Accessibility links

logo-print

18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. ამ ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს და ის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. როგორი უნდა იყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა და რა უნარებს უნდა ფლობდნენ ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არიან ჩართულები?

პირობა ასეთია: პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები - ადამიანები, რომლების არასრულწლოვანთა საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, გადამზადებას გაივლიან. საქმის წარმოებისას მათი ამოსავალი წერტილი ბავშვი იქნება და არა დანაშაული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და საერთაშორისო ექსპერტების, სფეროს სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით მომზადდა. მასზე მუშაობა ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე არის ის ერთ-ერთი პროფესიონალი, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის შექმნაში ევროკავშირის ეგიდით მონაწილეობდა. მას წლების მანძილზე უწევდა არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა და, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კარგად ახსოვს ის მძიმე წუთები, როდესაც ბავშვების საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. როგორც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო დიდი ხანია ვალდებულია შეასრულოს კონვენციის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესზე აგებულ სამართალწარმოებას უზრუნველყოფს. როგორც ნინო გვენეტაძე ამბობს, საქართველო, ამ მხრივ, წლების მანძილზე ჩამორჩებოდა პროცესებს და ხშირად ქვეყანაში არსებული რეპრესიული კანონმდებლობა გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებდა არასრულწლოვანთა ცხოვრებაში:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც არასრულწლოვანს ეხება, მის ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ პროცედურებს ეხება. აქ არის გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიმატი...

„მაშინ, იმ კანონმდებლობის პირობებში, ძალიან რთული იყო, რომ სწორი ორიენტაციებით და სწორი პრინციპებით განხორციელებულიყო მართლმსაჯულება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მოსამართლე - არა მარტო მე, არამედ სხვა - რაც შეიძლება სამართლიანი და ჰუმანური მიდგომით იყო ბავშვის მიმართ. თუმცა გვქონდა სხვა გამონაკლისებიც, რომლებიც, ალბათ, ძალიან ცუდად გასახსენებელია და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა მართლმსაჯულება“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვანთა საქმეებს სწორედ სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები წარმართავენ. ამგვარ ქმედებას სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს:

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც არასრულწლოვანს ეხება, მის ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ პროცედურებს ეხება. აქ არის გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიმატი. გათვალისწინებულია ის, რომ მოსამართლე იქნება, გამომძიებელი თუ პროკურორი, რომელსაც შეხება აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან, იყოს სპეციალიზებული არასრულწლოვნის საქმეებში“.

საუბარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებსა და სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაზე საქართველოში უკვე წლებია მიმდინარეობს. როგორც სისხლის სამართლის ექსპერტები, ისე ფსიქოლოგები მიიჩნევდნენ და კვლავაც მიიჩნევენ, რომ, თუკი დანაშაულის ფორმა ამის შესაძლებლობას იძლევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასრულწლოვანი პენიტენციარულ სისტემაში არ მოხვდეს. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა 2010 წელს არასრულწლოვანთა სასჯელისგან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს. თუმცა მხოლოდ ეს პროგრამა არ აღმოჩნდა საკმარისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 2012 წლის შემოდგომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელიც იუწყებოდა, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებებში უკანასკნელი წლების განმავლობაში მსჯავრდებულებს აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ორგანიზაციის ფსიქოლოგი მაია ცირამუა მაშინ ჰყვებოდა იმ უმძიმეს ამბებს, რომელთაც პატიმარ არასრულწლოვანთაგან ისმენდა.

როგორ ხდება ბავშვის ფსიქოსოციალური განვითარება, რა ფაქტორები განსაზღვრავს მოზარდობის ასაკში დანაშაულის ჩადენას. ისინი იღებენ ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რა გავლენას ახდენს მოზარდზე პენიტენციარულ სისტემაში გატარებული წლები...

დღეს მაია ცირამუა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი და ტრენერია. ის არის ერთი იმათგანი, ვინც ბავშვთა მართლმსაჯულებაში ჩართულ ადამიანებს ახალი კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად გადაამზადებს. როგორც ფსიქოლოგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, მოზარდობაში ჩადენილი დანაშაული არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი აუცილებლად დამნაშავედ ჩამოყალიბდება. სწორედ ამიტომ, მაია ცირამუას მიაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგად გააზრებული პრევენციული და ინტერვენციული პროგრამები. მისივე სიტყვებით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩართულმა ადამიანებმა კარგად უნდა იცოდნენ მოზარდობის ასაკის თავისებურებები. სწორედ ამ ასპექტებზე ამახვილებენ ტრენერები პოლიციელების, გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების ყურადღებას.

„როგორ ხდება ბავშვის ფსიქოსოციალური განვითარება, რა ფაქტორები განსაზღვრავს მოზარდობის ასაკში დანაშაულის ჩადენას. ისინი იღებენ ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რა გავლენას ახდენს მოზარდზე პენიტენციარულ სისტემაში გატარებული წლები, რომ ეს, პირიქით, ზრდის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ალბათობას, ვიდრე ამცირებს“, - ამბობს მაია ცირამუა.

ის ასევე ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ქვეყანა მიიღებს უფრო ლოიალურ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამის იმედს მაია ცირამუას თავად იმ ადამიანების რეაქციები და ემოციები აძლევს, რომლებიც ტრენინგში არიან ჩართულნი. მას ერთი კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:

„ეს იყო იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წავიდა ტრადიციულად, მაგრამ როდესაც ჩვენ მათ ვაჩვენეთ ევროპული მოდელი, სადაც ადვოკატი, მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი და ყველა არის ბავშვის მხარეს, ეს მათთვის მართლაც აღმოჩენა იყო. როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვეკითხებოდით, რა არის მთავარი, კანონი თუ ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, ისინი გვპასუხობდნენ, რა თქმა უნდა, კანონიო. მაგრამ როდესაც მათ ახლა უკვე სხვა რაკურსით შეხედეს პროცესს, უკვე ჩათვალეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისევ ბავშვის მომავლისთვის, ისევ საზოგადოებისთვის, რომ მიღებული იქნეს ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები“.

შეგახსნენებთ: საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს მიუერთდა და მას შემდეგ აიღო ვალდებულება მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სისტემა მიუსადაგოს კონვენციაში ასახულ პრინციპებსა და ნორმებს. კონვენციის 37-ე და მე-40 მუხლები ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და აწესებს წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG