს შეასრულებს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. საინტერესოა, რა ფუნქცია აქვს სამხედრო მარშს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და რატომ არ სწყალობდნენ ქართველი კომპოზიტორები ამ ჟანრის მუსიკას.

საქართველოს, მდიდარი სამხედრო და მუსიკალური წარსულის მიუხედავად, თანამედროვე ეროვნული სამხედრო მარში, ფაქტობრივად, არ გააჩნია. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი ან უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს ასრულებს, ანდა საბჭოთა კავშირის დროს - დაახლოებით, ნახევარი საუკუნის წინ - კომპოზიტორ ბორის ბოხუას მიერ შექმნილი მარშით გადის ფონს.

როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, არსებობს რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველი ავტორების მიერ დაწერილი თითო-ოროლა მარში, რომლებიც ვერანაირად ვერ პასუხობენ ვერც დამოუკიდებელი საქართველოს და ვერც მისი შეიარაღებული ძალების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

„მარში არის ყველა სამხედრო დათვალიერების შემადგენელი ნაწილი. სააღლუმო მოედანზე, ანუ ე.წ. პლაცზე, დანაყოფის გადაადგილება ხდება მარშის თანხლებით. არის აღლუმები, არის ჯარის ჩვენება და ყველა ამ ღონისძიებას თან ახლავს მარში. საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლის ველზეც კი უნდა უკრავდნენ მარშს. ზოგადად, მარში ისეთი მუსიკაა, რომელიც სამხედრო მოსამსახურის გულსა და სულში მუდმივად უნდა ჟღერდეს - ესაა მთავარი“, უთხრა ვახტანგ კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

სწორედ ასეთი მუსიკის შექმნაზე გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ ორეტაპიანი კონკურსი, რომლის სამი გამარჯვებული ათი, შვიდი და ხუთი ათასი ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, სასულე ორკესტრისათვის დაწერილი მარშის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წუთს. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის კახა ცაბაძის თქმით, ახალი ქართული სამხედრო მარში გაჟღენთილი უნდა იყოს ქართული სულითა და ხასიათით, რაც თვალსაჩინოდაა გადმოცემული ქართულ ფოლკლორში:

„ჩვენი ფოლკლორი ძალიან მდიდარია ორი მიმართულებით - სუფრული და საბრძოლო მუსიკით. ქართველი კაცის ცხოვრების წესი ასეთი იყო: ან იყო შინ, მეგობრებთან ერთად, ან იბრძოდა, როცა მტერი არ ასვენებდა“.

სამხედროები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო სიმღერა მეომრებს მეტი სიმხნევითა და თავდადებით ავსებს. ამ თემაზე საუბრისას ქართველი ისტორიკოსები იხსენებენ კრწანისის ბრძოლასა და მოლექსე-საზანდარ მაჩაბელს - „წარჩინებულს მესაკრავეთაგან მეფისათა, მუსიკოსსა და კომედიანტს“. დავით მაჩაბელი, თბილისის სახიობის თეატრის ხელმძღვანელი, მთელ დასთან ერთად მხიარული „შადიანით“ ამხნევებდა თანამებრძოლებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი იშველიებს ჩინელი მხედართმთავრისა და სამხედრო თეორეტიკოსის სუნ-ძის სიტყვებს, ნებისმერი ბრძოლის ბედი გადაწვეტილია მანამდე, ვიდრე ის დაიწყებაო. შესაბამისად, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბრძოლის დაგეგმვას, ასევე მებრძოლთა სულისკვეთებას და მოტივაციას:

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

„დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე საქართველოს სულისკვეთების გამომხატველი ქართული მარში. შესაბამისად, წელს სრულდება ჩვენი სახელმწიფოს 25 წლისთავი და რელევანტურია გამოვაცხადოთ კონკურსი, მოვიწვიოთ შემოქმედებითი საზოგადოება და დაგვიწერონ ისეთი მარში, რომელიც კარგად გამოხატავს ჩვენს საბრძოლო სულისკვეთებას და ხელს შეუწყობს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აღიმაღლონ საკუთარი მოტივაცია“.

სამხედრო მარშს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ენერგიული მკაფიო რიტმი და ნაბიჯთან შეწყობილი ტაქტი, თუნდაც ისეთი, როგორიც აქვს ამერიკულ სამხედრო მარშ „ოუპენინგს“, რომელიც 15 თებერვალს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა.

უნდა ითქვას, რომ 2016 წელს 25 წელი უსრულდება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ ასევე მის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო ორკესტრს, რომელიც ამჟამად 70-ზე მეტ მუსიკოსს აერთიანებს. ორკესტრი მონაწილეობს სამინისტროს ყველა ღონისძიებაში, რიტუალურ უზრუნველყოფაში, მინისტრისა და ქვეყნის პირველი პირების ოფიციალურ შეხვედრებში. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი ორკესტრი გვევლინება ერთგვარ სამხედრო ფილარმონიად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებისათვის. ყველა მოსამსახურეს არ აქვს საშუალება ეწვიოს ოპერას ან მოისმინოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი კი ამას აკეთებს დემოკრატიული ფორმით. შემთხვევით არაა, რომ მისი რეპერტუარი შედგება 300-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებისგან, რომელთა შორისაა, მაგალითად, დევიდ ბრუბეკის „თურქული რონდო“.

თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადგომით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები 23 თებერვლიდან 29 აპრილამდე მიიღება. პირველ ეტაპზე გამოვლინდება ხუთი საუკეთესო ნაწარმოები, რომელთაგან, საბოლოოდ, სამი შეირჩევა. თუმცა ახალი, თანამედროვე სამხედრო მარშების შექმნის გარდა, თავდაცვის სამინისტროს ასევე სთავაზობენ დაინტერესდეს ლამის ერთი საუკუნის წინ დაწერილი სამხედრო მარშებით. კომპოზიტორისა და მუსიკის ისტორიის მკვლევრის ლევან მიზანდარის თქმით, 1917 წელს თბილისში შეიქმნა დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი, რომელსაც ვალერიან მიზანდარი ხელმძღვანელობდა და რომელსაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა სახალხო გვარდიის ორკესტრი. 1919-1920 წლებში კი, როგორც ლევან მიზანდარი ამბობს, გამოცხადდა კონკურსი გვარდიისთვის მუდმივმოქმედი მარშების შესაქმნელად:

„კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და არაქართველმა კომპოზიტორებმა. არსებობს კონკურსის ჟიურის მიერ შემუშავებული პირობები, რომელშიც წერია, ვის რამდენი ჰონორარი უნდა მიეღო და ა.შ. ამ დროს, და 20-იან წლებში შექმნილი მარშების პარტიტურები, რომლებიც სრულდებოდა დიდი წარმატებით, ახლა ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ეს მასალა არის სრულიად შეუსწავლელი. შესწავლა გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ ხელნაწერების თანამედროვე მატარებლებზე გადატანა, გადაბეჭდვა. შემდეგ უნდა დაურიგდეს ორკესტრს და შესრულდეს“.

ლევან მიზანდარის თქმით, სულ ლაპარაკია, დაახლოებით, 20 სამხედრო მარშზე, რაც მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მემკვიდრეობისა, წლების განმავლობაში რომ გაიბნა და დაიკარგა. გადარჩენილი ნაწარმოებებიც მხოლოდ 2010 წელს იქნა აღმოჩენილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ყუთს, რომელშიც პარტიტურები ეწყო, გაკეთებული ჰქონდა წარწერა: „მიზანდარი“. ლევან მიზანდარი იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები და ქვეყნის ერთადერთი სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი დაინტერესდებიან ასი წლის წინ შექმნილი მარშებით და ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ მათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG