Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათასლარიან დახმარებას მიიღებს, ყოველთვიურად კი ოჯახს 1000-ლარიანი შემწეობა დაენიშნება - ამის შესახებ 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორ მუშაობდნენ შარშანდელი სტიქიის დროს მაშველები, რას იხსენებენ ისინი ერთი წლისთავზე და როგორ ახსოვს მათი გამოჩენა სტიქიის ზონაში მყოფ მოსახლეობას? შეიძლებოდა თუ არა მაშველების დროულად გაფრთხილება და მსხვერპლის შემცირება და რამდენად არის დაცული დღეს მდინარე ვერეს ხეობა წინასწარი გაფრთხილების სისტემებით?

მაშველი შალვა გათენდაშვილი სამაშველო სამსახურში 2006 წლიდან მუშაობს, მაგრამ იმასთან, რაც მან და მისმა კოლეგებმა 2015 წლის 13 ივნისის ღამით ნახეს, ახლოსაც ვერ მივა ბოლო წლებში სოფელ დიღომში მომხდარი წყალდიდობა, როცა წყალმა ხიდი წაიღო, ან თბილისში, ჟვანიას მოედანზე, წყლის დიდი მილის გახეთქვის ამბავი. მე კი არა, მსგავსი რამ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩემს კოლეგებსაც არ ახსოვთო, გვითხრა შალვამ:

„მართლა ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მე წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე მომიწია ყოფნა ჩემს განყოფილებასთან ერთად და რაც მე იქ ვნახე, მთელი მთა მოწყვეტილი - არ მენახა ნამდვილად. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, თან ხომ ღამე იყო, არაფერი ჩანდა, რაც შევძელით ფანრებით, ყველა ძალით ყველაფერი გავაკეთეთ. არ მინდოდა ბიჭები დაბნეულიყვნენ და ვცდილობდი მეც არ დამტყობოდა დაძაბულობა. მაგ დღეს იმხელა გამოცდილება მივიღეთ, რომ ახლა ყველაფრისთვის მზად ვართ. რა უნდა მოხდეს, რომ ვერ გავუმკლავდეთ, ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ“.

რომ უნდა ეწვიმა, იცოდნენ. ამიტომ, როგორც შალვა გათენდაშვილი იხსენებს, იმ ღამით საგანგებო სიტუაციათა მთელი სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე იყვნენ ისინიც, ვისაც იმ დღეს მუშაობა არ ეკუთვნოდა, თუმცა წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლა ვერავინ იწინასწარმეტყველა. შალვას თქმით, მაშველებიდან თავი არც ერთს არ დაუზოგავს და გულსატკენია, როცა მათი მისამართით საყვედური ისმის. ამბობს, რომ რაწამს პირველი შეტყობინებები შევიდა, ბრიგადები სტიქიის ადგილებზე გავიდნენ:

სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა

სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა

„რამდენი ზარიც შემოვიდა და შეგვატყობინეს, ყველაფერს მოჰყვა ჩვენი რეაგირება. არა მხოლოდ ასეთ ფაქტებზე, გზად რაც კი გვხვდებოდა და ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ყველას ვეხმარებოდით, არავინ დაგვიტოვებია მართლა უყურადღებოდ, ვერავინ იტყვის ამას, ვერავინ, რომ ვინმეს ყურადღება დავაკელით. რაც ოფიციალურადაა ცნობილი, 450 ადამიანი გადავარჩინეთ და კიდევ ვინ იცის რამდენის სახელი არც გვიკითხავს და ისე ვუშველეთ. სადაც მანქანით ვერ მივდიოდით, ფეხით და ცურვით მივაღწიეთ - ესაა ჩვენი საქმე და ვინც რა უნდა თქვას, ამას, ადამიანების შველის სურვილს, ვერავინ წაგვართმევს“.

ვერეს ხეობაში მცხოვრებ თამუნა შარაშენიძეს ბუნდოვნად ახსოვს, რა ხდებოდა იმ ღამით. იხსენებს მეუღლის ნათქვამს, რომ ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა და ამასობაში მაშველებიც მოვიდნენო. თამუნას ოჯახმა წამებით გამოასწრო მოვარდნილ წყალს. ამბობს, კიდევ ცოტა ხანს რომ დავრჩენილიყავით ადგილზე, მაშველებიც ვერ გადაგვარჩენდნენო:

„გახსოვთ ის სახლი კადრებიდან, რომელიც მიცურავს წყალში? ეგ სახლი ჩვენი იყო. ვერავინ გვიშველიდა, იქ რომ კიდევ ერთი წუთით დავრჩენილიყავით. ბეწვზე გავასწარით. თუმცა მაშველები არ დაგვჭირვებია, ჩემმა მეუღლემ გვიშველა“.

სამაგიეროდ, თითქმის ყველა მაშველის სახელი ახსოვს გულნაზ ქარდავას. მაშველების ხუთკაციანმა ბრიგადამ მათი ოჯახის ყველა წევრი და ძაღლიც კი გაიყვანა სამშვიდობოს. ამბობს, რომ მათ სახლამდე მისვლა წარმოუდგენელი იყო. გამუდმებით რეკავდნენ 112-ში, ნათესავებთან და ითხოვდნენ სამაშველო ვერტმფრენს. მაშველები მათთან სწორედ იმ დროს მივიდნენ, როდესაც სახლის მეორე სართულზეც წყალი შევარდა და ოჯახის წევრებს ლამის მხრებამდე მისწვდა:

„მახსოვს ირაკლი მაისურაძე, თორნიკე ხუციშვილი, სანდრო არეშიძე... წყალში მუშაობდნენ, წყალში კი არა, ლაფში მოცურავდნენ. თოკებით გაგვიყვანეს ყველანი და ჩვენი ძაღლიც გადაარჩინეს. ვეკითხებოდი, ხომ კარგად ცურავ-მეთქი, მაინც გვეშინოდა“...

ნათია არჩაიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ერთადერთი იყო 13 ივნისის სტიქიის ღამით, რომელიც დაასვენეს. ვერეს ხეობაში, ზუსტად გვირაბის ქვეშ მდებარე სასწრაფო დახმარების ვაკის ფილიალის ექიმები თავად გახდნენ საშველები. ნათია იხსენებს, როგორ წალეკა მოვარდნილმა წყალმა ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის, მათი სასწრაფო დახმარების მანქანაც:

ვერეს ხეობაში ჩვენ მერიასთან ერთად უკვე მოვაწყვეთ ექვსი ნალექმზომი მეტეოსადგური - მდინარის სათავიდან ქალაქამდე მონაკვეთში. ასევე გვაქვს უკვე დონის მზომები მდინარეში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრეული შეტყობინებების სისტემის მოწყობა ისეთ მეწყრულ სხეულზე, როგორიცაა კლდეზვავური ტიპის მეწყერი, რომელიც წამიერად წყდება...

„რაღაც მომენტში ვხედავდი, როგორ მოცურავდა სახლი და შიგნით ადამიანი შველას ითხოვდა, ტელეფონის ფანრით ანათებდა. საშინელება იყო, რომ ვერაფრით ვშველოდით, აღარც მანქანა გვყავდა, აღარც ინვენტარი“.

დაზარალებულების ერთი ნაწილი მაშინვე აცხადებდა, რომ სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად არ გამოჩნდა, რომ გზა არ გადაკეტილა. -ელოდნენ თუ არა ასეთი მასშტაბის სტიქიას და იყვნენ თუ არა მომზადებულები შესაბამისი სამსახურები? რადიო თავისუფლებამ ეს შეკითხვა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს მერაბ გაფრინდაშვილსაც დაუსვა. მან გვითხრა, რომ იმ დღეს ერთდროულად ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს - მეწყრები, ღვარცოფები, კლდეზვავები, ნაპირების გარეცხვა, სიღრმითი ეროზია, დატბორვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, სეტყვა, უხვი ატმოსფერული ნალექი, რაც ათას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. თუმცა მერაბ გაფრინდაშვილი იმასაც ამბობს, რომ მაშინ არ არსებობდა ადრეული შეტყობინებების სისტემები, რომელიც საკმაოდ ძვირია და ერთ უბანზე ამ სისტემის მოწყობა მილიონ ლარზე მეტი ჯდება:

„ვერეს ხეობაში ჩვენ მერიასთან ერთად უკვე მოვაწყვეთ ექვსი ნალექმზომი მეტეოსადგური - მდინარის სათავიდან ქალაქამდე მონაკვეთში. ასევე გვაქვს უკვე დონის მზომები მდინარეში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრეული შეტყობინებების სისტემის მოწყობა ისეთ მეწყრულ სხეულზე, როგორიცაა კლდეზვავური ტიპის მეწყერი, რომელიც წამიერად წყდება, არაეფექტიანია, ვერ იმუშავებს და ამას მხოლოდ ჩვენ კი არ ვამბობთ, წამყვანი ქვეყნების სპეციალისტებიც იგივეს ამბობენ“.

2015 წლის ტრაგიკული 13 ივნისის ერთი წლისთავზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათასლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ, ყოველთვიურად, - 1000-ლარიან შემწეობას. გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შარშან ამ დღეს დაღუპული მაშველიც, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის ღამით 8 ადამიანი გადაარჩინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG