Accessibility links

9 მარტს თბილისმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, უმასპინძლა მრგვალ მაგიდას - „გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები: სამართლიანობის აღდგენა, რევანშიზმისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის არდაშვება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, პოლიტიკური ამნისტიის მიღების მიზანშეწონილობა და სასამართლო სისტემის შეცდომების გამოსწორების მექანიზმის შექმნა.

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა თითქმის ყველა ის მოდელი, რომლებიც გარდამავალი სამართლის სისტემის ქვეყნებმა გაიარეს ამნისტიის კანონმდებლობის შედგენის დროს, თუმცა როგორც მიწვეულმა ექსპერტმა, ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა იურიდიულ, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგმა განაცხადა, საერთაშორისო გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში საჭირო იქნება ორიგინალური გამოსავლის მოძებნა:
თომას ჰამარბერგი

თომას ჰამარბერგი


”იოლი არ არის ასეთი კანონპროექტის შემუშავება, რადგანაც: ერთი მხრივ, ხალხს ესაჭიროება ჩივილის უფლება და, მეორე მხრივ, მათ, ვისაც უჩივიან, ასევე უნდა ჰქონდეთ თავდაცვის საშუალება შესაბამისი პროცედურებით. საჭიროდ ვთვლი დისკუსიის გაგრძელებას იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თანმიმდევრულად, რათა გვქონდეს შესაფერისი პროცედურები. და ასევე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება”.

საქართველოს ხელისუფლებაში არც მალავენ, რომ საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებიათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მტკიცებით, ჯერ არსებობს მხოლოდ მტკიცე პოლიტიკური ნება იმისა, რომ მიიღონ ამნისტიის კანონი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი ამბობს, კანონის შემუშავებისას გასათვალისწინებელი იქნება ამნისტიის ხასიათი.

„როდესაც ასეთი ტიპის ამნისტია ცხადდება, ყოველთვის არის განცდა, რომ ის ელიტისტურია, რადგანაც ეხება სახელმწიფო მოხელეებს, მაშინ როცა იმავე დანაშაულისთვის, მაგალითად, კორუფციის ან ბიუჯეტიდან ფულის მოპარვისთვის ამნისტირებული იყოს დანაშაული, მაგრამ ჩვეულებრივი ქურდობის შემთხვევა - არა. ეს აჩენს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში უთანასწორობის განცდას“, – უთხრა თინათინ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

გარდამავალ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებამ გაუძლოს საზოგადოებრივი აზრის ზეწოლას და სამართლიანობის აღდგენა არ გადაიზარდოს რევანშში. ამგვარი გამოწვევის შესახებ რადიო თავისუფლებას მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ელაპარაკა:
არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი


„მართლმსაჯულება არის დროში გაწერილი ჯეროვანი პროცედურებით გაწერილი პროცესი. ანგარიშსწორება არის გორდიასის კვანძის ხმლით გადაჭრა. ჩვენ, ხელისუფლება, ვდგავართ იმ ცდუნების წინაშე, რომელიც დიდი საზოგადოებრივი დაკვეთის გამო მოთხოვნაა ხმლით გორდიასის კვანძის გადაჭრისა და ვამბობთ და ვცდილობთ, რომ ჯეროვანი პროცედურებით განვახორციელოთ მართლმსაჯულება და არ იყოს ის შერჩევითი და საზოგადოებას მოვუწოდოთ, სიმშვიდით შეხვდეს ამას. აი, ეს არის ძირითადი გამოწვევა“.

რევანშის საშიშროებაზე ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. კონფერენციის მსვლელობისას დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა შემდეგი შეკითხვა დასვა:

„როგორ ავარიდოთ თავი, რომ 90-იანი წლების დაუსჯელობით ხელმომთბარი ადამიანები დღეს რევანშს არ ახორციელებდნენ იმათზე, ვინც მათ პირადად არ მოსწონთ და ამ სამართლიანობის მიღმა იმალებოდეს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რევანშის სურვილი?“

რაც შეეხება სასამართლოების მიერ ე.წ. უკანონო გადაწყვეტილებების გადახედვის მექანიზმს, როგორც დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, საპარლამენტო უმცირესობა წინააღმდეგია მართლმსაჯულების მოქმედი სისტემის მიღმა რაიმე ახალი ორგანოს შექმნისა.

„არ უნდა შევქმნათ პოლიტიკური სასამართლო მართლმსაჯულების ორგანოების საწინააღმდეგოდ. უცხოელმა ექსპერტებმაც ნათლად გვითხრეს, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს ბერკეტები, რათა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეების მიმართ განახორციელოს დისციპლინური დევნა და ა.შ. ბუნებრივია, მისაღებია ის ფორმატი, თუკი იუსტიციის საბჭოს გაფართოების შემთხვევაში მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები და ასეთი საბჭო გადახედავს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის სამართლიანობაში ეჭვია შეტანილი“, – უთხრა ლევან ბეჟაშვილმა რადიო თავისუფლებას.
გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების უმთავრესი მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლთა კატეგორიას წარმოადგენდნენ, ჰქონდეთ განცდა, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის და რომ მთელ საზოგადოებას ანაღვლებს ის, რაც მათ დაემართათ...


ოპონენტების პასუხად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების წინაშე არსებული ეს უმთავრესი გამოწვევა, გადაწყვეტილების მიღებამდე, დეტალურ ანალიზსა და განხილვას საჭიროებს:

„მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამ ორგანოს შემადგენლობა: ვისგან და როგორ კომპლექტდება, როგორი იქნება მისი სტატუსი, რას გნიხილავს, რა პერიოდიდან დაიწყებს განხილვას. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უსამართლობა მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. ყველა ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რათა საზოგადოების მოლოდინი იყოს რეალური, არ შევუქმნათ მას ყალბი ილუზია“.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, საქართველოს მართლმსაჯულებას დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ვენეციის კომისიის, ასევე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ექსპერტთა რეკომენდაციები. 9 მარტს გამართულ კონფერენციას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტმა და „ჰუმან რაიტს უოჩის“ დამფუძნებელმა არიე ნეიერმა:

”გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების უმთავრესი მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლთა კატეგორიას წარმოადგენდნენ, ჰქონდეთ განცდა, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის და რომ მთელ საზოგადოებას ანაღვლებს ის, რაც მათ დაემართათ... ეს არის სამართლიანობის აღდგენის გზა, თუკი იყო მისდამი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები წარსულში”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG