Accessibility links

logo-print
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გორის მე-9 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის, ია ბჟალავას, სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ბჟალავა სკოლის დირექტორს, ელენე ხაჩიძეს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. მისი მეუღლე, თამაზ მაყაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. სერტიფიცირებულ პედაგოგთან სკოლის დირექტორმა ხელშეკრულება ისე შეწყვიტა, რომ მისთვის მიზეზი არ აუხსნია. 4 შვილის დედა საკუთარი უფლებებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში იბრძოდა.

ეს საქმე რეზონანსული გახდა და გორის ფარგლებს გასცდა, რადგან მასწავლებელი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა და აცხადებდა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა მორალის საკითხია და არა პოლიტიკის. ბჟალავას სამსახურში აღდგენა უკვე არაერთმა კოლეგამ მიულოცა, სოციალურ ქსელებში კი ამ მილოცვას მისთვის უცხო ადამიანებიც შეუერთდნენ. ბჟალავა ამბობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ია ბჟალავას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. მან გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი წააგო. მოსამართლემ შრომის კანონი მოიშველია, რომლის მიხედვითაც, დირექტორს ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო მასწავლებლის გაშვება. პედაგოგი და მისი ადვოკატები კი მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს განათლების შესახებ კანონმდებლობით ეხელმძღვანელა, რომლის მიხედვით, გათავისუფლების საფუძველი არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკა შეცვალა და განათლების შესახებ კანონმდებლობით დაიწყო ხელმძღვანელობა. ცოტა ხნით ადრე იურისტებმა უზენაეს სასამართლოში გორის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნანული მეტრეველის, მსგავსი საქმე მოიგეს.

ახალგაზრდა იურისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთი პედაგოგის, მანანა არჩუაძის საქმეზე ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ წინა ორ შემთხვევაში სასამართლომ პედაგოგების მოთხოვნა გაცდენილის ანაზღაურების თაობაზეც დააკმაყოფილა. მე-9 საჯარო სკოლის დირექტორს, ელენე ხაჩიძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთთვიანი ვადა აქვს. არც ბჟალავამ და არც მისმა ადვოკატებმა არ იციან დირექტორი რას აპირებას. ხაჩიძე არც ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს პასუხობს. ახალგაზრდა იურისტები კი მიიჩნევენ, რომ პრეცედენტი, რომელიც უზენაესმა და სააპელაციო სასამართლოებმა შექმნეს, მომავალში მასწავლებლების ახსნა-განმარტების და არგუმენტების გარეშე სამსახურიდან დათხოვნის პრაქტიკას დაასრულებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG