Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის მოწმობა ქულებით - ცვლილება საგზაო უსაფრთხოებისათვის


თბილისის ერთ-ერთი ქუჩა
თბილისის ერთ-ერთი ქუჩა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება. პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას დაუბრუნდა. 20 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რაც 21 თებერვალსაც გაგრძელდება. რას გულისხმობს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და რა მიზანს ემსახურება ის?

გადმოწერა

„საქართველოში არიან მძღოლები, რომლებიც წელიწადში ჯარიმის სახით 7-დან 10 ლარამდე იხდიან“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მთავრობის ინიციატივისა შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გულისხმობს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს შალვა ხუციშვილმა წარადგინა და ის ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის შემოღებას. ანუ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, კანონპროექტის თანახმად, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს ე. წ. 100-ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან კონკრეტული რაოდენობის ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების განულებას მართვის უფლების შეწყვეტა მოჰყვება და მძღოლი იძულებული იქნება გამოცდა მართვის უფლების მისანიჭებლად ხელახლა ჩააბაროს უფლების შეწყვეტიდან არა უადრეს ორი თვისა. კანონპროექტის თანახმად, მძღოლს ქულათა მოსალოდნელი განულების შემთხვევაში წინასწარ ეცნობება მაშინ, როდესაც მის მართვის მოწმობაზე მხოლოდ 20 ქულაღა იქნება დარჩენილი. შალვა ხუციშვილი 100-ქულიანი მართვის მოწმობის შემოღების მიზანზე ლაპარაკობს:

„ყველა მძღოლმა გააცნობიეროს თითოეული დარღვევის მნიშვნელობა და რეალურად მიხვდეს, რომ ამ ჯარიმას მხოლოდ ფულადი განზომილება არ აქვს და არ ღირს კონკრეტული თანხა, არამედ მისი თითოეული დარღვევა არის დამოკიდებულება იმ წესებთან, იმ მართვის მოწმობასთან, რაც მას სახელმწიფომ მისცა გარკვეული ცოდნის საფუძველზე“.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მართვის მოწმობას ქულები არ ჩამოაკლდება ვიდეოჯარიმების მიღების შემთხვევაში. ამ საკითხით დაინტერესდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი:

„მეტი სიცხადისთვის, ვიდეოჯარიმები არ იმოქმედებს ქულების შემცირებაზეო, ეს ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში რამდენი ვიდეოჯარიმაც არ უნდა დაფიქსირდეს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის ან სხვა სახის დარღვევისთვის, გამოდის, რომ ეს სისტემა ამ ყველაფერს არ მიესადაგება“.

დეპუტატის შეკითხვაზე შალვა ხუციშვილმა განმარტა:

„თქვენ თუ ერთხელ ან ორჯერ დაარღვევთ წესებს, მოგივათ მხოლოდ ფულადი ჯარიმა და ქულა არ ჩამოგეჭრებათ, მაგრამ ჩვენ ვნერგავთ სპეციალურ პროგრამას, რომელსაც სხვადასხვა ანალიტიკური შესაძლებლობები აქვს და თუ თქვენ ვიდეომ, პირობითად, თვის განმავლობაში 20-ჯერ დაგაფიქსირათ, რომ დაარღვიეთ საგზაო უსაფრთხოების წესები და აღმოჩნდით ხშირად დამრღვევთა სიაში, მაშინ თქვენ სამანქანო ნომერს გადავცემთ საპატრულო პოლიციას, გაგაჩერებთ პირველივე პოლიციელი და გეტყვით, რომ არღვევთ წესებს. ანუ იქნება უფრო მეტი კონტროლი და ვეცდებით, რომ საპატრულო პოლიციამ დაგაჯარიმოთ და ქულებიც მოგივიდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ვიდეოჯარიმები უკონტროლო იქნება“.

100 ქულის განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევა და ხელახალი გამოცდის ჩაბარება თუ მოწმობის მოქმედების გარკვეული ვადით შეჩერება - ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა. ამ დილემაზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც:

„იქნებ შეჩერებაზე გვეფიქრა და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევაზე. მაგრამ არ ვიცი, კარგად უნდა დავფიქრდეთ და მოვისმინოთ არგუმენტები, რომელი უფრო შეესაბამება პრევენციას, რისთვისაც ეს ცვლილებები შემოდის. მთავარი ხომ ის არის, რომ ეს გახშირებული ავტოავარიის შემთხვევები, რომლის გამოც 2016 წელს საქართველოში 600-მდე ადამიანი დაიღუპა, შევამციროთ. ეს ტრაგიკული რაოდენობაა“.

გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ავტოავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკაზე და ამბობს, რომ, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს დაშავებულთა რიცხვმა 700 ადამიანით მოიმატა და ის 10 000-ს მიუახლოვდა. გაზრდილია დაღუპულთა რიცხვიც. 15 %-ითაა გაზრდილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ისევე როგორც გაზრდილია სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი. გელა კვაშილავას თქმით, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ საგზაო უსაფრთხოების თვ ალსაზრისით არსებული დარღვევების პრევენციისა და ადმინისტრირების კუთხით ქვეყანას ჩავარდნა აქვს, რისი აღმოფხვრაც კანონმდებლობის დახვეწის გარეშე შეუძლებელია: „განსაკუთრებით იზრდება სიჩქარის გადაჭარბების, ნასვამობის ფაქტები. წელიწადში 35 ათასამდე ფაქტი ფიქსირდება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისა, სიჩქარის გადაჭარბების კი წელიწადში 200 ათასი და სადღაც მესამედი დარღვევებისა ფიქსირდება ერთი და იგივე მძღოლების მიერ“.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობა, რომელიც ქულათა სისტემაზეა მიბმული, ევროკავშირის 22 ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. გელა კვაშილავას თქმით, გამოკვლევა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩაატარა, მეტყველებს იმაზე, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტიპის მართვის მოწმობები მოქმედებს, ისეთ საშიშ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და სხვა, ქულათა სისტემა განსაკუთრებით ეფექტურად აისახა, რადგან მძღოლებს, გარდა ფულადი ჯარიმისა, ექმნებათ დამატებითი ბარიერი, რაც მართვის მოწმობის ხელახლა აღებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG